საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (15 ივლისი, 2007 წელი)

15 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-15-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 ივლისი, 2007 წელი

„არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს
მსგავსი პატივი, მხოლოდ
საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მოხარული ვართ, რომ დღეს ლოცვა-კურთხევის მისაღებად მოვიდნენ ტექნიკური
უნივერსიტეტის სტუდენტები.

მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი, რა უნდა იყოს ქართული იდეა, ანუ წამყვანი
ძალა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ წილხვედრი ყოვლადწმიდის ღვთსმშობლისა. არც ერთ
სხვა ქვეყანას არა აქვს მსგავსი პატივი, მხოლოდ საქართველო არის წილხვედრი
ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვართ ის ერი, ის
ქვეყანა, სადაც ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ებრაელებმა ჩამოიტანეს ხალენი წმინდა
ილია წინასწარმეტყველისა. იუდეველი ერის ეს უდიდესი სიწმინდე მათ იმჟამად წარმართულ
ქვეყანაში ჩამოიტანეს, ასე იქადაგეს აქ ერთი ღმერთის რწმენა და ჩვენ ვართ ის
ქვეყანა, სადაც იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა!

ყოველივე ამას ჩვენ ვამბობთ იმიტომ კი არა, რომ თავს ვიქებთ, – აი, როგორი მდიდრები
ვართ სულიერი საუნჯითო. არა, ჩვენ ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ყველამ იცოდეს: როცა
უფალი ადამიანს ანიჭებს დიდ მადლს, სულიერი საუნჯეს, – მას დიდ პასუხისმგებლობასაც
აკისრებს. და მე მინდა იფიქროთ ამაზე, ჩვენო სულიერო შვილებო, გრძნობთ თქვენ ამ
პასუხისმგებლობას თუ არა?

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა აკეთოთ პირადად თქვენ. რა უნდა გაუკეთოთ თქვენ
საქართველოს? ჩვენ მუდამ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა უნდა გაგვიკეთოს საქართველომ ან
ხელისუფლებამ, მაგრამ არ ვფიქრობთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსათვის.
თუნდაც გავიხსენოთ წმინდა ნინოს ღვაწლი. წმინდა ნინო სულ ნორჩი, იქნებოდა, 12-13
წლისა და სხვებთან ერთად კაბადოკიიდან წამოვიდა იმისათვის, რომ ექადაგა
სახარება საქართველოში, რადგან შეიტყო, რომ საქართველოში არის კვართი უფლისა. რა
ძალა ჰქონდა მას, რომ გადადგა ასეთი ნაბიჯი! ვინ მისცა ეს ძალა, რომ შორეულ
ქვეყანაში წამოსულიყო? რა თქმა უნდა, ძალა უფალმა მიანიჭა. მაგრამ უფალმა ეს ძალა
იმიტომ მიანიჭა, რომ დიდი იყო მისი რწმენა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი მუდამ ჩვენთანაა, მუდამ ახლოსაა. გავიხსენოთ
წმინდა გიორგის მაგალითი. თქვენ იცით წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, რომ იმპერატორ
დიოკლეტიანეს უყვარდა იგი და მეფის კარზე
მხედართმთავრად დანიშნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სარწმუნოების გამო სასიკვდილოდ
გაიმეტა იგი და საწამებლად მისცა ჯალათებს. როცა წამების შემდეგ სისხლისგან
იცლებოდა წმინდა გიორგი და ასეთ ყოფაში იგი საკანში დააგდეს, ამ დროს მას ესმა ხმა
მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“. მთელი
ისტორიის მანძილზე ეს ხმა ჩაესმის ასევე საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ
მრავალი განსაცდელი გამოუვლია ჩვენს ქვეყანას, იგი არ დაცემულა და მომავალშიც ასე
იქნება. საქართველო მუდამ ფეხზე იდგება და წინ წავა, საქართველო გაბრწყინდება,
იმიტომ რომ მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც ჩვენ გვესმის ხმა უფლისა:
„საქართველო, ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ“. აი, ეს ხმა უნდა გესმოდეთ თქვენ, ჩვენო
ბავშვებო.

თქვენ ემზადებით წმინდა ადგილების მოსალოცად. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენი
სამშობლოს მიწა, სრულიად საქართველო მორწყულია ქართველი ხალხის სისხლით. ამიტომ,
ძალიან დიდი მოკრძალებით უნდა მოეკიდოთ სიწმინდეებს. მახსოვს ჩვენი წინა პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II ამბობდა: ნებისმიერი ადგილიდან მუჭით ქართული მიწა
რომ აიღო და გამოწურო, მას სისხლი გამოუვაო.

ღმერთი იყოს თქვნი მფარველი, ღმერთმა დაგლოცოთ!
მინდა ასევე დავლოცო თქვენი ხელმძღვანელები. ჩემთვის
ძალიან სასიხარულოა, რომ
ტექნიკური უნივერსიტეტის 105 სტუდენტი მიდის სიწმინდეების მოსალოცად და
დასასუფთავებლად. დალოცვილი
და გახარებული გამყოფოთ
და მშვიდობით დაგაბრუნოთ
ღმერთმა.

და აი, ამ შესანიშნავ დღეს,
ჩვენი თანამწირველია ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია
კბილაშვილი. ჩვენ დიდად ვაფასებთ მის შრომას, რომელსაც იგი ჯიხეთმი ეწევა და დღეს
იგი დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრით.

მამა ილიას, რომელიც აქ მოღვაწეობს, დღეს აქვს დაბადების დღე. მას 48 წელი
შეუსრულდა. სიბერისაკენ მიდის მამა ილიაც. ვულოცავთ მას.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. თქვენ დაგირიგდებათ 7-გზის
ლოცვები და ეცადეთ, რომ იკითხოთ ეს ლოცვები.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25,
2007 წ.