საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (12 აგვისტო, 2001 წ.)

12 აგვისტო
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-12-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 12 აგვისტო, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

სახარებაში ვკითხულობთ: „სადა იყოს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი“. საოცარი
სიტყვებია, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანის გული და ჩვენი საუნჯე,
ჩვენი სიმდიდრე? რა არის საუნჯე, ან რაშია იგი? ყოველი ადამიანი ამის შესახებ
სხვადასხვაგვარად ფიქრობს. ჩვენი წინაპრები, ძირითადად, იუნჯებდნენ და დღესაც
ყოველი შეგნებული ადამიანი ინახავს ორ დიდ ეროვნულს საგანძურს. ეს არის
მართლმადიდებელი სარწმუნოება და ჩვენი სამშობლო. წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ)
ეს აზრი სამი სიტყვით გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. დღეს, ისევე როგორც
საუკუნეთა მანძილზე, განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა, რა არის ჩვენი საუნჯე, რას
უნდა გავუფრთხილდეთ, რა უნდა შევინახოთ?

დღეს გახსნილია ქვეყნის საზღვრები და მრავალი ქართველი უცხოეთში წავიდა, ალბათ,
მილიონამდე იქნება მათი რიცხვი. საზღვარგარეთ გავიდა ისეთი ხალხი, ისეთი
ქართველები, რომელთაც დიდი სიკეთე შეეძლოთ გაკეთებინათ სამშობლოსათვის. ვერ ვიტყვი,
რომ ყველა მათგანი იქ უაზროდ არის წასული. ზოგი სასწავლებლად წავიდა და უკან
დაბრუნდება, რათა თავისი ცოდნით სამშობლოს გამოადგეს, ზოგი მივლინებით, ზოგი
ლუკმა-პურისთვის მიდის, ზოგიერთი კი გასართობად; ეს ადამიანები სულ სხვადასხსვა
კატეგორიისანი არიან.

კვიპროსიდან დაბრუნების შემდეგ მე გიამბეთ, იქ მყოფი ქართველების შესახებ,
რომელთაც გულდათუთქულებმა მითხრეს: „ციხე ხომ გინახავთ, ისე ვართ. დღე მონებივით
ვმუშაობთ და ღამე ვტირით, საქართველო გვენატრება“. ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, სურთ
რაღაც თანხა მოიპოვონ ლუკმა-პურისათვის და მეორე მხირვ, ნოსტალგია სტანჯავთ.
ვესაუბრე ასევე აქედან წასულ ბერძნებს: „ჩვენ არ გაგვიყიდია ჩვენი სახლები
საქართველოში – თქვეს მათ – ძალიან მალე დავბრუნდებით უკან. ჩვენ იქ ვართ
დაბადებულები და იქ უნდა დავიმარხოთ“. აი, ასეთი სიყვარული აქვთ მათ საქართველოსი.

მე ასევე გიამბეთ თქვენ ჩვენი ვიზიტის შესახებ ირანში. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ
ღვთის მადლით, მოვახერხეთ ფერეიდანში ჩასვლა, იქ, სადაც ქართველები ცხოვრობენ.
თქვენ იცით, რომ შაჰ-აბაზმა, ძირითადად კახეთიდან, ძალიან ბევრი ქართველი წაიყვანა
სპარსეთში მონებად. ახლა ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს იქიდან სამშობლოში დაბრუნებაზე,
მის მონახულებაზე. აი, გუშინ უკვე „პირველი მერცხალი“ გვეწვია იქედან. ფერეიდანიდან
ჩამოვიდა 33 წლის ახალგაზრდა, ცოლ-შვილიანი კაცი. მან თქვა: „ბავშვობიდან ჩემი
ოცნება იყო, რომ საქართველო მენახა. მამაჩემს ვეკითხებოდი: „სად არის საქართველო?“
და ცისარტყელა რომ გამოჩნდებოდა, მამა მეტყოდა: „აი, იმ ცისარტყელას იქით არის
საქართველო“. დიახ, სამშობლოს სიყვარული მათ განსაკუთრებით მძაფრად აქვთ.
გამომშვიდობებისას ფერეიდნელები გვეუბნებოდნენ: „დაგვიკოცნეთ საქართველოს მიწა.
ღმერთს ებარებოდეთ“.

