საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (13 თებერვალი, 2005 წ.)

13 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-13-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 13 თებერვალი, 2005 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

საქართველო მდიდარია თავისი კულტურით, თავისი სულიერებით, მდიდარია იმ მადლით,
რომელიც გვიბოძა უფალმა. უპირველეს ყოვლისა, კი იმით, რომ გაგვაჩნია ჭეშმარიტი
სარწმუნოება და ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. ჩვენ
გაგვაჩნია ის სულიერი მადლი და ის საუნჯენი, რომელიც სხვა ერებს შეიძლება არ
ჰქონდეს.

მაგრამ რა არის ჩვენში ისეთი, რის გამოც უფალი ასეთ წყალობას გვიგზავნის?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის წმიდა გული. („გული წმიდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და
სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ – ამბობს დავით წინასწარმეტყველი.) გული
ადამიანისათვის არის უმთავრესი; ეს არის ტაძარი სულისა წმიდისა. გული არის ის
სამყარო, საიდანაც მომდინარეობს ზრახვანი კაცისა და თუ იქ კეთილი ზრახვანი არ არის,
სიკეთის ადგილს აუცილებლად ბოროტება დაიკავებს და გულიც გაბოროტდება.

უფალმა დაგვაჯილდოვა ჩვენ მოსიყვარულე გულით და ეს არის დიდი წყალობა ღვთისა.

კიდევ ერთი დიდი საუნჯე გვაქვს – ჩვენი სამშობლო. ეს არის ღვთივკურთხეული
საქართველო, რომელიც განბანილია ჩვენი წინაპრების ცრემლითა და სისხლით. ჩვენ უნდა
გავუფრთხილდეთ მას. უნდა გავუფრთხილდეთ იმ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს, რომელთაც
იცავდნენ და ინახავდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. საქართველომ უნდა იარსებოს და უნდა
შეხვდეს მეორედ მოსვლას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ჩვენი დიდი წინაპარი რაფიელ ერისთავი ამბობს: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია
ქვეყანაზედა.“

მცირე ხნის წინ გესაუბრეთ, სამშობლოს შესახებ. და მოგეცით ლოცვა-კურთხევა, რომ
გეფიქრათ და წერილობით გამოგეთქვათ თქვენი დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოსადმი.
ისევე, როგორც ეს დაწერეთ ქართული ენის შესახებ და მოგვაწოდოთ თქვენი ნააზრევი.

ჩვენ თითქმის 200-მდე ასეთი წერილი მივიღეთ და ახლა კომისია განიხილავს მათ. მე
გავეცანი ზოგიერთს და გაოცებული ვარ თქვენი უსაზღვრო სიყვარულით ქართული ენისადმი.
მათ შორის არის შესანიშნავი ლექსები, პროზაც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სიტყვებია
გულიდან ამოსული. ყველას მადლობას მოგახსენებთ, ვინც დაწერა ეს შრომები. ჩვენი
კომისია მცირეოდენ რედაქტირებას გაუკეთებს თქვენს ნააზრევს და შესაძლოა ერთ პატარა
წიგნად გამოვცეთ. ეს თქვენთვისაც იქნება საინტერესო და სხვებიც გაეცნობიან. ასევე
მინდა დაწეროთ, რა არის სამშობლო თქვენთვის.

ქართველისთვის სამშობლოს ცნება მუდამ განსაკუთრებული იყო. ასევე განსაკუთრებული
იყო მისი დამოკიდებულება სამშობლოსადმი. საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა
გააკეთოს იმისათვის, რომ ეს დამოკიდებულება, ეს სულიერი კავშირი ჩვენს ფესვებთან
განმტკიცდეს და იყოს ისეთი ძლიერი, როგორც ეს იყო წარსულში. ამიტომაც იყო, რომ
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა სრულიად საქართველს კათოლიკოს-პატრიარქის
ფონდი. ეს ფონდი, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენში გაძლირდეს
სახელმწიფოებრივი და ეროვნული აზროვნება. აი, უკვე 200 წელია მას შემდეგ, რაც ჩვენს
ხალხს თანდათან აკარგვინებდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მადლობა უფალს,
დღეს თავისუფალნი ვართ და ეს სულიერ სფეროშიც უნდა გამოვლინდეს. ჩვენ ჩვენი
შესაძლებლობისამებრ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღორძინდეს, განვითარდეს
ჩვენი კულტურა, ჩვენი მეცნიერება და, უპირველეს ყოვლისა, სულიერება, რადგან თუ
სულიერება არ იქნა ძლიერი, – კულტურა და მეცნიერება ვერ გვიშველის. ყველაფერს
გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ის მიწები, ის ტერიტორია, რომელსაც დროებით
საქართველო არ აკონტროლებს.

