საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერი, 2008 წ.; ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი)

23 ნოემბერი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 23 ნოემბერი, 2008 წ.

„ხმა უფლისა მუდამ ესმის ყოველ
მორწმუნე ადამიანს, როცა მას უჭირს.
დღეს ეს ხმა ესმის ჩვენს ქვეყანასაც: „ნუ გეშინია, საქართველო, მე შენთანა ვარ!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

არსებობს დღესასწაულები, რომელთა მნიშვნელობა აღემატება კონკრეტულად იმ
წმინდანის ხსენების დღეს და გაცილებით მეტს ნიშნავს. ასეთი აღმატებული დღესასწაულია გიორგობა – ჩვენი საეკლესიო და საერო დღესასწაული! და ყველას გილოცავთ
ამ დიდებულ დღეს!

წმინდა გიორგი არის განსაკუთრებული მფარველი ჩვენი ერისა. რომ გადავხედოთ ჩვენს
ისტორიას, ჩვენი ერისა და ქვეყნის წარსულს, დავინახავთ, რაოდენ დიდი იყო ჩვენში
წმინდა გიორგის თაყვანისცემა. მისი ხსენება, ეკლესიის მიერ დაწესებული თარიღების
გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღე აღინიშნებოდა რომელიმე სოფელში, ან
დაბაში, ან ქალაქში, როგორც მისი მოსახელე ამა თუ იმ ტაძრის დღესასწაული. ამგვარად
საქართველოში ყოველდღე იყო ხსენება წმინდა გიორგისა! ეს ფაქტი მეტყველებს ჩვენი
ერისთვის წმინდა გიორგის სახელის უდიდეს მნიშვნელობაზე. ამასთან, მეტად
საინტერესოა, ჩვენში დამკვიდრებული წმინდა გიორგის აღმნიშვნელი მრავალი სახელი თუ
ეპითეტი: ძლევაშემოსილი, თეთრი გიორგი, კახეთში გავრცელებული იყო ასევე –
პიროფლიანი გიორგი. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ წმინდა გიორგი დაუღალავი შემწე და
მფარველი იყო მუდამ ყველასი.

თქვენ იცით, წმინდა გიორგი IV საუკუნეში
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იმ დროს მეფობდა ძალიან ცნობილი პიროვნება, იმპერატორი
დიოკლეტიანე. დიოკლეტიანე იყო გონიერი ადამიანი, მაგრამ მას ეგონა, რომ თუ
კერპთაყვანისმცემლობას დაიცავდა, ამით თავის ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევდა. და
აი, დიოკლეტიანემ შეიტყო,
რომ მისი უახლოესი მხედართმთავარი გიორგი
ქრისტიანია. ჯერ დაპირებითა და მოფერებით,
შემდეგ მუქარითა და წამებით ეცადა მის გადაბირებას. მაგრამ წმინდა გიორგი ვერაფერმა
გატეხა,
– იგი დარჩა ერთგული
ქრისტესი, დარჩა ერთგული ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ამიტომ განრისხდა დიოკლეტიანე და
გიორგი სასიკვდილოდ
გაიმეტა. როდესაც სასტიკი წამების შემდეგ იგი
სისხლით იცლებოდა, მას
ესმა ხმა უფლისა: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ!“

„ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ!“ – ეს ხმა უფლისა მუდამ ესმის ყოველ მორწმუნე
ადამიანს, როცა მას უჭირს. დღეს ეს ხმა ესმის ჩვენს ქვეყანასაც: „ნუ გეშინია,
საქართველო, მე შენთანა ვარ!“ ეს არის ნუგეშისმომგვრელი სიტყვები უფლისა.

ჩვენ მეტად მოხარულნი ვართ, რომ სადღესასწაულო წირვას დღეს ესწრება ჩვენი
პრეზიდენტი. მინდა შევთხოვო წმინდა გიორგის, რომ ძალა მოგცეთ, მხნეობა და
გამარჯვება თქვენ და თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს!

წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთი იყოს მფარველი საქართველოსი! წმინდა გიორგის ლოცვით,
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

მინდა ვთქვა ისიც, რომ ვერავითარი ძალა ვერ დაჰყოფს ჩვენს სამშობლოს! უნდა ვიცოდეთ
და გვახსოვდეს, უნდა გვწამდეს, რომ წარმოუდგენელია საქართველო აფხაზეთისა და
ცხინვალის რეგიონის გარეშე! გუშინ მე ტელეფონით მომილოცეს გიორგობა ილორიდან და
მითხრეს, რომ იქ მუდამ ლოცულობენ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და მშვიდობისათვის.

დღეს, შუა ტაძარში, ანალოღიაზე დაბრძანებულია წმინდა გიორგის ვერცხლის ხატი. ეს
ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლია. მტკიცედ მწამს, რომ ღვთის მადლით, მალე დადგება
დრო, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას! ღმერთმა დაგლოცოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №41, 2008 წ.