საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს (11 სექტემბერი, 2005 წ.)

11 სექტემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
საკვირაო ქადაგება
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს

11 სექტემბერი, სამების საპატრიარქო ტაძარი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თითქოს ძნელი გასარჩევია, როდის არის ზეიმი და როდის – გლოვა. დღეს წმიდა იოანე
ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა, ჩვენ კი ვამბობთ, რომ დღესასწაულია. მართლაც,
ზეციურ საქართველოში და ზეციურ სამყაროში ეს ზეიმია; ამქვეყნად მცხოვრები
ადამიანებისათვის კი, ეს იყო მძიმე დღე, ეს იყო განსაცდელი.

ვინ არის ადამიანი?

იგი, უპირველეს ყოვლისა, არის ხატი ღვთისა.

იკარგება თუ არა მასში ეს მადლი?

არ იკარგება, მხოლოდ ცოდვებით ბნელდება, მაგრამ როგორც კი ცოდვას გულით მოინანიებს,
როგორც კი იგი სულიერად განიწმიდება ცოდვებისაგან, ისევ იბრუნებს თავის
ბრწყინვალებას – ხატებას ღვთისას.

ერთი პროფესორი, იტყოდა ხოლმე: ადამიანი ღვთის ხატია და შეიძლება სადღაც ქუჩაში
მთვრალი ეგდოს ე.ი. თითქოს ხატი ღვთისა აგდია ქუჩაშიო.

ძველი რომაელები ამბობდნენ: „ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ“ – ადამიანი ადამიანისთვის
მგელია. ეგვიპტეში კი სფინქსის სახით (რომელსაც სახე ადამიანისა აქვს და სხეული კი
– მხეცისა) გამოხატავდნენ, რომ ჩვენში მხეცის ბუნებაც არის, თუმცა რა ბოროტებასაც
ადამიანი გაუკეთებს სხვა ადამიანს, მსგავსს ნადირი ვერც მოიფიქრებს. სახარებაში
მოთხრობილია, რომ ჰეროდეს ზეიმზე ცეკვა შეასრულა მისმა ძმიშვილმა სალომეამ. ჰეროდემ
ძმის ცოლი ცოლად მოიყვანა; დაბადების დღეზე კი თავისი ძმიშვილის ცეკვა იმდენად
მოეწონა, რომ ნახევარ სამეფოს დაჰპირდა. სალომეა დედის რჩევით სთხოვს თავს წმიდისა
იოანე ნათლისმცემლისა, რომელიც ამ დროს ციხეში იმყოფებოდა. როგორი სულიერი სამყარო
უნდა იყოს ამ ადამიანებში – ქალიშვილში და მის დედაში; ქალში, მანდილოსანში, რომ
მათ ითხოვეს, სინით მოერთმიათ თავი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისა?! მეფე შეწუხდა
ამის გამო, მაგრამ იმდენად დიდი იყო ამპარტავნება მასში, რომ ნათქვამს არ
გადაუხვია, არ გატეხა თავისი ფიცი, გაგზავნა მსახურები, წმიდა იოანე ნათლისმცემელს
თავი მოჰკვეთეს და სალომეას მოართვეს, მან კი, თავის მხრივ, დედას მიართვა. აი,
როგორი ჯაჭვია ბოროტებისა, ერთი ბოროტება როგორ შობს მეორე ბოროტებას. თითქოს ბოლო
არ უჩანს, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ბოროტებას ბოლო მაინც აქვს: ისტორიიდან
ცნობილია , რომ ეს ქალიშვილი, სალომეა ზამთარში, მდინარეზე ყინულზე გადადიოდა,
მოულოდნელად ყინული გატყდა და მას თავი წაჰკვეთა. აი, ასე აჩვენა უფალმა, თუ რას
ნიშნავდა მისი ჩადენილი ცოდვა.

ადამიანი მაინც დიდი საიდუმლოებით არის მოცული. აი, ახლა ჩვენ ვიმოგზაურეთ
პოლონეთში, მოვინახულეთ სხვადასხვა წმიდა ადგილები, ტაძრები. თქვენ იცით, რომ
არსებობს პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მისი უნეტარესობა, მიტროპოლიტი საბა
რამდენიმე ხნის წინათ საქართველოში ბრძანდებოდა. ჩვენი ვიზიტი საპასუხო იყო.