ჩვენ ძალიან ხშირად ვცოდავთ ღვთისა და ჩვენი სამშობლოს წინაშე. ახლა ჩვენში
შემოდის ე.წ. დასავლური კულტურა. სინამდვილეში ეს კულტურა არ არის, ეს არის ფსევდო,
ყალბი კულტურა. ავიღოთ თუნდაც მუსიკა. საოცარი საგალობლები და ხალხური სიმღერები
აქვს ჩვენს ხალხს, რომლითაც მთელი მსოფლიოა აღფრთოვანებული. ჩვენთან კი, დღეს
დასავლური რიტმები იკიდებს ფეხს. ძალიან ხშირად ქართველი ახალგაზრდა ითვისებს ამ
ფსევდოკულტურას და თავისას უარჰოფს. რით აიხსნება ეს? ეს არის ცოდვა, დანაშაული
ღვთის, ჩვენი წინაპრების, ჩვენი სამშობლოს წინაშე. მაგრამ მჯერა, ეს დროებითი
მოვლენაა. გარკვეული დროის შემდეგ ქართველი კაცი მაინც გაიგებს, თუ სად არის თეთრი
და სად შავი, რა არის მისარები და რა არა. რადგან ღმერთმა მოგვცა გონება, სიყვარული
და საღი განსჯის უნარი.

სექტანტები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჩამოსულები არიან საქართველოში, თავის
ქადაგებებს იწყებენ ასეთი ლოცვით: „ღმერთო, გვიხსენი ჩვენ ტრადიციებისგანო“, ე.ი.
თუ ისინი უარჰყოფენ ჩვენს რწმენას, კულტურას, ამით ფაქტიურად წარსულის გარეშე
ტოვებენ ადამიანებს. ვინც მათ გაჰყვება, რაღა იქნება მასში ღირებული? საერთოდაც,
ვინღა იქნება იგი? აი, ამიტომაც გვმართებს დიდი სიფრთხილე მათთან ურთიერთობისას.

იმ ახლადჩამოსულ ფერეიდნელ ქართველს ვკითხე: „რამდენი დღეა, რაც აქ იმყოფებით
მეთქი?“ „ათორმეტი დღეაო“, – ძველი ქართულით მიპასუხა. ასევე მიამბო, „თქვენ რომ
ფერეიდანში ქართული მიწა ჩამოგვიტანეთ, სულ პატარ-პატარად გავინაწილეთ, რადგან ეს
ჩვენთვის დიდი საუნჯეაო. და ჩვენგან რომ წამოხვედით, ყველანი ვტიროდითო“. ასეთი
დიდი სიყვარული აქვთ საქართველოსი სამშობლოდან დიდი ხნის წინათ მოწყვეტილ
ქართველებს. ამიტომაც, ღრმად უნდა დავუფიქრდეთ, ვინა ვართ ჩვენ, რა დაგვავალა
უფალმა? შემთხვევითი არის, რომ საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრია?
შემთხვევით მოხდა, რომ კვართი უფლისა საქართველოში იქნა ჩამოტანილი? შემთხვევითია,
რომ მოციქულები მოვიდნენ აქ საქადაგებლად? არა. რა თქმა უნდა, უფალი გვაძლევდა და
გვაძლევს დიდი მადლს და ამიტომაც ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი
ისრაელი. თქვენ იცით, ძველი ისრაელი ძველ აღთქმაში ინახავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას
და ჩვენს არეულ დროს ჩვენ უნდა შევინახოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება და
ჩვენი ეროვნული საუნჯე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას არის ფერისცვალება და ხსნილია თევზით.

ღმერთმა ბედნიერი მარიამობა გაგითენოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33, 2001 წ.