საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (10 თებერვალი, 2008 წ.)

10 თებერვალი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-10-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 10 თებერვალი, 2008 წ.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა
ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის ცხოვრება მუდმივად იცვლება და ემსგავსება სასწორს: სასწორის ერთ
მხარეს ჩვენი კეთილი საქმეებია, მადლია, მეორე მხარეს კი – ცოდვები და ბოროტი
ქმედებები. და ხან ერთი მხარე გადაწონის მეორეს და ხანაც – პირიქით, ანუ ზოგჯერ
ვამრავლებთ კეთილ საქმეებს, ზოგჯერ კი – ბოროტებას, ცოდვებს. აი, ასეთი
ცვალებადობით ცხოვრობს ამქვეყნად ყოველი ადამიანი.

დღეს არის ხსენება ღირსისა
მამისა ჩვენისა ეფრემ ასურისა, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა. იგი
განსაკუთრებული წმინდანი და ეკლესიის დიდი მამაა. ეფრემ ასური თავის შრომებში
არაჩვეულებრივად ჭვრეტს ადამიანის სულიერ სამყაროს და გვიჩვენებს ჭეშმარიტ გზას,
რომლითაც უნდა ვიაროთ, გვასწავლის, როგორ განვაგრძოთ სვლა ამ გზით, მიუხედავად
დაცემისა, როგორ წარვმართოთ ჩვენი სვლა სწორი მიმართულებით.

წმინდა ეფრემ ასურის შესახებ ვიცით, რომ იგი სიჭაბუკეში ფიცხი ადამიანი ყოფილა.
მისი გულფიცხელობა ვნებდა და აზიანებდა ჭაბუკს. ერთხელაც, მას ცხვრის ქურდობაში
დასდეს ბრალი და დააპატიმრეს. საპყრობილემ სრულიად შეცვალა იგი; ციხიდან გამოსული
კი უდაბნოში წავიდა
და უდიდესი სულიერი მოღვაწე გახდა. ეფრემ ასურს აქვს ერთი უძლიერესი ლოცვა, რომელიც
ყოველმა მორწმუნემ კარგად იცის, მას ჩვენ დიდ მარხვაში ვკითხულობთ ხოლმე. დღეს
მინდა, თქვენი ყურადღება ამ ლოცვის სიტყვებზე მივაპყრო. შეგახსენებთ ლოცვას: „უფალო
და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილელობისასა, მთავრობის
მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე, ხოლო სული სიწმინდისა,
სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა. ჰე, უფალო და
მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა,
რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

ეს ლოცვა სამი ნაწილისაგან შედგება: ღირსი მამა ეფრემ ასური თითქოს სულიერ ტაძარს
აშენებს. ლოცვის პირველი ორი ნაწილი სულიერი ტაძრის აშენებას ეძღვნება, მესამე
ნაწილით კი იგი მას გვირგვინს, სახურავს ადგამს.

სულ მალე დაგვიდგება დიდი მარხვა და ჩვენ კვლავ შევუდგებით ამ ლოცვის წარმოთქმას.
მინდა, მუხლებრივ განვიხილოთ იგი. „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…“ – ლოცვის
დასაწყისში ეფრემ ასური მაცხოვარს აღიარებს, უფლად და მეუფედ ჩვენი ცხოვრებისა.
შემდეგ შესთხოვს მაცხოვარს: „სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა ნუ მიმცემ
მე“. „სული უქმობისა“ – არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სრულიად უქმად არის, ანუ არც სულიერად და არც ფიზიკურად არ შრომობს და
თავის ცხოვრებას უქმად და უმიზნოდ ატარებს. „მიმომწვილველობა“ – ძველი ქართული
სიტყვაა და უხასიათობას, უიმედობას, სასოწარკვეთილებას ნიშნავს. „მთავრობის
მოყვარებისასა“ – არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უნდა შეიყვარო თუ შეიძულო,
ცხადია, ადამიანი მთავრობას პატივს უნდა სცემდეს, – მაგრამ აქ სულ სხვა რამაა
ნაგულისხმევი: მთავრობის მოყვარება არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი
ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მაღალი თანამდებობა მოიპოვოს, ეს იგივე
თანამდებობის მოყვარეობაა. „ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე“ – ე.ი. წმინდა
ეფრემ ასური ადამიანის გულს ასუფთავებს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის
გულის განწმენდა, რადგან სიკეთე და მადლი ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა.

