საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (13 მაისი, 2001 წ.)

13 მაისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-13-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-200

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 13 მაისი, 2001 წ.

ქრისტე აღსდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. მართლაც, დიდია უფალი
და მიუწვდომელი და შეუცნობელია მისი განგება; ადამიანურ გონებას უჭირს უფლის
შემეცნება. არის შემთხვევები, როცა ადამიანი შორდება ღმერთს, მაგრამ იგი ასეთ
დროსაც კი არ ტოვებს მას მარტო. ადამიანში, რომელიც გვირგვინია ღვთის ქმნილებისა,
მარადიულად მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მე არაერთხელ
გამიმეორებია ერთი ცნობილი მეცნიერის სიტვები: „ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა ჩემს
გულზე გაიარაო“. ამგვარი ბზარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის გულშია,
უნდა გამთლიანდეს. ადამიანის გულის გამთლიანება მხოლოდ ღვთის შეწევნითა და მისი
საიდუმლო განგებით შეიძლება მოხდეს. ნებისმიერი პიროვნების გადარჩენის საქმეში ორი
ძალა მონაწილეობს: ღვთის განგებულება და თვით ადამიანის ძალისხმევა, მისი
თავისუფალი ნება. აი, ეს ორი ენერგია უნდა დაუახლოვდეს და შეუერთდეს ერთმანეთს.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივიღებთ საუკეთესო შედეგს. და თუ ადამიანის ენერგია
შორდება ღვთის ენერგიას და ეწინააღმდეგება მას, შედეგი დამღუპველი იქნება თავად
ადამიანისათვის. თუმცაღა ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.

გავიხსენოთ სახარებიდან უძღები შვილის იგავი, სადაც საუბარია მამისაგან
დაშორებული ვაჟის შესახებ, რომელსაც სურდა თავად შეექმნა საკუთარი ბედნიერება,
მაგრამ სიღატაკეში ჩავარდა, ყველაფერი დაკარგა და ბოლოს ისეთ მდგომარეობაში
აღმოჩნდა, რომ ღორების საკვებიც კი სანატრელად ექცა.

ტალახში ამოსვრილი ძვირფასი თვალ-მარგალიტის ბრწყინვალება დროებით აღარ ანს,
მაგრამ თუკი მას ტალახიდან ამოიღებ და გასწმენდ, თავის ელვარებას კვლავ დაიბრუნებს.
ასევეა ადამიანიც. უძღებ შვილში ღვთის ხატებამ იმძლავრა და გაჩნდა სინანული. მან
იფიქრა, დავბრუნდები მამაჩემთან და ვეტყვი: „აღარა ვარ ღირსი მეწოდებოდეს ძე შენი,
მიმიღე როგორც ერთი შენი მსახურთაგანი“. მას სიხარულით იწყნარებს მამა და სინანულით
განბანილი კვლავ უბრუნდება მის წიაღს.

ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეწყმას სინერგია ეწოდება. ყოველი ადამიანი უნდა
ცდილობდეს რომ საკუთარი ნება ღვთის ნებას მიუახლოვოს და სულში მათი შერწყმა
მოახდინოს. ეს პროცესი მარადიულად გრძელდება. ჩვენ ყველანი, პატრიარქით დაწყებული
და ახალმოქცეული მრევლის დამთავრებული, მამასთან დაბრუნებული უძღები შვილები ვართ.
მადლობა უფალს, რომ მამამ მიგვიღო და გვღებულობს.

არსებობს წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.
ღვთის მადლით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ბედნიერნი ვართ, ომ მოვესწარით ამას.
ქართველმა ერმა მრავალი განსაცდელი გამოიარა, რამაც ცხადად დაგვანახა, რომ
ერთადერთი ძალა, რომელიც ადუღაბებს და ამთლიანებს ერს, ჩვენი ეკლესიაა. ვიმეორებ,
ეკლესიის გარდა ამას ვერავითარი პოლიტიკა თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შესძლებდა.
ეკლესია იყო და არის ჩვენი დედა, ამიტომაც უწოდა მას ქართველმა კაცმა –
„დედა-ეკლესია“.

