საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (10 დეკემბერი, 2007 წელი)

10 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-10-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 10 დეკემბერი, 2007 წელი

„თუკი ადამიანს აქვს მადლი
ღვთისა, მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს და
მისთვის ჯვარი მუდამ ადვილად სატარებელი იქნება, რადგან უფალი მასთანაა“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა. თავისი სულიერი თუ ფიზიკური
ბუნებით იგი ურთულესი არსებაა. არაერთხელ მიამბნია თქვენთვის ცნობილი ფიზიოლოგის – პავლოვის შესახებ. მას ერთმა დიდმა თანამდებობის პირმა
ჰკითხა: „ნუთუ თქვენ, ასეთი
დიდი მეცნიერი, მორწმუნე ხართ?“ პავლოვმა უპასუხა: ჯერ ერთი, მე მღვდლის შვილი ვარ
და მეორეც, როდესაც ჩვენ ადამიანის სისხლს ვიკვლევთ, მორწმუნე კი არა, შეიძლება
წმიდანიც კი გახდე, იმდენად ამტკიცებს იგი ღვთის არსებობასო…. ეს მარტო სისხლი და
ახლა თავად ადამიანი? მართლაც, ურთულესი არსებაა იგი. შეიძლება, ჩავარდეს ჯოჯოხეთში
და შეიძლება, სრულყოფის კიბეზე უფალთან ავიდეს და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა.

გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს სულიერ ჯვარს, რომლის
ვერტიკალური ძელი ღვთისაკენ სწრაფვაა, ხოლო ჰორიზონტალური – სწრაფვა
ადამიანებისაკენ. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების მიზანი.

ჩვენს წინაშე ხშირად დგება კითხვა: „რისთვის მოვედით ამქვეყნად, უფრო სწორად,
რისთვის მოგვავლინა უფალმა? რა უნდა ვაკეთოთ?“ უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა სიკეთე
უნდა აკეთოს საკუთარი თავისთვის; უნდა იცოდეს, რა არის მისთვის საჭირო. მხოლოდ ამის
შემდეგ შეძლებს იგი, რომ სიკეთე აკეთოს სხვებისთვის. ბედნიერია ადამიანი, რომელიც
ცხოვრობს სხვა ადამიანებისთვის. მინდა, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ ასეთი
თავდადებული ცხოვრებისა.

ჩვენ გვყავდა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდაშონიძე). ამ ადამიანმა ძალიან
დიდი განსაცდელი გამოიარა.

უწმინდესსა და უნეტარეს
ეფრემს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქონდა
დამთავრებული და უწმინდესი
და უნეტარესი ამბროსის (ხელაიას) მდივანი გახლდათ. იყო
დრო, როცა მთელი წმინდა სინოდი დააპატიმრეს და, მათ შორის, თავად ამბროსი ხელაიაც,
რომელიც საპატრიარქო რეზიდენციაში აიყვანეს. თქვენ
იცით, რომ მას დახვრეტა მიუსაჯეს და როდესაც სასჯელის
აღსრულების წინ ჰკითხეს, რა იქნება თქვენი უკანასკნელი სიტყვაო, მან ისტორიული
სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი გული ეკუთვნის სამშობლოს, სული – ღმერთს, ამ ხორცს კი,
რაც გინდათ, ის უყავითო“. ჯალათებს ეგონათ, რომ პატრიარქი მათ თხოვნა-მუდარას
დაუწყებდა, როგორმე სიცოცხლე შემინარჩუნეთო…

ამ დაპატიმრებების შემდეგ საკმაოდ დიდ საპატრიარქო სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი
იმყოფებოდა, ეს იყო კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მღვდელ-მონაზონი ეფრემი. იგი
შემდგომში ამბობდა: დარაჯივით ვიყავი და ყოველდღე ველოდებოდი, როდის მოვლენ ჩემს
დასაპატიმრებლადო.

უწმინდესი ეფრემი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარობის პერიოდში დააპატიმრეს და
თბილისში მეტეხის ციხეში ჩასვეს. ერთხელ იგი დაკითხვაზე გამოიძახეს. თვითონ ასე
მოგვითხრობდა ამ ამბავს: „შუაღამე გადასული იყო. ოთახში შემიყვანეს; მაგიდასთან
ლავრენტი ბერია ზის და მეუბნება: შენ უნივერსიტეტი დაამთავრე და რად გინდა, ეს
ანაფორა რომ ჩაგიცვამს, გაიხადე და სადმე ბიბლიოთეკაში დაგნიშნავ გამგედ ან მუშაკადო. მე მას ვუთხარი: ეგ ჩემი ანაფორა ვინმეს ვნებს ან ხელს
უშლის-მეთქი? არა, არ გვიშლისო – მომიგო. ჰოდა, მაშინ, თუ თქვენი ნებართვა იქნება,
ანაფორაში დავრჩები-მეთქი, – ვუთხარი“. მეორე დილას ციხიდან გამოუშვიათ.

