საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%af%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d

  რელიგიის სწავლება საჯარო სკოლებში

თბილისი
2016 წელი

კავშირი „21-ე საუკუნე”
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში

                 

წინამდებარე გამოცემა მომზადებულია კავშირი „21-ე საუკუნის’’ მიერ  პროექტის – „გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და  ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე” ფარგლებში.

პროექტი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში წარმოდგენილია ავტორთა პირადი მოსაზრებები. დაუშვებელია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ გამოცემული მასალების კომერციული მიზნით გამოყენება ფონდის თანხმობის გარეშე.

გამოცემაზე მუშაობდნენ: პაატა  გაჩეჩილაძე და ნინო  შავგულიძე


 

შესავალი

საქართველოში დღესაც მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ და რა დოზით უნდა იყოს წარმოდგენილი რელიგია საჯარო სივრცეში და, მათ შორის, სახელმწიფო სკოლებში. მშობელთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს სურვილი, რომ მათი შვილები რელიგიური ტრადიციების შესაბამისად იზრდებოდნენ, რაც მათი სულიერი აღზრდის მნიშვნელოვან პირობად მიაჩნიათ. თუმცა აქ ჩნდება კითხვები – მოთხოვნა კონფესიურ განათლებაზე რამდენად შეესაბამება საჯარო სკოლის დანიშნულებასა და მთლიანად საერო სახელმწიფოს ხასიათს; უნდა ისწავლებოდეს თუ არა მართლმადიდებლობა, როგორც ქვეყნის ისტორიულ-ტრადიციული, უმრავლესობის რელიგია; რა ადგილი უნდა ეჭიროს სასწავლო პროცესში სხვა რელიგიების შესახებ სწავლებას; რა ალტერნატიული საგანი უნდა იყოს მათთვის, ვისაც არ სურს ასეთ გაკვეთილებზე დასწრება – ეს და სხვა მსგავსი კითხვები დღეისათვის კვლავ პასუხგაუცემელია.

ბუკლეტში მოკლედ არის მიმოხილული საჯარო სკოლებში რელიგიისა და რწმენის სწავლების საკითხებზე ევროპის საბჭოსა და ეუთოს რეკომენდაციები, ასევე, ევროპის კავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკა. შევეცადეთ, მკითხველისათვის დაგვენახვებინა ის მრავალფეროვნება, რომელიც ამ მხრივ არსებობს ევროკავშირში. ვფიქრობთ, გამოცემა დახმარებას გაგვიწევს ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობის პროცესში.

საერთაშორისო და რეგიონული რეკომენდაციები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2005 წელს მიიღო რეკომენდაცია № 1720 „განათლება და რელიგია“. ამ რეკომენდაციაში საპარლამენტო ასამბლეა ადასტურებს, რომ ყოველი პირის რელიგია, მათ შორის, არარელიგიურობა, მკაცრად განსაზღვრული პირადი საკითხია. თუმცა აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ხედვას, რომ რელიგიის ზოგადი ცოდნა და მისი თანმდევი ტოლერანტობის განცდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ოჯახს გადამწყვეტი როლი აკისრია ბავშვის აღზრდაში, მათ შორის, რელიგიის არჩევაში. თუმცა მრავალი ოჯახი რელიგიის საკითხებით დაინტერესებას არ იჩენს. ამის გამო ბევრ ახალგაზრდას არ გააჩნია საჭირო ცოდნა და ინფორმაცია, რომ შეიცნოს ის საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს, რასაც ასამბლეა პრობლემურ საკითხად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მედიას (ბეჭდური და აუდიოვიზუალური) შეუძლია, უაღრესად დადებითი როლი ითამაშოს.

ზოგადად, პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს. თუმცა დემოკრატია და რელიგია არ უნდა იყოს შეუთავსებელი. პირიქით, ორივე მათგანი ერთობლივად მყარად უნდა ემსახურებოდეს საერთო სიკეთისთვის ბრძოლას. სოციალური პრობლემების მოგვარებით საჯარო ხელისუფლებას შეუძლია, განმუხტოს სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა, რელიგიურ ექსტრემიზმში გადაიზარდოს. განათლება აუცილებელია რელიგიური საკითხების თაობაზე უცოდინრობის, სტერეოტიპული აზროვნებისა და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მთავრობებმა უნდა გააკეთონ მაქსიმუმი, რათა რელიგიისა და სინდისის თავისუფლება გარანტირებული იყოს. მათ ხელი უნდა შეუწყონ რელიგიურ განათლებას, წაახალისონ რელიგიათაშორისი დიალოგები და აამაღლონ რელიგიათა კულტურული და სოციალური თვითგამოხატვის შესაძლებლობა.

ასამბლეა ამახვილებს ყურადღებას, რომ სკოლა არის განათლების ძირითადი კერა, რომლის მეშვეობითაც ხდება მომავალ მოქალაქეთა სულის ფორმირება და, შესაბამისად, კულტურათაშორისი დიალოგის უზრუნველყოფა. იგი საფუძველს უყრის ტოლერანტულ დამოკიდებულებას რაც ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემას. ბავშვებისათვის ძირითადი რელიგიების ისტორიისა და ფილოსოფიის ობიექტური სწავლებით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ღირებულებათა პატივისცემის ჩანერგვით, შესაძლებელია რელიგიურ ფანატიზმთან ეფექტური ბრძოლა. ამ მიზნით, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტების ისტორიის გაგებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. რელიგიის ცოდნა კაცობრიობისა და ცივილიზაციათა ისტორიის ცოდნის განუყოფელი ნაწილია. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც დომინირებს ერთი კონკრეტული რელიგია, უნდა ისწავლებოდეს ყველა ძირითადი რელიგიის წარმომავლობა და უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს ერთადერთ რელიგიას. დაუშვებელია მხარდაჭერილი იყოს პროზელიტიზმი.