მე მქონდა შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერებთან, აკადემიკოსებთან. და
მათ გამოთქვეს დიდი იმედი, რომ ეკლესია მათ ამოუდგება მხარში და ასევე მეცნიერებისა
და კულტურის მოღვაწენი ამოუდგებიან მხარში და დაუახლოვდებიან ეკლესიას. ჩვენ ერთად
უნდა ვიყოთ; უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს ერს იმისათვის, რომ დაუძლურდეს,
ჰყოფს იმისათვის, რომ იბატონოს ჩვენზე. ღმერთი კი ამთლიანებს. მადლობა ღმერთს, რომ
გამთლიანების ჟამი დადგა.

აკადემიაში შეხვედრაზე გავიხსენე ერთი მეცნიერის ნათქვამი; იგი ამბობს: ჩვენს
წინაშე ორი დიდი წიგნია – ბიბლია და ბუნება, მეცნიერება ბუნების შესახებ. ვინც
ამბობს, რომ ეს ორი წიგნი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის
ადამიანი ვერ კითხულობს სწორად და ვერ გებულობს ან ერთ, ან მეორე წიგნს. პირიქით,
მეცნიერება და სარწმუნოება ავსებენ ერთმანეთს. დღეს დადგა სწორედ ის ჟამი, როცა
ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. და ჩემს მიერ დაარსებული ფონდიც ამ მიზანს ემსახურება. ეს
ფონდი არ გულისხმობს, რომ შემოწირული თანხა გაჭირვებულ ხალხს დავურიგოთ, (თუმცა, რა
თქმა უნდა, მშიერს უნდა დავეხმაროთ) მაგრამ უპირველესი ჩვენი ამოცანაა –
ავამოქმედოთ ხალხი. მსოფლიოში არსებობს ასეთი გამოთქმა: „მე გეხმარები შენ
იმისათვის, რომ შენ დაეხმარო საკუთარ თავს.“ ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, რა
უნდა გააკეთოს, რა წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე
მახსენდება ამერიკის პრეზიდენტის გამოთქმა: ჩვენ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ,
სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ყოველი ჩვენთაგანისთვის, არამედ უნდა ვიფიქროთ
იმაზეც, თითოეულმა ჩვენთაგანმა რა უნდა გააკეთოს სამშობლოსათვის. აი, ეს ჟამი
დადგა.

მივმართავ მთელს საქარ- თველოს, რომ ყოველმა ადამიანმა თითო ლარი მაინც შესწიროს
ფონდს, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოს გაძლიერება და კეთილდღეობა,
მეცნიერების და კულტურის დაცვა.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთულ დროს ვცხოვრობთ. მიდის პროცესი
ინტეგრაციისა და გლობალიზაციისა. და შეიძლება ამ პროცესმა სულ წალეკოს ქვეყანა,
ჩვენი კულტურა და ტრადიცია. ეს რომ არ მოხდეს, უნდა ვიცოდეთ, რა არის მისაღები და
რა – არა. მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს საფუძველზე და დავიცვათ ჩვენი ფასეულობანი.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ყოველ თქვენთაგანს და გადაეცით თქვენი ოჯახის
წევრებსაც, რომ თვეში ერთი ლარი მაინც უნდა შემოიტანოთ ამ ფონდის გასაძლიერებლად.
თუ ვინმეს აქვს საშუალება, მეტი შემოგვწიროს, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ
მისასალმებელია. თანხა განიკარგება საქართველოს ინტერესებით საქართველოს
გადასარჩენად.

მე ველოდები თქვენს წერილებს საქართველოს შესახებ.

მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მოძღვრები ერთგულად ემსახურებიან ღმერთს და ჩვენს
მრევლს. აქ ბრძანდება მამა ბასილი (ჟორჟიკაშვილი), რომელიც არის მოძღვარი დავით
აღმაშენებლის ეკლესიისა (უნივერსიტეტი). ვითვალისწინებთ რა მის შრომას, მის
თავდადებულ მოღვაწეობას, დღეს იგი აგვყავს დეკანოზის ხარისხში და ჯილდოვდება ოქროს
ჯვრის ტარების უფლებით.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ!

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №8(315),
2005 წ.