პოლონეთში ჩვენ მოვინახულეთ ის ბანაკები, სადაც გერმანელი ნაცისტები აწამებდნენ
ადამიანებს – ებრაელებს და სხვა ერის წარმომადგენლებს. სწორედ იქ დაასრულა თავისი
ცხოვრება დეკანოზმა გრიგოლ ფერაძემ, რომელიც ჯერ გაზის კამერაში შეიყვანეს და მერე
დაწვეს. საოცარია! თითქოს მართლაც არა აქვს საზღვარი ბოროტებას! ბანაკებში ისეთი
ადგილიც ჰქონდათ, სადაც პატიმართა გვამებს ჭრიდნენ და ათვალიერებდნენ. ეს იმიტომ,
რომ ზოგიერთებმა, ვისაც პატარა ოქროს ნივთი გააჩნდა, შენახვის მიზნით, ეს ნივთები
გადაყლაპეს. ნაცისტები ჭრიდნენ გვამებს და სინჯავდნენ, ჰქონდათ თუ არა ტყვეებს
ჩაყლაპული ოქროს ნივთი; გარდა ამისა, ისინი ცოცხალ ადამიანებსაც აძრობდნენ ოქროს
კბილებს. ძნელია ამის წარმოდგენა, ეს საშინელებაა! მართლაც წამოუდგენელია, როგორ
შეიძლება ადამიანი ასე გაბოროტდეს, ასე დაეცეს.

ერთი ნამდვილი ამბავი მაქვს წაკითხული: ასეთ ბანაკში ერთი ახალგაზრდა ყოფილა.
ერთხელ ნაცისტებს ხალხის მორიგი ნაკადი შეჰყავდათ გაზის კამერებში. ამ ახალგაზრდას
დაუნახავს, რომ ერთ-ერთი ეტაპით დედამისი მოუყვანიათ. ნაცისტები პატიმრებს
ატყუებდნენ, თითქოს აბანოში უნდა წაეყვანათ, სინამდვილეში კი გაზის კამერებში
უშვებდნენ. სხვა პატიმრებმა იცოდნენ ეს ამბავი, მათ შორის, ამ ახალგაზრდამ,
რომელსაც გაზის კამერა არ ჰქონდა მისჯილი. შვილმა არ უთხრა დედას, სინამდვილეში სად
მიჰყავდათ: – დედა, ახლა აბანოში უნდა შეხვიდე. მეც ჭუჭყიანი ვარ და მინდა
დავიბანო, მეც შენთან ერთად შემოვალო. მართლაც, თავგანწირული ბიჭი შევიდა დედასთან
ერთად გაზის კამერაში და დედა-შვილი ერთად დაიხოცნენ.

თურმე ადამიანს კი შეუძლია ასეთი საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ
ის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უფალთან ადიან, რომელნიც ადიან სრულყოფის
კიბეზე, ადიან და ანგელოზებს ემსგავსებიან. აი, რამხელა ამპლიტუდაა ადამიანის
სულიერი ბუნებისა – ჯოჯოხეთიდან სამოთხემდე.

დღეს აღვავლენთ ლოცვებს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მიმართ, რომ მისი ლოცვით ღმერთმა
მისცეს მშვიდობა სოფელსა და სულთა ჩვენთა; მოგვანიჭოს დიდი წყალობა, რომ არ იყოს
შური, არ იყოს მტრობა, არ იყოს ის საშინელება, რაც ადამიანს ჩაუდენია.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი აღმატებული და ამაღლებულია ადამიანთა შორის. წმიდა იოანე
ნათლისმცემელი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. წმიდა იოანე ნათლისმცემლის
ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი.

* * *

უკვე რამდენიმე ხანია საბერძნეთში სწავლობს მამა მელქისედეკი ხაჩიძე, რომელიც
კეთილად წარმოადგენს საქართველოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იგი დაამთავრებს სწავლას,
დაუბრუნდება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას კი საბერძნეთშიც და აქაც ასახელებს. და
აი, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მამა მელქისედეკი დაჯილდოებულია ოქროს
გამშვენებული ჯვრით, ენქერით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. თქვენი და ჩვენი
სახელით ვულოცავთ ამ მაღალ ჯილდოს მამა მელქისედეკს. უკვე იღუმენი ბრძანდებით და
ღმერთმა ინებოს, რომ მოგცეთ უფალმა თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმიდე, რომ წმიდად
აღასრულოთ ეს ვალი.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32(339),
2005 წ.