საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება 12 მოციქულის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე (13.07.2019)

13 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-73

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის განსაკუთრებული დღე, 12 მოციქულის დღესასწაული. თქვენ მოისმინეთ მნიშვნელობა, რამდენად დიდია ღვაწლი 12 მოციქულისა. 

ყოველი მოციქული იყო არამარტო ღვთის გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელიც, სიხარულის მაუწყებელი. მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ომისდროინდელი ამბავი. სკოლაში მოწყობილი იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის და ერთი პატარა ბიჭი, 12-14 წლისა, მიდიოდა მათთან და შორიდან უყვიროდა ჯარისკაცებს: შენ მალე მორჩები, შენ განიკურნები, შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს, შენს ოჯახს. ამ ბიჭს დაარქვეს ,,მახარობელი”. როცა რაღაც პერიოდი არ გამოჩნდებოდა, წუხდნენ დაჭრილები, – სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო. 

მე მინდა ლოცვა-კურთხევა მოგცეთ მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, მახარობელი სხვისთვის. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ადამიანი ესწრება დღეს წირვა-ლოცვას. ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს, ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი თავისი დიდი მისიის აღსასრულებლად.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ დავალება. იცოდეთ, ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ.

ჩვენთან არს ღმერთი!