საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე (22 აპრილი 2007 წელი; სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი)

22 აპრილი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%af%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 22 აპრილი 2007 წელი

„ყოველ ადამიანს ეძლევა თავისი
ჯვარი ღვთისაგან და ამ ჯვარმა მიწიდან ზეცას უნდა აღიყვანოს იგი!“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მიუწვდომელია განგება ღვთისა და ეს განსაკუთრებით გამოვლინდა ჩვენს ეკლესიაში,
ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი ღვთის წყალობა გადმოვიდა საქართველოზე. ჯერ კიდევ
ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ჩვენს ქვეყანაში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ელია
წინასწარმეტყველისა. რით დაიმსახურა ასეთი წყალობა ქართველმა ერმა? იმ დროს
გავრცელებული იყო წარმართობა. უფალი ხედავდა საქართველოს მომავალს. ეს იყო ერთგვარი
წინასწარმეტყველება იმისა, რომ განსაკუთრებული მადლი მოეფინებოდა საქართველოს:
ჩვენი ქვეყანა გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, საქართველოში
ჩამოაბრძანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. კიდევ მრავალი სასწაული
მოუხდენია უფალს ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი სასწაულთაგანია ასევე ჯვრის გამოჩინების
დღესასწაული, რომლის მოსაგონებლადაც აღიმართება დღეს სამი ჯვარი იმ სამ ადგილას,
რომელიც გამოირჩია თავად უფალმა.

თქვენ გახსოვთ „ქართლის ცხოვრებიდან“, რომ მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას
ზეობის დროს, როდესაც საქართველოს ეკლესიას ჰყავდა პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე,
მცხეთაში, ერთ განსაკუთრებულ ადგილას, იზრდებოდა სასწაულთმოქმედი ხე, რომელსაც
სასწაულთმოქმედი ძალა ჰქონდა. ზამთარში მას არ სცვიოდა ფოთლები და თუკი ამ ხეს
შეეხებოდა, ან მისი ფოთოლს იგემებდა სნეული ადამიანი თუ ცხოველი, მყისვე
განიკურნებოდა თავისი უძლურებისაგან. ღვთის საიდუმლო განგებით ეს ხე მოჭრეს და ამ
წმინდა ადგილზე მოიტანეს. სწორედ მისგან დამზადდა სამი ჯვარი, რომელიც ღვთის
მითითებითა და ვარსკვლავის გამოჩინებით დააბრძანეს: ერთი – ჯვარზე, სადაც შემდგომში
ჯვარის მონასტერი აღიმართა, მეორე – თხოთის მთაზე და მესამე – უჯარმაში. ეს იყო
ღვთის დალოცვა, ეს იყო ლოცვა-კურთხევა მთელი საქართველოსთვის.

ამიტომ ჩვენ დავამზადეთ სამი ჯვარი, რომლებიც საზეიმო მსვლელობით აღიმართება და
ჩვენ ყოველ წელიწადს აღვნიშნავთ ხოლმე ამ დიდებულ დღესასწაულს.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჯვარი – არის უდიდესი ძალა ღვთისა. თქვენ
იცით, რომ ჯვარი იყო სამარცხვინო სასჯელის იარაღი. ჯვარცმით ისჯებოდნენ ყველაზე
სასტიკი ავაზაკნი. და აი, ეს ყველაზე სამარცხვინო იარაღი – მაცხოვრის ჯვარცმის
შემდგომ – გახდა საოცარი მადლის მატარებელი.

ყოველ ადამიანს ეძლევა თავისი ჯვარი ღვთისაგან და ამ ჯვარმა მიწიდან ზეცას უნდა
აღიყვანოს იგი. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ ჯვრის ძალამ დაიცვას და დაიფაროს
საქართველო და მთელი მსოფლიო, ჯვარის ძალამ გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, გაამთლიანოს
ქართველი ერი. ჯვრის ძალამ დააბრუნოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში.
ჯვრის ძალამ გვაცხოვნოს ჩვენ, აღგვიყვანოს მიწიდან ზეცას!

ჯვარი – ეს არის ის სულიერი კიბე, რომელზეც უნდა ავიდეს ყოველი ადამიანი.
მთავარი ის არის, რომ უნდა გვესმოდეს, ყოველი ჩვენთაგანის ჯვარი ღვთისაგანაა
ბოძებული და თუკი გაგვიჭირდება მისი ტარება, უნდა შევევედროთ უფალს და იგი
აუცილებლად შეგვეწევა.

დღეს განსაკუთრებული დღეა და ტაძარში თუ სახლში თქვენ თაყვანი უნდა სცეთ და
ევედროთ ჯვარსა პატიოსანსა.

ღმერთმა დაგლოცოთ, ახლა საკუთხევლიდან გამოვიტანთ 3 ჯვარს, შესრულდება
დოსქსოლოგია და შემდეგ ჯვრებს წააბრძანებენ ჯვარზე, თხოთის მთასა და უჯარმაში.

შეგეწიოთ წმინდა ჯვრის ძალა თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღდგა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №13,
2007 წ.