ევროპაში რამდენიმე მოდელი გვხვდება – ძირითადად სახელმწიფოები არ გამოყოფენ საკმარის სახსრებს ძირითადი რელიგიების სწავლებისათვის მიუხედაავად იმისა, რომ სახელმწიფო რელიგია და რელიგიურ სასწავლო დაწესებულებებში რელიგიის სწავლება ფოკუსირებულია მხოლოდ ერთ რელიგიაზე. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სკოლებში აკრძალულია რელიგიური სიმბოლოების ტარება. ეს დებულება უკვე შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისი.
სამწუხაროდ, ევროპაში ისეთი კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტია, რომელთაც შეეძლებათ, ასაწავლონ რელიგიების შედარებითი ანალიზი. ამ მიზნით, საჭიროა მასწავლებელთა გადამზადების ევროპის ინსტიტუტის დაფუძნება, რომელიც გაიზიარებს წევრი ქვეყნების ინსტიტუტებისა და შესაბამისი ფაკულტეტების გამოცდილებას შედარებითი რელიგიის საგნის სწავლების კუთხით.

ევროსაბჭო განათლებას გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და აღნიშნავს, რომ სკოლებში რელიგიების სწავლებას არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ სამ მონოთეისტურ ბიბლიურ რელიგიას საერთო წარმომავლობა (აბრაამისეული) აქვს, ფასეულობები, რომელთაც მხარს უჭერს ევროპის საბჭო, მათგან მოდის და ასევე, სხვა რელიგიების თანაზიარია.

შესაბამისად, ასამბლეა რეკომენდაციას უწევს მინისტრთა კომიტეტს:

1. განიხილოს შესაძლო ფორმები რელიგიის საფუძვლების სწავლებისა განათლების დაწყებით და საშუალო დონეზე, მაგალითად-საბაზისო მოდულების საშუალებით, რაც ადაპტირებული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემასთან;

2. ხელი შეუწყოს რელიგიის საფუძვლების სწავლებას როგორც დაწყებით დონეზე, ასევე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემაში.;

3. შექმნას მასწავლებელთა მომზადების ევროპის ინსტიტუტი შედარებითი რელიგიის სწავლების მიზნით;

ასამბლეა მიმართავს მინისტრთა კომიტეტს რეკომენდაციით, რომ მოუწოდონ წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ სახელმწიფო განათლების დაწყებით და საშუალო დონეზე რელიგიის სწავლება შემდეგი კრიტერიუმების დაცვით:

1. ამგვარი სწავლების მიზანი უნდა იყოს, მოსწავლეებს გააცნონ იმ რელიგიების შესახებ, რომელთაც აღიარებენ საკუთარი და მეზობელი ქვეყნების მცხოვრებლები, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება რწმენისა, რომ სწორედ მისი რელიგია არის „ჭეშმარიტი“ და, ამასთან, სხვა რელიგიის მიმდევრები ან ათეისტები მათგან არაფრით განსხვავდებიან;

2. სწავლება უნდა მოიცავდეს მსოფლიოს ძირითადი რელიგიების ისტორიის სრულად და მიუკერძოებლად შესწავლას და, ამასთანავე, უშვებდეს ათეისტად ყოფნის შესაძლებლობას;

3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ახალგაზრდების შესაბამისი განათლებით აღჭურვა, რაც მათ რელიგიური ფანატიზმის ზეგავლენისაგან დაიცავს;

4. განათლებამ არ უნდა დაარღვიოს ზღვარი კულტურასა და რელიგიას შორის ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც კონკრეტული რელიგია სახელმწიფოებრივ დონეზეა აღიარებული. ეს არ ნიშნავს რაიმე სახის რწმენის დაძალებას, არამედ არის მცდელობა, მიეცეს საშუალება ახალგაზრდობას, გაიაზრონ, თუ რატომ არის რელიგია მილიონობით ადამიანის რწმენის წყარო;

5. რელიგიის მასწავლებლებმა უნდა გაიარონ სპეციალური ტრენინგები. ისინი უნდა იყვნენ ჰუმანიტარული დისციპლინის მასწავლებლები. თუმცა სხვა საგნის სპეციალისტებსაც შეიძლება დაეკისროს რელიგიის სწავლების პასუხისმგებლობა;

6. სახელმწიფო ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს მასწავლებელთა გადამზადება და შეადგინოს სპეციალური სილაბუსები, რაც ადაპტირებული იქნება ცალკეული ქვეყნების სპეციფიკასა და მოსწავლეთა ასაკთან. ამ პროგრამის დაგეგმვის პროცესში ევროსაბჭო კონსულტაციას გაუწევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ცალკეული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ №1202 რეკომენდაციით – „რელიგიური შემწყნარებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რათა ისინი დაარწმუნოს, რომ სხვადასხვა რელიგიის უკეთ და ღრმად გაგებისათვის აუცილებელია რელიგიისა და ეთიკის სწავლება შევიდეს სასკოლო პროგრამებში. ასევე, მათ უნდა იმუშაონ, რომ რელიგია დიფერენცირებულად და ზომიერად იყოს წარმოდგენილი სასკოლო სახელმძღვანელოებში, მათ შორის, ისტორიის წიგნებში და მთლიანად სასწავლო პროცესში.

სახელმწიფოებმა აქცენტი უნდა გადაიტანონ იმაზე, რომ საკუთარი რელიგიისა და ეთიკური პრინციპების ცოდნა აუცილებელი პირობაა ტოლერანტული გარემოს შექმნისა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდიფერენტიზმისა და ცრურწმენის წინააღმდეგ. რეკომენდებულია, დაფუძნდეს „კონფერენცია რელიგიის ისტორიის სახელმძღვანელოსათვის“ რათა შესაბამისი კომპეტენციის ავტორების მიერ მომზადდეს ტექსტები და კომენტარები სასკოლო წიგნებისათვის. ძირიდათი რელიგიების შესახებ ტექსტები და შესაბამისი ლიტერატურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო ბიბლიოთეკებში. ხელი უნდა შეეწყოს ახალგაზრდების შეხვედრებს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან, ასევე ინტერრელიგიურ შეხვედრებს და ყველა აღიარებული რელიგიის სასწავლო დაწესებულებებს.

№1396 რეზოლუციაში „რელიგია და დემოკრატია“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიუთითა, რომ ბევრი კონფლიქტი სტერეოტიპების არსებობითაა განპირობებული. რელიგიური ექსტრემიზმი, მიუღებლობა, ცრურწმენა დემოკრატიული საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველია და მასთან ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ხელისუფლებები რეალურად დაკავდებიან საზოგადოების პრობლემების მოგვარებით.

განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტერეოტიპებთან და სხვათა შეხედულებების უგულებელყოფასთან ბრძოლაში. სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამები მოდერნიზებული უნდა იყოს იმ მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა რელიგიის სიღრმისეული აღქმა და შეცნობა.

დემოკრატიული პრინციპებისა და ეთიკის ნორმების ჩართვა კი საგანმანათლებლო სისტემაში უზრუნველყოფს რელიგიის, როგორც ფასულობათა სისტემის, სწავლებას, რომლის მიმართაც ახალგაზრდებს უნდა ჩამოუყალიბდეთ შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ხელი უნდა შეეწყოს სხვადასხვა რელიგიის შედარებითი ისტორიის სწავლებას, რა დროსაც გამოიკვეთება მათი წარმოშობა, საერთო ფასეულობები, ტრადიციათა და ჩვეულებათა მრავალფეროვნება და ა.შ.

თეოლოგიის სწავლებასთან ერთად, ხელი უნდა შეეწყოს რელიგიის ისტორიისა და ფილოსოფიის შესწავლას და კვლევას ამ სფეროში.

სახელმწიფოებმა უნდა ითანამაშრომლონ რელიგიურ გაერთიანებებთან რათა მათ თავიანთი სასწავლო დაწესებულებების პროგრამებში ჩართონ ისტორიის, ფილოსოფიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

2007 წელს ეუთოს მიერ მიღებულ იქნა „ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპები რელიგიისა და რწმენის სწავლებაზე საჯარო სკოლებში“. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: კონფლიქტების პრევენციაში ეუთო-ს როლის და ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების კულტურის ხელშეწყობის შესაბამისად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა მრჩეველთა საბჭოს ექსპერტებმა რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის საკითხებში, სხვა ექსპერტებთან და სწავლულებთან ერთად, 2007 წლის მარტში ესპანეთში, ქალაქ ტოლედოში განიხილეს ეუთოს რეგიონის 56 სახელმწიფოს საჯარო სკოლებში რელიგიისა და რწმენის სწავლების მიდგომები. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სფეროს წამყვანი მეცნიერები, პოლიტიკოსები, პედაგოგები, ადვოკატები და მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტოლედოს სხდომაზე დაიწყო ინტენსიური პროცესი, რომლის ფარგლებშიც შემდეგი სხდომები გაიმართა ბუქარესტსა და ვენაში და, ასევე, მრჩეველთა საბჭოს, დიდი კომისიის წევრებსა და სხვა ექსპერტებს შორის თანამშრომლობა, რის შედეგადაც მოხდა „ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპების“ ჩამოყალიბება საჯარო სკოლებში რელიგიისა და რწმენის სწავლების შესახებ.

„ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპები“ მომზადდა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს მსოფლიოში მზარდი რელიგიური მრავალფეროვნების უკეთესად შეცნობას იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს მრავალფეროვნება სულ უფრო მეტად იჩენს თავს საჯარო სფეროში. მათი შემუშავება ორი ძირითადი პრინციპითაა განპირობებული: პირველი, ძალზედ მნიშვნელოვანია იმის სწავლა და გათავისება, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას და მეორე, რომ რელიგიისა და რწმენის სწავლებას შეუძლია, შეამციროს ზიანის მომტანი გაუგებრობა და სტერეოტიპები.

„ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპების“ უმთავრესი მიზანია, დახმარება გაუწიოს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, როდესაც ისინი გადაწყვეტენ რელიგიისა და რწმენის შესახებ ცოდნის შეძენისა და სწავლების ხელშეწყობას სკოლებში, განსაკუთრებით, რელიგიური თავისუფლების გაზრდის მიზნით. „პრინციპები“ ფოკუსირებულია მხოლოდ ისეთ პედაგოგიურ მიდგომაზე, რომელიც უზრუნველყოფს სწავლებას სხვადასხვა რელიგიისა და რწმენის შესახებ, განსხვავებით კონკრეტული რელიგიისა თუ რწმენის სწავლებისგან. სწავლების პროცესში ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ამ „პრინციპებით“ შეთავაზებული კრიტერიუმები.

„ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპები“ რელიგიისა და რწმენის სწავლების შესახებ იყოფა ხუთ თავად:

პირველი თავი უზრუნველყოფს „პრინციპების“ არსის, მიზნისა და მოქმედების ფარგლების, აგრეთვე სხვა მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების გაცნობას, რაც კავშირშია რელიგიისა და რწმენის სწავლებასთან. ეს თავი მიმოიხილავს ეუთო-ს მნიშვნელობას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ხელშეწყობისა და ეუთოს ფარგლებში სხვადასხვა ფორმის ინსტიტუციური მხარდაჭერის კუთხით მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა მრჩეველთა საბჭოს ექსპერტების მხრიდან რელიგიის თავისუფლებისა და რწმენის საკითხებში. მოცემულ თავში, ასევე, განსაზღვრულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა მრჩეველთა საბჭოს ექსპერტების წვლილი რელიგიისა და რწმენის სწავლების შემოწმებაში რელიგიური თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების დაცის თვალსაზრისით, რაც ეყრდნობა ეუთოს ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. თავი I, ასევე, განსაზღვრავს პრინციპების მოქმედების ფარგლებს. განათლების ჭრილში ბევრი რელიგიური საკითხი იკვეთება, მრჩეველთა საბჭო კი დარწმუნებულია, რომ თავისი წვლილი ყველაზე ეფექტური მაშინ იქნება, თუ ძალისხმევას რელიგიისა და რწმენის სწავლებისკენ მიმართავს, და არა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ეხება რელიგიას, რწმენასა და განათლებას ეუთოს წევრ ქვეყნებში.

მეორე თავში განხილულია ადამიანის უფლებების სისტემა და იურიდიული საკითხები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მასწავლებელთა ტრენინგებისას, რელიგიისა და რწმენის შესახებ სწავლების პროგრამის დამუშავებისა და განხორციელებისას, რაც უზრუნველყოფს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებასა და მათ სათანადო პატივისცემას მიმდინარე პროცესში. ამ მიზნით ხდება მშობლის, შვილის და მასწავლებლის უფლებების, ასევე, უმცირესობისა და რელიგიური საზოგადოებების ზოგადი ინტერესების შესწავლა.