ცუდად მეტყველება ახასიათებს დაცემულ ადამიანს. ამ ცოდვაში იგულისხმება ბილწსიტყვაობა, გინება, ლანძღვა, წყევლა… ეს მდგომარეობა განძარცვავს მადლისაგან
ადამიანს. ამიტომ ეფრემ ასური და მასთან ერთად ყოველი ჩვენგანი შესთხოვს უფალს, –
გაგვწმინდოს და გაგვათავისუფლოს უფალმა ამ ცოდვისაგან. მაგრამ, ამასთან, ეფრემ
ასურმა იცის, რომ ადამიანის გული ცარიელი არასოდეს რჩება, – და თუკი ადამიანის
სულიერი სამყარო ბოროტებისაგან თავისუფლდება, მასში უნდა დაივანოს მადლმა სულისა
წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

შეიძლება ითქვას, რომ ლოცვის პირველი ნაწილი ადამიანს სულიერად განწმენდს და
მადლის მისაღებად ამზადებს.

ლოცვის მეორე მუხლი ასე ჟღერს: „ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და
სიყვარულისა, მომმადლე მე მონასა შენსა“. პირველი სიწმინდე შედის ადამიანში, შემდეგ
სიმდაბლე ჩნდება. რას ნიშნავს სიმდაბლე? როდესაც ადამიანი არ არის ამპარტავანი.
თქვენ გახსოვთ, ბიბლიაში წერია – ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს
მიანიჭებს მადლს. ამიტომ სიწმინდის გვერდით ყოველთვის არის სიმდაბლე. მადლმოსილია
ის ადამიანი, ვისაც სიმდაბლე გააჩნია. „ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა,
მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა“ – აი, როგორი სულიერი
საუნჯე, სულიერი სიმდიდრე შედის ადამიანის სულში, როცა ის იწმინდება ბოროტისაგან!
ამიტომ, როდესაც აღსარებაზე შივდივართ და ვცდილობთ, განვიწმინდოთ
ჩვენი ცოდვებისაგან, უფალი უხილავად ისმენს ჩვენს აღსარებას, განგვწმენდს და იქვე
მოგვანიჭებს
მადლს. დააკვირდით, ეს მუხლი
სრულდება სიყვარულის მოპოვებით. ამ სიკეთეს სიყვარული ასრულებს და ადამიანი
სულიერად მდიდრდება.

დაბოლოს, მესამე ნაწილი ლოცვისა, რომელიც, ჩემი აზრით, არის
გუმბათი ამ სულიერი ტაძრისა: „ჰე,
უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე
განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ
უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ეს
მდგომარეობა – „განცდაი თვისთა ცოდვათა“ არის აუცილებელი. არაერთხელ მითქვამს
თქვენთვის, რომ ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა“, –
ამპარტავნებაში ვარდება და მისი გამოსწორება ძალიან ძნელია, ასეთი ადამიანის
სულიერი მდგომარეობა უკიდურესად საშიში და სავალალოა. ჩვენ რატომღაც უფრო კარგად
ვხედავთ სხვის ცოდვებს, სხვის ნაკლს, ვიდრე საკუთარს და ამასთან ერთად –
განვიკითხავთ კიდეც. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება
განუკითხველობას! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი იღებს მადლს – სულს სიწმინდისა,
სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა, – რომელიც ღვთის წყალობით, შემოდის
ჩვენში, – თუკი „განცდაი თვისთა ცოდვათა“ არ ექნა ამ დროს, იგი დაცემისაკენ
მიიდრიკება. სახარებაში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“.

აი, ამ სამი მუხლისაგან შედგება ეს დიდებული, საოცარი ლოცვა წმინდა ეფრემ ასურისა,
რომელიც გვიკვალავს გზას სასუფევლისაკენ.

დღეს შევთხოვთ წმინდა მამა ეფრემ ასურს, ღირსი გაგვხადოს მადლისა სულისა წმინდისა
და მოგვანიჭოს ძალა, რომ ვიქონიოთ „განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა
ჩვენისა“.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგანიჭოთ ის სულიერი საუნჯე, რომელსაც ამ ლოცვით შესთხოვს
უფალს წმინდა ეფრემ ასური. და თუკი ამ საუნჯეს მოვიპოვებთ, – ჩვენ აღვასრულებთ
სჯულსა ქრისტესა, ამინ.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №5, 2008 წ.