საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (12 ოქტომბერი, 2008 წ.)

12 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-12-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 12 ოქტომბერი, 2008 წ.

„ეს არის ჩვენი ჯვარი და იგი ჩვენ
ღვთის დიდებითა და მადლიერებით უნდა ვატაროთ.
დიდება და მადლობა უფალს ამ განსაცდელისათვის! …დარწმუნებული ვართ,
რომ ეს არის განსაცდელი, რომელიც ჩვენი საერთო სიხარულით შეიცვლება!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! მოგეხსენებათ, წმინდა იოანე ოქროპირმა
წარმოთქვა ეს სიტყვები თავისი გარდაცვალების წინ საქართველომი. წმინდა იოანე
ოქროპირმა გამოიარა დიდი ტანჯვა, გადასახლება, წამება, შეურაცხყოფა, მაგრამ
მიუხედავად ამისა მადლობას სწირავდა ღმერთს ყველაფრისათვის. ჩვენც, მთელი
საქართველო მადლობას ვწირავთ უფალს, სიხარულისათვის, განსაცდელისთვის, წამებისთვის, – ყველაფრისთვის დიდება და მადლობა უფალს!

ერთ პოეტს აქვს ასეთი სიტყვები: „ყოველ შემთხვევას აქვს სხვა სახელი – ეს არის
ბედი“, ანუ შემთხვევითი ამქვეყნად არაფერია, ეს არის ბედი, ეს არის ღვთის განგება.
როდესაც ვაკვირდებით ჩვენს წარსულს, ვხედავთ, რომ საქართველო გამოირჩევა თავისი
ბედით და მე დავაზუსტებდი – თავისი ბედნიერებით. თუნდაც ის, რომ ქრისტეს შობამდე
600 წლით ადრე საქართველომი ებრაელებმა ჩამოიტანეს ერთი ღმერთის რწმენა და ხალენი
წინდა ილია წინასწარმეტყველისა – ესეც არის ჩვენი ბედი. ეს იყო და არის წინამორბედი
მაცხოვრის რწმენისა, კვართის ჩამოტანისა, წინამორბედი იმისა, რომ საქართველო უნდა
გამხდარიყო წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმმობელისა. ეს ყველაფერი არის ჩვენი ბედი
და ბედნიერება. და მე მინდა შეგახსენოთ რომ ვისაც ღმერთი განსაცდელს უგზავნის, იგი
მას ყველაზე მეტად უყვარს. წმინდა მამები განიცდიდნენ, როდესაც არ ჰქონდათ
განსაცდელი და მწუხარება. იყო ერთი ასეთი პიროვნება, დიდი სულიერების
მქონე ადამიანი, სიმფეროპოლის მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი, რომელიც მეორე
მსოფლიო ომის დროს
მოღვაწეობდა. იგი იყო სტალინის პრემიის ლაურეატი, იყო ქირურგი და აგრძელებდა
სამედიცინო პრაქტიკას მღვდელმთავრობისასაც. მეუფე ლუკა კარგად იცნობდა სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტსრეს ეფრემ II-ს. ჩვენთან
საპატრიარქოში ინახება პატრიარქ ეფერმისთვის მის მიერ ნაჩუქარი ხატი. მეუფე ლუკა
სამედიცინო ხალათს ანაფორაზე გადაიცმევდა, ჯერ ლოცულობდა და მერე იწყებდა
ოპერაციას. და აი, ამ პიროვნებას ეკუთვნის საოცარი სიტყვები: „მე შევიყვარე
მწუხარება და განსაცდელი, რამეთუ მათ დამაახლოვეს ღმერთთან“.

ხშირად ვწუხვართ და ვდრტვინავთ: რატომ მოგვივლინა ღმერთმა ამდენი განსაცდელი? ასე
იმიტომ მოხდა, რომ ყველაზე მეტად უყვარს უფალს საქართველო. და ეს არის ჩვენი ჯვარი
და იგი ჩვენ ღვთის დიდებითა და მადლიერებით უნდა ვატაროთ. დიდება და მადლობა უფალს
ამ განსაცდელისათვის!

დღეს ჩვენ ვლოცავთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით – ნიქოზისა და ცხინვალისა
მიტროპოლიტ ისაიას მრევლს, რომელიც ახლა ამ წირვაზე ჩვენთან ერთად დგას. შევთხოვთ
უფალს, მოგცეთ თქვენ მხნეობა, დიდი და მტკიცე რწმენა, სიყვარული და სასოება;
მოგანიჭოთ იმედი იმისა, რომ ძალიან მალე ჩვენ დავიბრუნებთ, უფრო სწორედ, ღმერთი
დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის
განსაცდელი, რომელიც ჩვენი საერთო სიხარულით შეიცვლება!

შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი
მშვიდობით!

მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენზე და მთელ საქართველოზე!

არ შეგეშინდეთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2008 წ.