მესამე თავი ასახავს რელიგიისა და რწმენის სწავლების პროგრამების მომზადების მეთოდებსა და კონცეფციას. განიხილულია სასწავლო პროგრამების საჭიროება, რათა დაცული იქნეს რამდენიმე პრინციპი: დაიცვას აღიარებული პროფესიული სტანდარტები; უნდა იყოს ინკლუზიური და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მნიშვნელოვან ისტორიულ და თანამედროვე მოვლენებს, რომლებიც ეხება რელიგიისა და რწმენის საკითხებს; მგრძნობიარე იყოს რეალობის სხვადასხვა ინტერპრეტაციის და მრავალ-პერსპექტიულობის პრინციპის მიმართ; რეაგირება მოახდინოს სხვადასხვა რელიგიურ თუ საერო ადგილობრივ გამოვლინებებზე სკოლებსა და საზოგადოებებში. ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სასწავლო გეგმები და პროგრამები რელიგიისა და რწმენის სწავლების შესახებ (მათ შორის, საგნობრივი, ინტეგრირებული და ჯვარედინი სასწავლო პროგრამები), პედაგოგიური მეთოდები (მასწავლებელზე ორიენტირებული და მოსწავლეზე ორიენტირებული).

მეოთხე თავში ყურადღება გამახვილებულია მასწავლებლის განათლების მნიშვნელობაზე, რათა ასწავლოს რელიგიისა და რწმენის საკითხები მათი მაღალი მოთხოვნის გამო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ფარგლებში, რაც მასწავლებლისაგან მოითხოვს ცოდნას, საკითხისადმი სწორ დამოკიდებულებასა და კომპეტენციას. მოცემულია მასწავლებელთა მომზადების კონკრეტული ასპექტები, მათ შორის, წინასწარ მომზადება ან გადამზადება. ასევე, წარმოდგენილია შემაჯამებელი უნარები და ცოდნა, რაც მათ მოეთხოვება რელიგიისა და რწმენის სწავლებისას. აღნიშნულია მასწავლებლის პრეზენტაციის, დახასიათების და შეფასების მნიშვნელობა.

მეხუთე თავში ასახულია ადამიანის უფლებების ზოგადი სისტემის პრაქტიკული გამოყენება რელიგიისა და რწმენის სწავლებისას და აქცენტი გადატანილია ძირითად სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას რელიგიისა და რწმენის სწავლების პროცესში. მოცემულ თავში განხილულია შემდეგი საკითხები: სწავლების ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება; მზაობა წინასწარგანზრახული პრეტენზიების მიმართ; სახელმწიფო ნეიტრალიტეტი და მონაწილეობაზე უარის თქმის უფლება; რელიგიასა და რწმენასთან დაკავშირებული არსებული და პოტენციური პრობლემების გადაჭრა.

რელიგიისა და რწმენის შესახებ სწავლება შეიძლება ადაპტირებული იქნეს ეროვნულ და ადგილობრივ სასკოლო სისტემებსა და ტრადიციებთან. „ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპები“ ეფუძნება შემდეგ საერთო დასკვნებს, რომლებიც მხარდაჭერილია იურისტებისა და პედაგოგთა მიერ მზარდი კონსენსუსით და უნდა გაითვალისწინოს ეუთოს ყველა წევრმა ქვეყანამ რელიგიისა და რწმენის სწავლების სქემების შემუშავებისას.

დასკვნები:

1. რელიგიისა და რწმენის შესახებ ცოდნას შეუძლია, გააძლიეროს იმის შეცნობა და აღიარება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლებას, ასევე ხელი შეუწყოს დემოკრატიული მოქალაქეობის დამკვიდრებას, სოციალურ მრავალფეროვნებას და, ამავე დროს, სოციალურ ინტეგრაციის გაზრდას;

2. რელიგიისა და რწმენის შესახებ ცოდნას გააჩნია ღირებული პოტენციალი იმისთვის, რომ შემცირდეს კონფლიქტები, რომლებიც გამოწვეულია სხვისი რწმენის გაგების ნაკლებობით და დიდი პოტენციალი აქვს ასეთი დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად;

3. რელიგიისა და რწმენის შესახებ ცოდნა ხარისხიანი განათლების არსებითი ნაწილია. ის საჭიროა ისტორიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სიღრმისეულად გაგებისათვის და სასარგებლოა პიროვნების კულტურული ჰორიზონტის გაფართოებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის წარსულსა და აწმყოში არსებული სირთულეების შესახებ;

4. რელიგიისა და რწმენის სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა სწავლება შერწყმულია სხვათა უფლებების დაცვისა და პატივისცემის ძალისხმევასთან თუნდაც მაშინ, როდესაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა რელიგიისა და რწმენის შესახებ. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლება საყოველთაო უფლებაა, რაც  წარმოქმნის  ვალდებულებას, დაცული იქნეს  სხვების უფლებები, ყველა ადამიანის ღირსების პატივისცემის ჩათვლით;

5. პირადი რელიგიური (ან არარელიგიური) რწმენა არ იძლევა საკმარის საფუძველს იმისთვის, რომ პირი არ იქნეს დაშვებული რელიგიისა და რწმენის სწავლების პროცესზე. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია პროფესიული კომპეტენცია, ასევე, დამოკიდებულება, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვისა  და, კერძოდ, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ;

6. შეიძლება საჭირო გახდეს პოლიტიკის გონივრული ადაპტაცია, განსხვავებული რელიგიური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლების დარღვევების თავიდან ასაცილებლად მაშინაც კი, როდესაც არსებული კანონმდებლობის მხრივ ამის აუცილებლობა არ არსებობს,  მსგავსი ადაპტაცია და მოქნილობა ხელს შეუწყობს შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის კლიმატის დამკვიდრებას;

7. როდესაც სავალდებულო კურსები, რომლებიც მოიცავს რელიგიისა და რწმენის შესახებ სწავლებას, საკმარისად ნეიტრალური და ობიექტურია, მსგავს კურსებში მონაწილეობის მოთხოვნა თავისთავად არ არის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევა (თუმცა ამგვარ პირობებში სახელმწიფოებს შეუძლიათ, დაუშვან  კურსებზე ნაწილობრივი დასწრება  ან სრული არდასწრება).

