საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება სნოში (23 ოქტომბერი, 2007 წელი; წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი)

23 ოქტომბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-23

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება სნოში

წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი, 23 ოქტომბერი, 2007 წელი

„ადამიანისთვის სასუფეველი
ღვთისა, მისი მიწიერი ცხოვრებით, დედამიწაზე იწყება.
ჯოჯოხეთიც ასევე დედამიწაზე იწყება. ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო იყოს
საწყისი სასუფეველისა…“

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანის გონება, ადამიანის სული ვერ ჩაწვდება სიღრმეს ღვთის წყალობისა და მის
ღვთის განგებას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის უზენაესი
განგებით და უფლის ნებით ხორციელდება. დღეს საქართველოს ეს მხარე, ხევი, ზეიმობს,
რამეთუ აღსრულდა ნება ღვთისა და აქ აშენდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის
ტაძარი. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის ნება ღვთისა. თქვენ იცით, რომ
ვახტანგ გორგასალი განსაკუთრებული მეფეა საქართველოსი. მისი ღვაწლით მოიპოვა საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია. მანამდე იგი ემორჩილებოდა ანტიოქიის
ეკლესიას. და აი, V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მიიღო დადგენილება, რომ
საქართველოს ეკლესია ყოფილიყო თავისუფალი. ერთ-ერთი დიდი პიროვნება კანონისტი
ვალსამონი, რომელიც შემდგომ ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქი გახდა, წერს, რომ საქართველოს, ეკლესიას ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიის დადგენილებით, ნეტარი პეტრეს დროს
მიენიჭა (იმ დროს ანტიოქიის პატრიარქი იყო პეტრე და ჩვენი ეკლესიის წინამძღოლსაც
პეტრე ერქვა) სწორედ ამ ორ პიროვნებას ახსენებს კანონისტი ვალსამონი, მომავალი
პატრიარქი ანტიოქიისა.

მეფე ვახტანგ გორგასალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც. მან
ქართველ ერს საოცარი ანდერძი დაუტოვა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა“. იმდენად
დიდი იყო მისი რწმენა, მისი სულიერება, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა! დაუკვირდით,
იმას კი არ ამბობს, – განსაცდელის ჟამს გაუძელითო, არამედ თავად ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო.

ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, როცა ვახტანგ გორგასალი თბილისში არ ბრძანდებოდა, მისი და
ოსებმა გაიტაცეს. როდესაც მეფე დედაქალაქში დაბრუნდა, თავისი დის გამოსახსნელად
გაეშურა. მეფე გუდამაყრის ხეობით გადმოვიდა, ხევს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და
აქ შეჩერდა. იმხანად აქ ცხოვრობდა სნო, რომელსაც ჰყავდა შვილი ღუდუშა. მეფე ვახტანგ
გორგასალმა მონათლა ეს ბავშვი და შემდეგ წავიდა და დააბრუნა თავისი და ოსეთიდან.
აი, ასე გახდა ღუდუშაურების ნათლია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი!

თხუთმეტი საუკუნე ელოდნენ ჩვენი წინაპრები და ელოდებოდა
მეფე ვახტანგ გორგასალი, რომ ღირსეულად აღნიშნულიყო ეს მოვლენა – ჩვენი წინაპრების
ნათლიობა. დიდება
და მადლობა
უფალს, რომ 15 საუკუნის შემდეგ
ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება, აღგვემართა ეს შესანიშნავი სამეფო ტაძარი. მინდა დავლოცო მამა მიქაელ წურწუმია, რომელიც შრომობდა
მის შენებაში. მინდა, დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც შესაწირი გაიღო და
მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა შეუწიროს
და ღმერთმა მრავალი სიკეთე გააკეთებინოს მათ საქართველოსა და ჩვენი ეკლესიის
საკეთილდღეოდ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც სიკეთეს აკეთებს. უნდა
ვაკეთოთ სიკეთე და უნდა ვიჩქაროთ სიკეთის კეთება, რადგან არ ვიცით, რამდენი დრო
მოგვცა უფალმა ამქვეყნად. და სიკეთე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ასმაგად
დაგვიბრუნდება ჩვენვე. არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ, არ აკეთონ
სიკეთე, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც არ შეუძლიათ, არ აკეთონ
ბოროტება. ადამიანისთვის სასუფეველი ღვთისა, მისი მიწიერი ცხოვრებით, დედამიწაზე
იწყება. ჯოჯოხეთიც ასევე დედამიწაზე იწყება. ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო
იყოს საწყისი სასუფეველისა და ყოველი მკვიდრი
საქართველოსი და უცხოეთში მცხოვრებნი ჩვენი ქვეყნის შვილნი გახდნენ ღირსნი
სასუფეველისა.

დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი! დიდება შენდა ღმერთო ჩვენო,
დიდება შენდა! დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის დიდება და მადლობა
უფალს!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დიდი მადლი შეგვემატა ხევს და მთელ
საქართველოს. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენ შორის, ამინ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იუბილე მივულოცო ჩვენს ახლობლებს. ჩვენ გვყავს ორი
ადამიანი – ღუდუშაური და შიოლაშვილი, რომელთაც წელს 80 წელი უსრულდება. ეს არის
ჩემი ალალი ბიძაშვილი თამარი, რომელიც ასევე მარიამი ჰქვია და ჩემი ძმა – ვიქტორი.
ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. ჩვენი სახლი და ბიძის სახლი ჩვენთვის საერთო იყო. ეს იყო
უბედნიერესი წლები. ვულოცავ ქალბატონ თამარს ამ თარიღს. იმდენად კარგად გრძნობს იგი თავს, რომ მე ვურჩიე,
ნუ იტყვი, რომ 80 წელი შეგისრულდა, თქვი, რომ 17 შეგისრულდა და არ თქვა, როდის-მეთქი.
დიდი ძმური სიყვარულით ვულოცავ მას ამ თარიღს და მინდა სახსოვრად გადავცე ოქროს
ჯვარი და წიგნი. ჩემს ძმასაც ვულოცავ ამ თარიღს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენს
სასიხარულოდ. არცერთს ასაკი არ ეტყობათ.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
ამინ. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ
ღვთის მადლით, მისი უზენაესი სიყვარულითა და განგებით დაგვიდგება ის დრო, როცა
საქართველოს საზღვრები აღდგება და ჩვენ ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და
მთლიანობას, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33,
2007 წ.