საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (6 მაისი, 2001 წ.; ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი)

6 მაისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, 6 მაისი, 2001 წ.

ქრისტე აღსდგა!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმიდა გიორგის ლოცვით, მისი შუამდგომლობით, ღმერთმა ინებოს თქვენი და
საქართველოს მშვიდობა!

წმიდა მეფე წინასწარმეტყველი დავითი ფსალმუნში ამბობს: „აღამაღლოს ღმერთმან
ჩეული ერისაგან თვისისა“. წმიდა გიორგი სწორედ იმ რჩეულთაგანია,რომელიც აღამაღლა
ღმერთმან მორწმუნე ერისაგან.

წმიდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში. ამ მხარეში ქართველთა ტომი სახლობდა.
არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ მათი შთამომავალი უნდა ყოფილიყო წმიდა ნინო, წმიდა
ბასილი დიდი და მრავალი სხვა კაბადოკიელი წმიდანი.

მთელი მსოფლიო ადიდებს წმიდა გიორგის, მაგრამ როგორც თავის მეოხს, მწყალობელსა
და მფარველს, განსაკუთრებით განადიდებს და თაყვანს სცემს მას სრულიად საქართველო.
ძველ დროს, მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად, საქართველოს ყოველ სოფელსა თუ
ქალაქში აღმართულ ტაძრებსა და მონასტრებში აღინიშნებოდა წმიდა გიორგის დღესასწაული.
დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ დადგება ის ბედნიერი დრო, როცა აღდგება ეს კურთხეული
ტრადიცია და მასთან ერთად ყველა ის ტაძარი და მონასტერი, სადაც ჩვენი წინაპრები
განადიდებდნენ წმიდანს.

ქართველმა კაცმა წმიდა გიორგის მრავალი სახელი უწოდა: მკურნალი, ძლევამოსილი,
წინამბრძოლი; კახეთში მას თეთრ გიორგის უწოდებენ; კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი
სახელითად მოიხსენიება იგი: პიროფლიანი წმიდა გიორგი. რატომ „პიროფლიანი“? იმიტომ,
რომ იგი ყველას დაუღალავად ეხმარება. შემწეობისათვის წმიდა გიორგის მუსლიმანებიც
ევედრებიან; ეგვიპტეში მინახავს, როგორ ლოცულობენ ისინი წმიდა გიორგის ხატის
წინაშე. იგი იმდენად მოწყალეა, იმდენად ძლიერი, იმდენად დიდია მისი ღვაწლი ღვის
წინაშე, რომ ყველას დახმარება ძალუძს.

წმიდა გიორგი III ს-ში, იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
იმპერატორს იგი ძალიან უყვარდა და საიმპერატორო ტახტზე თავის მემკვიდრედ სურდა
დაეტოვებინა. მაგრამ ქვეყნიურ დიდებას წმიდანმა ზეციური გვირგვინი არჩია. წამების
დროს, როცა იგი სისხლისაგან იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი:
„ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ“. ეს სიტყვები ყოველგვარი გასაჭირის ჟამს უნდა
გვახსოვდეს; ეს უნდა ახსოვდეს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი დღეს, როცა
ირგვლივ ასეთი საშინელი მდგომარეობაა.

დღესაც ხშირად ისმის ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „საქართველო, ნუ
გეშინია, მე შენთანა ვარ!“ ჩვენს ქვეყანას ღმერთი არასოდეს დატოვებს, ყოვლადწმიდა
ღვთისმშობელი დედა არასდროს მოაცლის მას თავის საფარველს, არასდროს მოაკლდება
მეოხება წმიდა გიორგისა, წმიდა ნიკოლოზისა, წმიდა ნინოსი და სხვა წმიდანთა.

წმიდა გიორგი სიმბოლოა გამარჯვებისა. ჩვენ გულში ხშირად უნდა ჩნდებოდეს სურვილი
იმისა, რომ დავამარცხოთ მტერი. უპირველეს ყოვლისა, მოვაკვდინოთ ვნებები, აღვხოცოთ
ჩვენი ცოდვები და მაშინ მუდამ გამარჯვებულნი ვიქნებით.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც წმიდა
გიორგის სახელს ატარებს. ქართველ მეფეთაგან ცამეტს სახელად გიორგი ერქვა. ზეციურ
სამყაროში მყოფ ქართველ მეფეებს ვულოცავთ ანგელოზის დღეს, გიორგობას.

თქვენ იცით, რომ დღეს არის ჩვენი პრეზიდენტის ანგელოზის დღე. მას ნათლობისას
გიორგი ეწოდა. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს გიორგობის დღესასწაულს. წმიდა გიორგიმ
დალოცოს იგი.

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტე აღსდგა!

მრავალ გიორგობას დაესწარით მშვიდობიანად და ბედნიერად!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2001 წ.