რეკომენდებულია, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა:

1. „ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპები’’ გაავრცელონ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მოსწავლეთა ასოციაციებს, მშობელთა ორგანიზაციებს, განათლების პოლიტიკის შემქმნელებსა და ყველა მხარეს შორის, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ რელიგიებისა და რწმენის სწავლებით და დაეყრდნონ  ამ პრინციპებს, როცა შეიმუშავებენ პროგრამებს  და განახორციელებენ მსგავს სწავლებას;

2. ამ პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისას გამოიყენონ საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი სტანდარტები და რეკომენდაციები, მათ შორის, ეუთოს ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენაციები №1202 ,,რელიგიური შემწყნარებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში’’ (1993წ.),  №1396 ,,რელიგია და დემოკრატია’’ (1999წ.),  და №1720 ,,განათლება და რელიგია’’(2005წ.);

3. შეაფასონ საჯარო სკოლებში რელიგიისა და რწმენის სასწავლო პროგრამები; განსაზღვრონ უწყობს თუ არა ხელს რელიგიური თავისუფლების უფლების პატივისცემას და არის თუ არა მიუკერძოებელი, დაბალანსებული, ინკლუზიური, ასაკთან შესაბამისი, ტენდენციურობისგან თავისუფალი და აკმაყოფილებს თუ არა პროფესიულ სტანდარტებს;

4. შეაფასონ რელიგიისა და რწმენის  საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პროცესი, რათა დარწმუნდნენ, რომ ეს პროცესი მგრძნობიარეა სხვადასხვა რელიგიისა და რწმენის საზოგადოებების საჭიროების მიმართ და რომ ყველა მნიშვნელოვან  დაინტერესებულ მხარეს ეძლევა საშუალება, მოუსმინონ;

5. შეამოწმონ, რამდენად შეუძლიათ არსებულ პედაგოგიურ სასწავლებლებს, უზრუნველყონ აუცილებელი პროფესიული მომზადება იმგვარად, რომ რელიგიის და რწმენის სწავლების პროცესმა  ხელი შეუწყოს  ადამიანის უფლებების დაცვას და, კერძოდ, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას;

6. განსაზღვრონ, ცოდნის რა დონეს, ხარისხს უზრუნველყოფენ  პედაგოგიური  ინსტიტუტები ადამიანის უფლებების დაცვის   კუთხით, საზოგადოებაში რელიგიური და არარელიგიური მრავალფეროვნების არსებობის პირობებში, სხვადასხვა სასწავლო მეთოდებით (განსაკუთრებით კი რომლებიც დაფუძნებულია კულტურათაშორის მიდგომაზე) და რამდენად ერკვევიან იმ მეთოდების არსში რომელთა მეშვეობითაც მიუკერძოებლად და პროფესიულად შეუძლიათ ასწავლონ რელიგია და რწმენა ურთიერთპატივისცემის პრინციპის დაცვით;

7. ხელი შეუწყონ ორგანიზაციებს, რედაქტორებსა და  გამომცემლობებს, რომლებიც გამოსცემენ რელიგიისა და რწმენის სწავლების შესახებ მასალებს, მთელ ამ პროცესს იმგვარად, რომ მათი გამოცემები შეესაბამებოდეს  ,,ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპებს’’;

8. ისარგებლონ რელიგიისა და  რწმენის თავისუფლების შესახებ ეუთოს/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა მრჩეველთა საბჭოს საექსპერტო პოტენციალით რელიგიებისა და რწმენის შესახებ სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისას ან როცა აარსებენ ან აფასებენ მასწავლებელთა გადასამზადებელ დაწესებულებებსა და პროგრამებს.

საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით, განისაზღვრა და შეთავაზებული იქნა შემდეგი ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის თავიანთ სკოლებში რელიგიებისა და რწმენის სწავლების ხელშეწყობისთვის.

ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები:

1. რელიგიისა და რწმენის სწავლება უნდა განხორციელდეს კანონიერად, მართებულად და გამჭვირვალედ. მოსწავლეებმა რელიგიისა და რწმენის შესახებ ცოდნა უნდა მიიღონ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლების და სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემის ატმოსფეროში;

2. მათ, ვინც ასწავლიან რელიგიასა და რწმენას, უნდა ჰქონდეთ აღმსარებლობის თავისუფლების შინაგანი კულტურა, რაც უზრუნველყოფს იმგვარი სასკოლო გარემოსა და პრაქტიკის შექმნას, რაც ხელს უწყობს სხვათა უფლებების დაცვას, ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას სკოლის, საზოგადოების წევრებს შორის;

3. რელიგიისა და რწმენის სწავლება სკოლებს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ რა ფორმითაც უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, იგი არ უნდა   უგულებელყოფდეს ოჯახისა და რელიგიური ორგანიზაციების როლს მომავალი თაობებისთვის ღირებულებების (ფასეულობების) გადაცემაში;

4. ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ სხვადასხვა დონეზე შეიქმნას სათათბირო ორგანოები, რომლებიც შეიმუშავებენ კომპლექსურ მიდგომას, რათა დაინტერესებული პირები ჩაერთონ სასწავლო პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა  და მასწავლებელთა მომზადების პროცესში;

5. როცა სავალდებულო პროგრამა, რომელიც მოიცავს რელიგიისა და რწმენის სწავლებას, არ არის საკმარისად ობიექტური, მაშინ ძალისხმევა უნდა იქნეს მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მისი გადახედვა, რათა იგი უფრო დაბალანსდეს და უფრო მიუკერძოებელი გახდეს. მაგრამ სადაც ეს შეუძლებელია, ან შეუძლებელია მისი დაუყოვნებლივ გადამუშავება, მაშინ მოსწავლეებისა და მშობლებისათვის გამოსავალი შეიძლება იყოს სწავლებაზე უარის თქმა (განთავისუფლება)  იმ პირობით, რომ ეს ნაბიჯი არ გამოიწვევს მგრძნობელობის გაზრდასა და დისკრიმინაციას;

