საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (27.01.2020)

27 იანვარი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-142

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – ნინოობას. ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთი საქართველოს ეკლესიაა, რომელიც მოაქცია ქალმა. განვლო ამდენმა საუკუნემ და ქართველი ადამიანი თაყვანს სცემს წმინდა ნინოს. წმინდა ნინო არის შუამდგომელი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის.

არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელისა. იყო ერთი შემთხვევა, მე მოვინახულე, მოვილოცე,  წმინდა მცხეთის მონასტერი. იქ ბრძანდებოდა დედა ზოილე, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა და წმინდა ნინომ ინება, ხუთ წუთში დაიწერა ეს საგალობელი – ,,გიხაროდენ ფრიად შვენიერო შორის დედათა, საღმრთოო სძალო.“ სასწაული მოხდა. ეს საგალობელი იქნება მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგაც.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იგალობოთ იგი და წმინდა ნინო იქნება თქვენი მფარველი.

მე მინდა მოგითხროთ ერთი სასწაული: ჩემი უფროსი ძმა იყო მძიმედ ავად. გარდაცვალების წინ მე ვიყავი იმ ოთახში, სადაც ის იწვა და მეუბნება – ირაკლი, (ირაკლი მერქვა მე) მოდი აქაო. მივუახლოვდი და შეხედეო, ვინ მოვიდაო ჩვენთან. ვინა მეთქი? – და წმინდა ნინოო.

ის იყო სრულ გონებაზე. ეს არ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გამოეცხადა ან მოეჩვენა. წმინდა ნინომ მოინახულა ავადმყოფი. ეს არის დიდი სასწაული და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალმა გაგვხადა ღირსი, რომ ჩვენი მომქცეველი, ჩვენი მფარველი, ჩვენი მლოცველი არის წმინდა ნინო. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვები.

გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

თქვენ იცით, რომ დღეს ისტორიული დღეა – 125 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც ეკურთხა წმინდა ნინოს ეს ტაძარი. აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმერმა, მაშინ პატრიარქი არ იყო. მერე აქედან გადაიყვანეს იგი პეტერბურგში, პეტერბურგიდან – კიევში, სადაც კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მასთან მივიდა ჯგუფი, გაიყვანეს მონასტრის გარეთ და დახვრიტეს. რუსულმა ეკლესიამ აღიარა იგი წმინდანად. შეგვეწიოს იმის ლოცვები.

მე მინდა აღვნიშნო ეს დიდი დღესასწაული და ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: წინამძღვარი ამ ტაძრის, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი ჭიტაძე დაჯილდოეუბულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

ვულოცავ მათ ამ მაღალ ჯილდოს.

თქვენ ყველას კი უფალი გაჯილდოებთ სიყვარულით. აქსიოს!

დალოცვილი იყავით!

ჩვენთან არს ღმერთი!