ამ ბოლო დროს კარგი წამოწყებები აქვთ ჩვენს ახალგაზრდებს. ხდება სტუდენტთა
კავშირების დაახლოება ეკლესიასთან. ამის ინიციატორები ბრძანდებიან: გიორგი სიმონია,
მამუკა კაციტაძე, მალხაზ გულაშვილი. როცა წარმოიშვება ახალი იდეა, მთავარი ის არის,
რომ მასში საბოლოო მიზანი დავინახოთ, კერძოდ, თუ რამდენად განხორციელებადია იგი. რა
თქმა უნდა, სიძნელეები ყველგანაა და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ბრძოლა
დამთავრებულია, რადგან იგი ახლა იწყება და სწორედ ღვთის შემწეობა გვჭირდება, რათა
„ბოროტსა სძლიოს კეთილმან“. აი, სტუდენტთა კავშირებმა, რომლებიც უმაღლეს
სასწავლებლებშია, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიერონ, თუ რა არის ჩვენი საერთო
მიზანი. ისეთი ამოცანები უნდა დავსახოთ, რის განხორციელებასაც შევძლებთ და ბოლომდე
მივიყვანთ. სტუდენტთა კავშირი უნდა იყოს რწმენით, სიყვარულით და სიკეთით აღასავსე
ორგანიზაცია და არავითარ შემთხვევაში ვიღაცის ოპოზიცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა
თქმა უნდა, მრავალი გამოჩნდება ისეთი, ვინც შეიძლება დაგიპირისპირდეთ, მაგრამ როცა
დაინახავს, რომ სიკეთეს აკეთებთ, აუცილებლად შემოგიერთდებათ. მარად უნდა გახსოვდეთ
წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: „ბოროტებას ბოროტება არ ჰკურნავს, მას მხოლოდ სიკეთე
და სიყვარული სძლევს“. მრავალი დიდი და კეთილი საქმე შეიძლება გაკეთდეს ჩვენი
ახალგაზრდების მიერ. უნდა ვეცადოთ, რომ მთელი უნივერსიტეტი ჩაერთოს თქვენი კავშირის
საქმიანობაში, მხოლოდ მცირე ნაწილი კი არ უნდა აქტიურობდეს, არამედ ყოველი
სტუდენტი, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ აკეთონ სიკეთე, იფიქრონ საქართველოს
მშვიდობასა და კეთილდღეობაზე, საქართველოსა და ქართველი ხალხის გამთლიანებაზე.

მე მინდა პირველი დავალება, პირველი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ. თქვენ იცით, რომ ამ
რამდენიმე წლის წინ ითარგმნა საღმრთო წერილი, ბიბლია. მასში, რა თქმა უნდა, როგორც
ნებისმიერ სხვა თარგმანში აუცილებლად გაიპარებოდა რაღაც უზუსტობა, შეცდომა. ჩვენთან
არსებობს სპეციალური კომისია, რომელსაც პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
ხელმძღვანელობს. ისინი მუშაობენ საღმრთო წერილის სიზუსტეზე. უკვე რამდენიმე წელია
ერთი იდეა არ მშორდება. იგი ჯერ-ჯერობით ვერ განვახორციელეთ და ჩემი პირველი
დავალებაც მისგან გამომდინარეა: მიდნა, რომ საღმრთო წერილზე მუშაობაში თქვენც
მიიღოთ მონაწილეობა. თქვენ იცით, ბიბლია ძველი და ახალი აღთქმისაგან შედგება.
ყოველი წიგნი დაყოფილია თავებად და მუხლებად. ჩემი სურვილია, რომ თქვენ, სტუდენტთა
კავშირის ხელმძღვანელებმა ჩევნს სტუდენტებს დაურიგოთ მხოლოდ ერთი მუხლი ბიბლიისა,
რათა შეუდარონ იგი კანონიკურ ბერძნულ, სლავურ, ლათინურ, ძველ ქართულ, ინგლისურ და
სხვე ენებზე არსებულ ტექსტებს, ზუსტად ამოწერონ ეს ტექსტები და თავისუფალ
თარგმანთან ერთად წარმოგვიდგინონ. ეს იქნება საოცარი სამუშაო. ძალიანაც არ
დაიტვირთებით. ერთი პატარა მუხლი იქნება გასაკეთებელი. თუმცა ეს სამუშაო არ უნდა
შესრულდეს ერთ დღეში, ერთ საათში, სულ ცოტა 30 წიგნის გადაფურცვლა მაინც მოგიწევთ.
თქვენ იცით, არსებობს ბიბლიის განმარტებანი, სადაც უნდა წაიკითხოთ იმ მუხლის
შესახებ, რომელიც შეგხვდებათ, გაეცნოთ სხვა წიგნებსაც და წარმოადგინოთ თქვენეული
ზუსტი თარგმანი, სხვა უცხოენოვან ტექსტებთან ერთად. აი, ასეთია ჩემი პირველი
დავალება.

ასევე მინდა, რომ შეადგინოთ პროგრამა, სადაც გაითვალისწინებთ დემოგრაფიულ,
ეკონომიკურ, სულიერ და მრავალ სხვა აქტუალურ საკითხებს. თქვენ თავად მოიფიქრეთ,
შემდეგ კი ერთად განვიხილოთ და შევუდგეთ მის განხორციელებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამთლიანოთ, მინდა გითხრათ, რომ
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ კავშირს ბატონი ლევან ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარეა ბატონი დავით
მესხიშვილი. სამედიცინო უნივერსიტეტში – ბატონი გიორგი ხომასურიძე, ტექნიკური
უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში – ბატონი მამუკა წაქაძე. (ღმერთმა ინებოს, რომ
სოხუმის ფილიალი მალე დაბრუნდეს თავის ქალაქში). საერთოდ, ქართველი კაცის თვისებაა,
რომ ახალ საქმეს ძალიან კარგად ვიწყებთ და ძალიან ხშირად დაუმთავრებელს ვტოვებთ.
გთხოვთ ყველას, რომ ეს საქმე, რომელასც თქვენ იწყებთ, მალე და უშედეგოდ არ
დაასრულოთ. ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. თქვენს მიერ წამოწყებული
საქმე გადაუდებელია, ნამდვილად ღვთის შთაგონებით მოსული აზრია და ღმერთმა მოგცეთ
ძალა მის განსახორციელებლად.

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღსდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 2001 წ.