6. მასწავლებლები, ვინც ასწავლიან რელიგიასა და რწმენას, აუცილებლად უნდა ფლობდნენ შესაბამის განათლებას, ისეთ ცოდნას, პედაგოგიურ ალღოსა და უნარებს, რომ რელიგიისა და რწმენის სწავლება შეძლონ სამართლიანად და დაბალანსებულად. მხოლოდ თავიანთ საგანში კომპეტენცია საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია სათანადო პედაგოგიური მიდგომა, რათა შეეძლოთ მოსწავლეებთან ურთიერთობა და დაეხმაროს მათ შორის ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნას;

7. რელიგიისა და რწმენის სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და საგანმანათლებლო მასალების მომზადებისას აუცილებელია რელიგიური და არარელიგიური შეხედულებების გათვალისწინება ინკლუზიური, სამართლიანი და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ არ მოხდეს მცდარი და ტენდენციური მასალის გამოყენება, რასაც შეუძლია, გააძლიეროს ნეგატიური  სტერეოტიპები;

8. სასწავლო გეგმები უნდა მომზადდეს აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დაბალანსებული მიდგომა რელიგიისა და რწმენის სწავლების მიმართ. სასწავლო გეგმების შემუშავება და განხორციელება, ასევე, უნდა მოიცავდეს ღია და სამართლიან პროცედურებს, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემს, გამოთქვან რჩევები და შენიშვნები;

9. რელიგიისა და რწმენის თუნდაც სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს ,,ტოლედოს სახელმძღვანელო პრინციპების’’ საგანმანათლებლო მიზნებისთვის ხელშეწყობა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებლები პროფესიულად იქნებიან მომზადებულები იმისთვის, რომ გამოიყენონ სასწავლო გეგმები და მუდმივად გაიღრმაონ ცოდნა და კომპეტენცია ამ საგანში. მასწავლებლების ნებისმიერი საბაზისო მომზადება უნდა მოხდეს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების შესაბამისად და საზოგადოებაში არსებული კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

10. სასწავლო პროგრამებში რელიგიისა და რწმენის საკითხებზე, გათვალისწინებული უნდა იყოს მნიშვნელოვანი ისტორიული და თანამედროვე მოვლენები, რომლებიც ეხება ამ სფეროს და უნდა ასახავდეს გლობალურ და ადგილობრივ საკითხებს. ისინი მგრძნობიარე უნდა იყოს სხვადასხვა ადგილობრივი რელიგიური და სეკულარული გამოვლინებების მიმართ, რომლებიც არსებობს სკოლებსა და საზოგადოებაში. ასეთი სენსიტიურობა ხელს შეუწყობს სტუდენტების, მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირების პრობლემების გათვალისწინებას განათლების სფეროში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეები

ნორვეგიის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით, ევანგელურ-ლუთერული რელიგია ნორვეგიის ოფიციალური რელიგიაა. სახელმწიფოში ამ რწმენის მიმდევარია მოსახლეობის 86%. საჯარო სივრცეში ქრისტიანობის სწავლება ნორვეგიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც 1739 წელს ზოგადი განათლების სავალდებულო მიღება დაინერგა. თუმცა, 1845 წლის არაკონფორმისტული აქტით, დაიშვა მოსწავლეების გათავისუფლება მისი რწმენისაგან განსხვავებული რელიგიის სწავლებისაგან.

ამგვარად, განთავისუფლებულ მოსწავლეებს შეეძლოთ, დასწრებოდნენ ალტერნატიულ საგანს „ცხოვრების ცოდნა“, თუმცა ეს საგანი არ იყო სავალდებულო. 1997 წელს ნორვეგიის მთავრობამ შემოიღო ახალი, უკვე სავალდებულო რელიგიური საგანი ნორვეგიული სკოლის სისტემაში, სახელწოდებით „ქრისტიანობის სწავლება და რელიგიური და ეთიკური განათლება“, რომელმაც ზემოაღნიშნული არასავალდებულო საგანი ჩაანაცვლა. სასწავლო რეგულაციებით, მოსწავლეებს შეეძლოთ ამ ახალი საგნიდან არა სრულად, არამედ ნაწილობრივ გათავისუფლება. საგანი ითვალისწინებდა ქრისტიანული რელიგიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის და ევანგელისტური ქრისტიანული მოძღვრების, სწავლებას.

განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, მოსწავლე, რომელიც ითხოვდა ამ საგნიდან გათავისუფლებას, წარუდგენდა მოთხოვნას სკოლის ადმინისტრაციას და ასაბუთებდა გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზს. ამ პროცესისას, პრობლემის შესწავლაში ჩართული ფსიქოლოგების დასკვნით, მშობლებსა და შვილებზე ხდებოდა ზემოქმედება და ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ ჩაგვრისა და დაუცველობის განცდა ეუფლებოდათ.

მშობლებს არ სურდათ, რომ შვილებს მათი აღმსარებლობისგან განსხვავებული რელიგია ესწავლათ სკოლაში. ერთ-ერთი ასეთი ფაქტია გურო ლეირვაგი საქმე, რომლის მოთხოვნა საგნიდან ნაწილობრივ გათავისუფლებაზე უარყოფილ იქნა. გუროს მშობლებისათვის ცნობილი გახდა, რომ საგნის შესწავლისას მასალის დიდი ნაწილი რელიგიურ ნარატივებს, მითოლოგიას და ბიბლიურ ისტორიებს ეძღვნებოდა, რაც მათთვის მიუღებელი იყო. გურო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი იძულებული იყო მშობლებისთვის საგნის მხოლოდ ის ნაწილი მოეყოლა, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა.

