საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (14 იანვარი, 2010 წ.)

14 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-14-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

14 იანვარი, 2007 წელი

„შეიძლება იმ დონეს ვერ
მივაღწიოთ, რასაც ჩვენი წინაპრები აღწევდნენ, მაგრამ მათი მიბაძვა აუცილებელია“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ ახალ წელს! ღმერთმა ინებოს, რომ ბედნიერი, მშვიდობიანი და სასიხარულო
ყოფილიყოს იგი თქვენთვის, მთელი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის!

ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“,
ლათინურად ეს ასე ჟღერს: „Tempora mutantur en tus mutamur in illis“. ჩვენც ვიცვლებით,
მაგრამ დავფიქრებულვართ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება და როგორ ვიცვლებით ჩვენ
დროში? საით მივემართებით: სასუფევლისაკენ თუ ჯოჯოხეთისაკენ?! ეს საკითხი მეტად
მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის. ყოველი ადამიანი დგას სულიერ კიბეზე,
რომელიც აღმართულია ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე. ამასთან, ადამიანი ვერ ჩერდება ერთ
ადგილზე; ის ან ეშვება ქვემოთ, ან მოწევს ზემოთ. სიცარიელე ადამიანის გულში
არასდროს არის: მასში ან სიკეთე ან ბოროტებაა დაბუდებული დღეს კიდევ ერთხელ უნდა
ვიფიქროთ ყოველივე ამის შესახებ: ვინ ვართ ჩვენ, რასა ვიქმთ და სად მივდივართ.

ადამიანების ცხოვრების მრავალი მაგალითია ჩვენ წინაშე, ასევე მრავალი წმინდანის
ცხოვრება ვიცით. შეიძლება იმ დონეს ვერ მივაღწიოთ, რასაც ჩვენი წინაპრები აღწევდნენ,
მაგრამ მათი მიბაძვა აუცილებელია.

დღეს არის ხსენება კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა, წმინდა ბასილი დიდისა.
წმინდა ბასილი დიდი წარმოშობით კაბადოკიიდან იყო ისევე, როგორც, წმინდა ნინო,
წმინდა გიორგი და სხვა მრავალი წმინდანი. საოცარია მისი ცხოვრება. მინდა გავიხსენო
ერთი შემთხვევა მისი ცხოვრებიდან. ერთ-ერთი წირვის შემდეგ მან უთხრა თავის
სამღვდელოებას: წავიდეო და ვინახულოთო მოძღვარი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და
მსხურობს. ყველას გაუკვირღა, ხანგრძლივი წირვის შემდეგ, ასეთი დაღლილები რომ
სადღაც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ უსიტყვოდ გაჰყვნენ წმინდანს. ბასილი დიდი თავის მღვდლებთან ერთად
მივიდა ამ მოძღვართან და ეკითხება: „რას საქმიანობ?" მოძღვარმა მიუგო: „ვშრომობთ,
გაჭირვებულებსაც ვეხმარებით, მცირედს ჩვენთვისაც ვიტოვებთო“. „კიდევ რას აკეთებო?“
– ჩაეძია ბასილი დიდი. „მეტს არაფერსო“ – უპასუხა მოძღვარმა. მაშინ ბასილი დიდმა
კარზე მიუთითა და უთხრა: „აი, ის ჩაკეტილი კარი გამიღეო“. მოძღვარს არ უნდოდა მისთვის
კარის გაღება და შეწინააღმდეგება სცადა: „ნუ შეხვალ, მანდ შრომის იარაღების საწყობი
მაქვსო“. ბასილი დიდი არ მოეშვა: „მაინც გამიღე, მინდა ვნახოო“. მოძღვარი იძულებული
გახდა, გაეღო. ბასილი დიდი ოთახში შევიდა და ნახა, რომ იქ კეთროვანი იწვა, რომელსაც
ეს მოძღვარი უვლიდა. მოუბრუნდა მოძღვარს და ჰკითხა: „რატომ გინდოდა, დაგეფარა ეს
საუნჯე ჩემგან?“ მოძღვარმა თავმდაბლად მიუგო: „მეშინოდა, რომ მძიმე ავადმყოფს შენთვის
უხეში სიტყვა არ ეკადრებია“. ბასილი დიდმა მოძღვარს სთხოვა: „შენ ამ ავადმყოფს
დღედაღამ უვლი და მომეცი ნება, რომ ერთი ღამე მაინც მე მოვუაროო“. მოძღვარი
დათანხმდა და წმინდა მამა იმ ავადმყოფთან მარტო დარჩა. მეორე დილას კარი გაიღო და
ბასილი დიდთან
ერთად ოთახიდან სრულიად ჯანსაღი ადამიანი გამოვიდა. აი, ასეთი იყო ბასილი დიდის
ლოცვის შედეგი. მან ერთ ღამეში განკურნა კეთროვანი და ოთახიდან ჯანსაღი
გამოიყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა
და თუ მუდამ ვილოცებთ და ვიმარხულებთ, და რაც მთავარია, თუ გული გვექნება წმინდა, –
უფალი დიდ ძალას მოგვანიჭებს.

აი, ასე სასიკეთოდ უნდა შევიცვალოთ დროსთან ერთად. სიკეთე უნდა ვთესოთ. სიკეთე არ
იკარგება; სიკეთე მუდამ თავის კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ადამიანის ცხოვრება – ეს
არის გამოცდა. ადამიანი ცხოვრობს და თითქმის ყოველდღე ხვდება მას განსაცდელი.
ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც რწმენითა და სიყვარულით ხვდება ამ გამოცდას. ასეთი
ადამიანი მუდამ გამარჯვებულია. ადამიანმა უნდა აკეთოს
სიკეთე, რომელიც აუცილებლად გულიდან უნდა მომდინარეობდეს. იგი უნდა იყოს გულწრფელი,
მომდინარე შინაგანი სულიერი სამყაროდან და არა ვინმეს მოსაჩვენებლად, რათა შეგვაქონ
ადამიანებმა. ეს სიკეთე, უპირველესად, ადამიანის გულში უნდა სუფევდეს. რასაც
ადამიანი ამბობს, იმით უნდა სულდგმულობდეს.

დღეს, როდესაც ჩვენ ახალ წელს ვდღესასწაულობთ, ყველამ უნდა ვიფიქროთ, სად
მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ შევიმეცნოთ სიტყვები უფლისა: „მე ვარ გზა,
ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ღმერთმა ინებოს, რომ ამ გზით ვიაროთ. ეს გზა გადაარჩენს
ყოველ ჩვენგანს და მთელ საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ბედნიერი და მშვადობიანი ყოფილიყოს ეს წელიწადი და მომავალი წლები თქვენთვის და
სრულიად საქართველოსთვის.

დღეს არის განსაკუთრებული დღე და მინდა ეს დღე აღვნიშნო იმით, რომ დავაჯილდოვო
მოძღვარი, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოს ეკლესიაში მოღვაწეობს. ეს არის
სქემარქიმანდრიტი საბა, რომელსაც მე ჯერ კიდევ სოხუმიდან ვიცნობ, ჩემი
ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ყოფნის დროს. მან ბევრი განსაცდელი გამოიარა,
გადასახლებული იყო შუა აზიაში. ღმერთმა მშვიდობით და ჯანმრთელად დააბრუნა იქიდან
და ახლა საქართველოს ეკლესიაში მოღვაწეობს, ჩვენ ვითვალისწინებთ მის დიდ სულიერებას
და დიდ დამსახურებას ეკლესთს წინაშე და დღეს იგი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის
ტარების უფლებით.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №3,
2007 წ.