საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა

18 აპრილი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-43

ა.წ. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ბ-ნ ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს,  ქ-ნ ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანხმლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში ბ-ნი რევაზ ლომინაძე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომლის ნათელი დადასტურებაცაა თამარ მეფის მიერ კვიპროსში აგებული  ღალიის მონასტერი.

მისმა უწმინდესობამ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.

კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას.

ბ-ნმა ნიკოს ანასტასიადისმა მის უწმინდესობას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადმოსცა და ბრძანა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.  

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა რევაზ ლომინაძემ ისაუბრა კვიპროსში მცხოვრები ქართველების შესახებ და მადლიერებით აღნიშნა პრეზიდენტისა და კვიპროსის მთავრობის მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მისი აღმატებულება, ბ-ნი ნიკოს ანსტასიადისი კვიპროსის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა; ვფიქრობთ, მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.