ერთ-ერთი მოსწავლე მარია საგანს ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლებში ესწრებოდა. მარიას მშობლების განმარტებით, სკოლიდან დაბრუნებული გოგონა ამბობდა, რომ მას დასცინოდნენ რადგან მის ოჯახს არ სჯეროდა ღმერთის არსებობის. ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილი წარმოდგენისათვის მარიას დაავალეს ქრისტიანული ტექსტის გულმოდგინედ დაზეპირება. მშობლების პროტესტზე კი უპასუხეს, რომ ისინი ვერ შეადგენდნენ ცალკე პროგრამას მარიასათვის. ხოლო როდესაც გაკვეთილიდან ათავისუფლებდნენ, იგი გაჰყავდათ სამზარეულოში და ეუბნებოდნენ, რომ დაკავებულიყო ხატვით. გოგონა ხან მარტო ატარებდა ამ დროს, ხან ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა როდესაც მშობლებმა გაიგეს, რომ ასეთ მეთოდს იმ ბავშვებისთვის იყენებდნენ, რომლებიც კარგი ყოფაქცევით არ გამოირჩეოდნენ, გაკეთილიდან გათავისუფლებაზე უარი თქვეს.

რიგ შემთხვევაში ბავშვებს ევალებოდათ ფსალმუნებისა და ბიბლიური ტექსტების სწავლა, რის გამოც არაერთი მშობელი იძულებული გახდა, შვილი კერძო სკოლაში გადაეყვანა.

2003 წელს გურო ლეირვაგის და სხვა ბავშვების მშობლებმა საჩივრით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.

მთავარი საკითხი, რაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე დადგა, იყო საგნის სავალდებულო სწავლება ნორვეგიის სკოლებში, მხოლოდ შეზღუდული გამონაკლისის დაშვებით და არღვევდა თუ არა ასეთი მდგომარეობა განმცხადებლთა აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებას – მათი შვილების რელიგიური და ეთიკური განათლების უფლებას, მათი მრწამსის შესაბამისად. კომიტეტის განცხადებით, ნებადართულია რელიგიის სწავლება სკოლაში რელიგიის ზოგადი ისტორიის და ეთიკის ფარგლებში, თუკი იგი გადმოცემულია ნეიტრალური და ობიექტური სახით. კომიტეტი იხსენებს საქმეს ჰარტიკაინენი ფინეთის წინააღმდეგ (Hartikainen et al. v. Finland) რომელზეც დაადგინა, რომ საგნის პროგრამა რელიგიურ ასპექტში უნდა ითვალისწინებდეს იმ მშობლებისა და მეურვეების უფლებებს, რომლებიც არ არიან არც ერთი რელიგიის მიმდევარნი.

პირველ რიგში, კომიტეტმა შეისწავლა საკითხი, რამდენად მიუკერძოებლად და ნეიტრალურად ისწავლებოდა ეს საგანი სკოლებში. საგნის სწავლება არ უნდა შეიცავდეს ქადაგებას. პროგრამა იმგვარად უნდა იქნეს მომზადებული და შეთანხმებული მშობლებთან, რომ დაეხმაროს მათ მოსწავლეების ზნეობრივ აღზრდაში.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ მომჩივანთა საქმეში ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ქრისტიანულ რელიგიაზე. დადგინდა, რომ სწავლის პროცესი არ მიმდინარეობდა ობიექტური, მიუკერძოებელი გზით და შესაბამისად, კომიტეტმა საგნის (CKREE) სწავლება არ პასუხობდა ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს.

მეორე საკითხი, რომელიც განიხილეს იყო ის, თუ რამდენად უზრუნველყოფს გაკვეთილიდან ნაწილობრივი გათავისუფლების მექანიზმი და სხვა საშუალებები „არადისკრიმინაციულ გარემოს, ისე, რომ აღნიშნული ესადაგებოდეს მშობლების ან მეურვეების სურვილს“.

განმცხადებლების მტკიცებით, ნაწილობრივი გათავისუფლების მექანიზმი არ აკმაყოფილებს მათ, რადგან სწავლება ზედმეტად მძიმე ფორმებში მიმდინარეობს და, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განხორციელდეს პრაქტიკაში. კომიტეტმა აღნიშნა, რომ, ნორვეგიის საგანმანათლებლო აქტით, მშობლების წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მოსწავლეები შეიძლება გათავისუფლდნენ სწავლების ნაწილისგან, თუმცა ეს იწვევს გარკვეულ დაძაბულობას, რაადგან კონსტიტუცია და საგნის პროგრამა შეიცავს ქრისტიანობის სწავლების აშკარა უპირატესობას სხვა რელიგიებთან და მსოფლმხედველობასთან შედარებით. ამასთან მიმართებაში კომიტეტმა აღნიშნა, რომ საგანი აერთიანებს ცალკეული რელიგიური რიტუალების პრაქტიკულ სწავლებას და განხორციელებას – მაგალითად, ლოცვების გულმოდგინე დაზეპირებას ან რელიგიური ჰიმნების შესრულებას. გარდა ამისა, მოთხოვნა, რომ დასაბუთებულად მომხდარიყო ბავშვების გათავისუფლება გაკვეთილიდან და იმ მიზეზების დადგენა რის გამოც ეს დაუშვებელი იქნებოდა, დამატებით დაბრკოლებას ქმნის მშობლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ მათი შვილები არ მოექცნენ რელიგიური იდეების გავლენის ქვეშ.

შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევა.

იმავე მოსაზრებას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეში ფოლგერო და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ.

სწავლების ძველი სისტემის ფარგლებში, მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათი შვილები განთავისუფლებულიყვნენ ქრისტიანობის სწავლების გაკვეთილებისაგან. თუმცა, 1997 წლის საგანმანათლებლო აქტით, მოსწავლე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ გაკვეთილის იმ ნაწილიდან, რომელიც მშობლების რწმენას ეწინააღმდეგება. მშობლების მოთხოვნა კი იყო ბავშვების სრული გათავისუფლება აღნიშნული საგნიდან.

მშობლების საჩივარი ეფუძნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლსა და კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს, რომლებიც ეხება განათლების უფლებას.

იდეაში სწავლების მიზანი იყო სკოლაში ღია და ინკლუზიური გარემოს შექმნა, რადიკალიზმის თავიდან აცილება და მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური დიალოგისათვის ხელის შეწყობა. სასამართლოს განმარტებით, მიზანი აშკარად შეესაბამებოდა ობიექტურობისა და პლურალიზმის პრინციპს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასწავლო გეგმის უმეტესი ნაწილი ქრისტიანულ მოძღვრებას ეთმობოდა, რის გამოც ბუნდოვანი ხდებოდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი კულტურული დიალოგის და ინკლუზიური გარემოს შექმნა.

