საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

7 ოქტომბერი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-97

ა.წ. 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მისი მეუღლე და დელეგაციის სხვა წევრები  მიიღო. 

მისმა უწმინდესობამ პრეზიდენტს სტუმრობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია; მოგეხსენებათ, პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული ჩვენთვის მაინც არის ტერიტორიული მთლიანობის  საკითხი. საქართველოს 20% მიტაცებული არის სხვა ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აწევს ეს თემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აღნიშნული პრობლემა სამართლიანად გადაწყდეს. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიიდან. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ არსებული ვითარების ადგილიდან დაძვრა. 

გერმანიის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: თქვენო უწმინდესობავ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა. საქართველოზე როდესაც ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვისაუბროთ იმ დიდ პრობლემასა და გამოწვევაზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპაციას ეხება. დღეს დილას შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, იმ გამოწვევებსა და მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არსებობს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავი გზა განვლო დემოკრატიის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისა და შიდა რეფორმების მიმართულებით. სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი – ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება, ასევე ვიზალიბერალიზაციას, რაც მართლაც დიდი მიღწევაა. ხვალ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრებით ადმინისტრაციულ საზღვართან, სადაც დაგვხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა აქ საზღვრების ხელახლა გავლება და კონტროლი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ…

მისმა უწმინდესობამ გერმანიის პრეზიდენტს ქართული სამრევლოების, ქართველი სტუდენტებისა და გერმანიაში დასაქმებული ქართველების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) სთხოვა დახმარება ბერლინსა და მიუნხენში ქართული სამრევლოსთვის ეკლესიისთვის ადგილის გამოყოფაზე. 

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ და გერმანიის პრეზიდენტმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის კულტურული და საქმიანი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.