საოცარი იყო უნეტარესი ეფრემის შემდგომი ცხოვრება. იგი ეპისკოპოსად სულ ახალგაზრდა
აკურთხეს. წირვა-ლოცვის უფლება წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ჰქონდა. ტაძრის
მახლობლად დაქირავებულ ორ ოთახში ცხოვრობდა. ერთხელ იქ მიადგნენ და დააპატიმრეს.
უწმინდესი ეფრემი იხსენებდა: „გასვლისას, როცა კარს ვკეტავდი, მღვდელმთავრის
კვერთხი დამივარდა და თავში ასეთი აზრი მომივიდა – ეს ამის ნიშანია, რომ მე ისევ
დავბრუნდები-მეთქი“. იგი 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, სადაც მან 7 წელი გაატარა. შიმშილისაგან დასიებული იყო, როდესაც ომის დასასრულს ციხიდან გამოუშვეს.
უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატე ცინცაძემ სტალინს წერილი მიწერა თხოვნით,
გაეთავისუფლებინა სასულიერო პირები. წერილს თან დართული ჰქონდა პატიმარი
სამღვდელოების სია და მათ შორის ეწერა ეპისკოპოს ეფრემ სიდამონიძის სახელიც.

უნეტარეს ეფრემს საოცარი ამბავი შეემთხვა, როდესაც გადასახლებიდან ბრუნდებოდა.
ზღვაზე გადასვლა ბორანით შეიძლებოდა. მისი რიგი რომ მოვიდა, უთხრეს, ბორანი უკვე
შეივსო და მეტი ადგილი აღარააო. მას თურმე ცრემლი მოერია და ითხოვა, 7 წელია,
სამშობლოში დაბრუნებას ველოდები და იქნებ გამიშვათო, მაგრამ არაფრით დაეხმარნენ.
გავიდა 2 საათი და შეიტყვეს, რომ ბორანი თავისი მგზავრებით ჩაიძირა. ასე გადარჩა
უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი სიკვდილს. უფალი მას საქართველოს ეკლესიის
პატრიარქობისთვის ამზადებდა.

ასეთი შემთხვევები ბევრი იყო. საოცარია, რომ ზოგ ადამიანს მძიმე ჯვარი ეძლევა, ზოგს
კი – ნაკლებად მძიმე, მაგრამ ხშირად იმის ტარებაც არ შეუძლია. მთავარია, ადამიანს
ღვთის მადლი ჰქონდეს. თუკი კაცს ღვთის მადლი გააჩნია, თუკი მასზეა მადლი სულისა
წმინდისა, რომელიც
არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი – იგი მადლით შემოსილი და
გაძლიერებულია, მას აქვს ძალა ღვთისა. უძლურ ადამიანს მადლი ჰკურნავს და ნაკლი თუ
გააჩნია – აღავსებს. თუკი ადამიანს აქვს მადლი ღვთისა, მას ვერავინ ვერაფერს
დააკლებს და მისთვის ჯვარი მუდამ ადვილად სატარებელი იქნება, რადგან უფალი
მასთანაა. ეს არის დიდი სასწაული, როცა უფალი უხილავად არის ადამიანთან. როდესაც
ლოცვას – „მეუფეო ზეცათაოს“ ვკითხულობთ, იქ ნათქვამია: „რომელი ყოველგან ხარ და
ყოველსავეს აღავსებ მადლითა შენითა“.

უფალი ბრძანებს – სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის
ვარ და ჩვენ გვწამს,
რომ ჩვენ შორის მუდამ არის უფალი.

დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ და ვილოცოთ
არა მარტო საკუთარ
თავსა და პრობლემებზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, – სამშობლოზე. უნდა ვიფიქროთ
იმის შესახებ, რომ იგი არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. არსებობს
მრავალი წინასწარმეტყველება ჩვენი სამშობლოს შესახებ. მართალია, საქართველო,
მრავალი განსაცდელის წინაშე მდგარა და დღესაც დგას, იგი აუცილებლად გადარჩება. და
ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის
რწმენა, სიყვარული და სასოება და აი, ეს სამი სათნოება გადაარჩენს ადამიანს და
ჩვენს სამშობლოს.

ღმერთმა მოგცეთ ძალა, მადლი სულისა წმინდისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა
აღმავსებელი! ნურაფრის შეგეშინდებათ, ილოცეთ და ღმერთი შეგეწევათ.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, – განსაკუთრებით ხშირად, დღეში მრავალგზის
წაიკითხოთ „მამაო ჩვენო“, 50-ე და 90-ე ფსალმუნები.

შეგეწიოთ მამაზეციერი თქვენ და სრულიად საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39,
2007 წ.