საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (08.12.2019)

9 დეკემბერი
%e1%83%a1%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%97-123

ჩვენთან არს ღმერთი

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“

დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი. ვერავითარი გონება ვერ ახსნის თუ რაოდენ დიდია ღვთის წყალობა. მახსენდება ის დრო, როდესაც დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია და ჩამოვედი საქართველოში. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II-ე ბრძანდებოდა პატრიარქად და სულ ცოტა რაოდენობა ჰყავდა სამღვდელოებისა. ყველას ჰქონდა ფიქრი, რა ეშველება საქართველოს ეკლესიას და სასწაული მოხდა: გამრავლდა, გადიდდა საქართველოს ეკლესია. მაშინ სულ 50-მდე მღვდელი იყო, ეხლა თითო ეპარქიაშია 50-ზე მეტი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ჩვენ ლოცვის დროს ვთხოვთ უფალს მის წყალობას, მის დახმარებას და ხშირად გვავიწყდება მადლობის შეწირვა. მინდა შეგახსენოთ, შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ.

სახარებაში ვკითხულობთ: ათი კეთროვანი შეხვდა უფალს და ღაღადებდნენ და ყვიროდნენ: – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ!

შეებრალა უფალს ეს ავადმყოფი ადამიანები. თქვენ იცით, კეთრი საშინელი დაავადებაა, მათ არ ჰქონდათ უფლება ხალხში ყოფილიყვნენ, ისინი გარიყულად ცხოვრობდნენ უდაბნოში. მაცხოვარმა უთხრა მათ: წადით და ეჩვენენით მოძღვარს, მღვდელს. ისინიც წავიდნენ და გზაში განიწმინდნენ კეთროვნებისაგან, სასწაული მოხდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდა უკან, დავარდა მუხლებზე მაცხოვრის წინ და დიდი ხმით მადლობდა უფალს მისი დიდი წყალობისათვის.

და უფალი ეკითხება ამ ადამიანს: ათივე ხომ განიკურნა? ცხრანი სადღა არიანო?

მათ ვერ ნახეს თავის თავში ძალა და მადლი, რომ დაბრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ უფლისათვის გარდა ამ ადამიანისა და ეუბნება უფალი მას: ,,წადი, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ!“ თუმცა, პატიებით იმათაც აპატია უფალმა.

ამიტომ მინდა შეგახსენოთ, რომ როცა რასმე აკეთებთ, როცა შრომობთ, როცა გისრულდებათ თხოვნა, ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა, იმიტომ, რომ მომავალში კიდევ გექნებათ სათხოვარი.

კარგი პრაქტიკა შემოვიდა ჩვენთან – ეპარქიიდან ჩამოდიან მღვდელმთავრები თავისი სამღვდელოებით და აქ ერთად ვასრულებთ წირვას, ლოცვას.

დღესაც ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფალნი.

მე მინდა გთხოვოთ, რომ სოფლის სამღვდელოება ჩართული იყოთ სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში (მე სნოდან ვარ, ყაზბეგის რაიონიდან) როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა, ყველა დამუშავებული იყო – კარტოფილი ითესებოდა, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო, სათიბეები იყო. დღეს კი როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა ტექნიკის თვალსაზრისით, აღარ ითიბება, აღარც საკარმიდამო არ მუშავდება და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მისცენ სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი: ძროხები, ცხვარი, ღორი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი პირიქით დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ შეგამოწმებთ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობა და ქალაქისაც, მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას უნდა მიხედოთ. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ სახლებს და აქ სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს ნაკლი.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელს საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი. ეხლა მე მინდა დავაჯილდოვო ჩამოსული სამღვდელოება.

 

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება:

მღვდელი გაბრიელი ვაშაძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ნიკოლოზი მაჭარაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი მიქაელ ბიწაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი გოგოლაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ზურაბ გველესიანი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი გიორგი გოგესაშვილი  დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი ლევანი კაციტაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

 

მარგვეთისა და უბისი სამღვდელოება:

იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი გიორგი რევიშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი ნოე კილაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით. აქსიოს!

დეკანოზი სიმონ მჭედლიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!

მღვდელი თომა ლაცაბიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელი პავლე ცერცვაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

მღვდელ-მონოზონი პეტრე (კორტანიძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს!

დღეს მისი უწმინდესობა ლოცავს ჭიათურისა და საჩხერის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიების სამღვდელოებასა და მრევლს, ასევე წირვაზე ჩამოსულ ლომისის მონასტრის წევრებს და მთიულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ეხლა მინდა შეგახსენოთ, რომ მომავალ პარასკევს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც დააარსა ეკლესია ჩვენი. ამავე დღეს არის ხსენება წმინდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა და პირველი კათალიკოსისა პეტრე პირველისა და სამოეულისა მეორე კათალიკოსისა. ხუთშაბათს საღამოს იქნება დიდი ლოცვა და პარასკევს ღამე, მთელი ღამე ტაძარი ღია იქნება და შესრულდება 5 წირვა. ამ 5 წირვის დროს ჩვენ მოვიხსენებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართელოს მკვიდრთა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!