საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (13.12.2019)

13 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-124

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის დიდი დღესასწაული. დღე-ღამის განმავლობაში შესრულდა 6 წირვა. წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს.

დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა, – ანდრია პირველწოდებულისა; იგი ჩვენი განმანათლებელია, ჩვენი მომქცევია. მან მოაქცია, იქადაგა პირველად სახარება საქართველოში და მოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

დღეს არის ხსენება ჩვენი საყვარელი მეფისა, – ვახტანგ გორგასალისა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ვახტანგ გორგასალს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით, რომ ვახტანგ გორგასლის თხოვნით, მისი შუამდგომლობით ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს ეკლესიის მეთაურს კათალიკოსის წოდება. ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო. სიტყვა ,,კათოლიკოსი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან ,,კათოლ“ – საყოველთაო. ამიტომაც სადაც არ უნდა იყოს ქართვველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს (თუ ამის სურვილი აქვს).

იყო ასეთი კანონისტი, – ბალსამონი, იგი XI საუკუნეში ცხოვრობდა და გახდა პატრიარქი ანტიოქიისა. ბალსამონი წერს, რომ საქართველოს ეკლესიას ნეტარი პეტრეს დროს მიენიჭა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა.

ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომელ პეტრეზე იყო საუბარი. ზოგიერთი ამბობდა, რომ იგი ეკუთვნის XI საუკუნეს და არა V-ს. ბალსამონი ამბობს, ,,ამბობენო, რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოს და კვიპროსს მიენიჭა ავტოკეფალია.“ აი ეს სიტყვა – ,,ამბობენ“ მეტყველებს იმაზე, რომ ეს შორეულ წარსულში იყო, XI საუკუნეში კი არა V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დროს.

ვახტანგ გორგასალმა 2 წარმომადგენელი გაგზავნა ანტიოქიაში, პირველად აკურთხეს პეტრე და იმის შემდეგ იყო მეორე, – სამუელი, მეორე კათოლიკოსი. დღეს ჩვენ თაყვანსა ვცსემთ მათ ღვაწლსა, მათ შრომას, მათ მოღვაწეობას.

დიდება შენდა ღმერთო, მადლობა შენდა ღმერთო.

საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოიკუდებელი, ავტოკეფალური, ჩვენ არ ვიცი ვინ ვიქნებოდით. ამან იქონია დიდი გავლენა, დიდი ძალა. განვითარდა ქართული ენა, ქართული მწერლობა, კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან – მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროიდან. IV საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია. და V საუკუნეში ეკლესია გახდა ავტოკეფალური, დამოუკიდებელი.

თქვენ გახსოვთ, ჩვენ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მსოფლიო საპატრიარქოსთან ამის შესახებ და მადლობა უფალს, რომ უწმინდესი დიმიტრიოსის ღვაწლით(დიმიტრიოსი იყო ეხლანდელი მსოფლიო პატრიარქის წინ), მისი მადლით, მისი მითითებითა და ბრძანებით, სცნეს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება.

დღეს ჩვენ თაყვანსა ვსცემთ მათ შრომას, მათ ღვაწლს და იმათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, შეეწიოს საქართველოს. იმათი ლოცვა-კურთხევა გვფარვიდეს ჩვენ. რთული დროა, მაგრამ წყალობა ღვთისა, როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი, ,,წყალობა ღვთისა თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.

შეგეწიოთ ოთხივე წმინდანი, რომელთა ხსენებაც დღეს არის.

ჩვენთან არს ღმერთი

ღმერთო, დაიფარე საქართველო.

ჩვენ ვლოცავთ ჩვენს სპორტსმენებს, მოჭიდავეებს, ფალავნებს, ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს გელა ბერუაშვილს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ და ბევრი გამარჯვება მოგცეთ ღმერთმა.

დღეს ჩვენ ასევე ვლოცავთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და მის რექტორს, გიორგი სოსიაშვილს.

ვლოცავთ წმ. მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონს და მის დირექტორს დეკანოზ მირიან სამხარაძეს.

ვაჯილდოებთ სამღვდელოებას: დეკანოზი გიორგი სახვაძე დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელმონოზონი სერაფიმე (ჯიქია) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

წირვის დასრულების შემდეგ წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა შეასრულეს საგალობლები.

შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა, სამღვდელოებამ და მრევლმა ერთად იგალობეს ,,ალილულია“.