საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (1 ოქტომბერი, 2006 წ.)

1 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-1-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 1 ოქტომბერი, 2006 წელი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელ მსახურებაზე იყო წაკითხული დავით მეფსალმუნის შესანიშნავი სიტყვები:
„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!“

აი, ეს ორი სათნოება: ძალა ღვთისა, უფრო სწორად, ღვთის მიერ ბოძებული ძალა და
მშვიდობა – მუდამ სანატრელი იყო ქართველი ადამიანისთვის. საქართველო – ქვეყანაა,
რომელიც მეტად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. საქართველო იყო და არის ის
გასაღები, რომელიც მუდამ აღებდა კარს კავკასიაში. უძველესი ქვეყანაა საქართველო და
ამიტომ მას მუდამ ჰქონდა კავშირი სხვა უძველეს ქვეყნებთან, უპირველესად კი –
საბერძნეთსა და ასურეთთან.

დღეს ჩვენთან ერთად ტაძარში ბრძანდებიან ამ დიდი ქვეყნის, – ასურეთის
წარმომადგენლები. მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომ ეს არის უძველესი და დიდი
კულტურის მქონე ერი. აქ მცხოვრები მართლმადიდებელი ასურელები არიან სულიერი
მემკვიდრენი ჩვენი წმინდა ასურელი მამების – იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი
მოწაფის. თქვენ კარგად იცით, რომ VI საუკუნეში ასურელი მამები საქართველოში
სამოღვაწეოდ ჩამოვიდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას მჭიდრო კავშირი და
საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ასურეთთან. მაგრამ, სამწუხაროდ, ავბედობამ გაჰყო ეს
ხალხი და დღეს ისინი სხვადასხვა ქვეყანაში არიან გაბნეულნი.

მინდა ვთქვა, რომ საქართველომ თავისი ღვიძლი შვილებივით შეიფარა ასურელები.
მიგვაჩნია, რომ ასურელები არიან ჩვენი ძმები, მსგავსი მენტალიტეტის მქონე
ადამიანები. რთულია მათი ბედი, მათი ცხოვრება, მაგრამ იმდენად ძლიერია მათი გენი,
იმდენად ძლიერია მათი სული, რომ მათ ყველა სიძნელესა და განსაცდელს გაუძლეს
ცხოვრების გზაზე.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კაცობრიობის მტერი – ბოროტი ძალა ჰყოფს, ხოლო ღმერთი –
აერთიანებს! და ჩვენი ვალია, დავეხმაროთ ამ ხალხს; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
იმისათვის, რომ სულიერად და ინტელექტუალურად შევეწიოთ მათ. ასევე მინდა ვთქვა, რომ
ჩვენც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან. დღეს არის მეტად რთული დრო. ზოგიერთი
გარეშე ძალა კვლავ ცდილობს, დაჰყოს და ერთმანეთს დაუპირისპირონ ასურელები. ზოგიერთი
ცდილობს, ეს ერი ნესტორიანელებს მიაკუთვნოს, ზოგიერთი კი მათ კათოლიკურად
გადანათვლას ლამობს. სინამდვილეში ასურელები არიან უძველესი მართლმადიდებელი ხალხი.
სწორედ მათმა წინაპრებმა – 13 ასურელმა მამამ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობის
მწვალებლობისაგან. ამ დიდმა მამებმა შეგვინარჩუნეს ჩვენ მართლმადიდებელი
სარწმუნოება. ამისათვის ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვმადლობთ ასურელებს, რომ მათმა
წინაპრებმა გასწიეს ასეთი დიდი ღვაწლი ჩვენთან, საქართველოში!

შევთხოვთ უფალს, დალოცოს ასურელები და თავისი მადლი და ძალა მიანიჭოს მათ.
საპატრიარქოში შემოვიდა მათი თხოვნა ხელმოწერებით, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი
თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებად მიიჩნევენ და ითხოვენ წირვა-ლოცვის აღსრულებას
მშობლიურ ენაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს ასურელ ძმებს
ჰქონდეთ ეკლესია, სადაც თავს მოიყრიან მართლმადიდებელი ასურელები.

ასევე მათი სურვილია, შეიქმნას ასურეთის სულიერი და კულტურული ცენტრი საქართველოში.
ეს ცენტრი იქნება მათი თავშეყრის ადგილი, გაიმართება საღამოები, საუბრები მათ
ტრადიციებსა და კულტურაზე. მაგრამ ვიდრე ავაშენებთ ასეთ ეკლესიას და კულტურულ
ცენტრს, მინდა, რომ ჩვენი ასურელი ძმები და დები აქ ჩვენთან, ჩვენ გვერდით იყვნენ.
ამიტომ, სამების ტაძარში მათთვის გამოვყოფთ ერთერთ ეკლესიას და ვეცდებით, რომ მოკლე
დროში მოვძებნოთ მოძღვარი, რომელიც თვითონ იქნება ეროვნებით ასურელი და ამ ტაძარში
წირვალოცვას მათ მშობლიურ ენაზე შეასრულებს. მანამდე კი მე დავავალე სამების ტაძრის
ერთ-ერთ მოძღვარს, მამა ადამს, რომ დროებით მან გაწიოს ასურელებისთვის სულიერი
მოძღვრობა. მამა ადამი ბრძანდება ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ერთ-ერთი
სამედიცინო დაწესებულების დირექტორი. გაიცანით იგი და ყველა საკითხზე მას მიმართეთ.

კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით, ჩემო ასურელო სულიერო შვილებო და შევთხოვ უფალს,
მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან!

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!

დღეს ასევე მეტად მნიშვნელოვანი დღეა. დღეს არის წმინდა თამარ მეფის სახელობის
მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტის პედაგოგთა და მოსწავლეთა
დალოცვა. დიდ მიღწევად მიმაჩნია საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ ამგვარი
სასწავლებლის დაფუძნება. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც
მოამზადებს მედიცინის მუშაკებს. მინდა დავლოცო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები,
რომლებიც ლექციებს წაიკითხავენ ამ ინსტიტუტში და აღზრდიან მედპერსონალს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასწავლებელი თავის წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში
სოციალური მედიცინის და ზოგადად სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლების საქმეში.

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ! ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და
სიხარული!

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ აქ, სამების ტაძრის ტერიტორიაზე იხსნება
დეკორატიული მებაღეობის, გამწვანებისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი. თქვენ იცით,
რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიახლოვე ბუნებასთან. ეს ინსტიტუტი მოემსახურება
მთელ საქართველოს. ჩემი აზრით, ინსტიტუტის საქმიანობა წარმატებული იქნება, რადგან
მას კავშირი ექნება უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და დიდ გამოცდილებას
შევიძენთ. ვფიქრობ, ამ სასწავლებელში მოვამზადებთ სპეციალისტებს, რომლებიც
მოემსახურებიან საქართველოს და, შესაძლოა, საქართველოს ფარგლებსაც გასცდნენ.
ინსტიტუტში I კურსზე უკვე ჩარიცხულია 103 სტუდენტი და ისინი ხვალიდან შეუდგებიან
სწავლას. მინდა გთხოვოთ, ვისაც საშუალება გექნებათ, თითო ქოთნის ყვავილი მოიტანოთ
ინსტიტუტისთვის და თქვენი მხრიდან ეს ახალი ინსტიტუტისთვის დიდი დახმარება იქნება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! შევთხოვ უფალს, რომ მრავალჟამიერი
იყოს თქვენი სიცოცხლე! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად
საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36(389),
2006 წ.