სასამართლომ განხილვის პროცესში დაადგინა, რომ საგნიდან ნაწილობრივი გათავისუფლება წარმოშობდა რიგ პრობლემებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლები ადეკვატურად უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულნი გაკვეთილების დეტალების შესახებ იმ კუთხით, რომ ჰქონოდათ ინფორმაცია გაკვეთილების იმ ნაწილზე, რომელიც მათ მრწამსსა და რელიგიას ეწინააღმდეგებოდა. ხოლო, მეორე მხრივ, დადგინდა, რომ ბავშვები განიცდიდნენ შინაგან კონფლიქტს სახლსა და სკოლას შორის.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასწავლო პროცესში მხოლოდ ერთი კონკრეტული რელიგიის-ქრისტიანობის სწავლებას ეთმობოდა ყურადღება. ასევე, მშობლების მოთხოვნაზე საგნიდან ბავშვების სრულად გათავისუფლების შესახებ უარი, მათი უფლებების აშკარა დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა.

2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე ლაუცი და სხვები იტალიის წინააღმდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიის კანონმდებლობის მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ჯვარცმის განთავსებას საკლასო ოთახებში, არ არღვევდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.

მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა ფინეთის მოქალაქე სოილე ლაუცი იტალიის (პადუას პროვინციის) სკოლის საბჭოს წინააღმდეგ. სკოლის საბჭომ არ დააკმაყოფილა ლაუცის მოთხოვნა ჯვარცმის სიმბოლოს მოხსნის შესახებ, რის გამოც მან მიმართა ვენეტოს ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს. 2005 წლის 17 მარტს ვენეტოს ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯვარცმის სიმბოლოს განთავსება საკლასო ოთახებში არ ეწინააღმდეგებოდა სეკულარიზმის პრინციპს. ამის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც ძალაში დატოვა ვენეტოს სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ იტალიაში ჯვარცმას რელიგიური და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მის განთავსებაში სხვა არანაირი ქვეტექსტი არ იკითხებოდა.

2006 წლის 27 ივლისს ლაუცმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საქმის განხილვის შემდგომ, 2009 წლის 3 ნოემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას რადგან სახელმწიფო ჯვარცმის სიმბოლოს საჯარო განთავსებით არღვევდა იმ პირთა უფლებებს, რომლებიც, შესაძლოა, არ იყვნენ იმავე აღმსარებლობის ან საერთოდ არც ერთი რელიგიის მიმდევარნი. ამ გადაწყვეტილებამ იტალიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ლაუცი აცხადებდა, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, ზემოქმედება პოლიტიკოსების მხრიდან და, მეტიც, იგი ძალადობის მსხვერპლიც კი გახდა.

2010 წლის 28 იანვარს იტალიის მთავრობამ სააპელაციო განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას. იტალიის მთავრობის პოზიციას ემხრობოდნენ ლიტვის, სლოვაკეთის და პოლონეთის მთავრობები.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ჯვარცმა კათოლიკური ქვეყნების სიმბოლოა და ასახავს ევროპულ ქრისტიანულ ტრადიციას, შესაბამისად, იგი არ უნდა მიჩნეულიყო სხვათა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვად. 2010 წლის ივლისში 20-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი იტალიის სახელმწიფოს სააპელაციო განცხადებას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

სასამართლოს წინაშე ორი შუამდგომლობა იყო წარდგენილი. ერთი მხარე მოითხოვდა, რომ ეღიარებინათ სახელმწიფოების თავისუფლება რელიგიური სიმბოლიკის საჯაროდ განთავსების თაობაზე. მეორე მხარის განმარტებით კი, ეკლესია და სახელმწიფო დამოუკიდებელი სუბიექტები არიან თეოკრატიული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით; შესაბამისად, ჯვარცმის საჯარო განთავსება სკოლებში ეწინააღმდეგება მათი აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლებას, განათლების უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს.

2010 წლის მარტში ზემოაღნიშნული საქმე განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ. საქმეში მესამე მხარედ ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით ფიზიკური პირი თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი.

2011 წლის 18 მარტს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება (15 ხმით, 2-ის წინააღმდეგ), რითაც შეცვალა მცირე პალატის გადაწყვეტილება. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ ჯვარცმას რელიგიურად ნამდვილად აქვს სიმბოლური დატვირთვა, რაც უდავოდ ქრისტიანობას უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ამ რელიგიას გაბატონებული მდგომარეობა უკავია სახელმწიფოში, თუმცა ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ მოპასუხე მხარის მიმართ დადგინდეს კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 ნაწილის დარღვევა. ამავდროულად, სასამართლომ დააზუსტა, რომ კედელზე განთავსებული ჯვარცმა პასიური სიმბოლოა, იგი არ აიძულებს მოსწავლეებს რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობას და, ასევე, არ ახდენს გავლენას მოსწავლეებში რელიგიური მსოფლმხედველობის ფორმირებაზე.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯვარცმის სიმბოლოს საკლასო ოთახებში განთავსება არ მიიჩნია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტად.

რელიგიის სწავლება ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში

ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში მრავალფეროვნებაა საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. ისტორიულ წინაპირობებს და მეხსიერებას, რეფორმაციას, საზღვრების ცვლილებებს, XX საუკუნეში ევროპაში კომუნისტური რეჟიმის არსებობას და სხვა გარემოებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცალკეულ ქვეყნებში რელიგიის სწავლების, ისევე როგორც მთლიანობაში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობის შესაბამისი მოდელის დამკვიდრებისათვის. ქვეყნების მიხედვით სურათი მეტად მრავალფეროვანია და იცვლება სახელმწიფოს სრული ნეიტრალურობიდან (მაგ. საფრანგეთი) რელიგიის, განსაკუთრებით კი უმრავლესობის რელიგიის, ფართოდ წარმოჩენით სასწავლო სივრცეში (მაგ. მალტა, იტალია). მოვიყვანოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი.

ავსტრიის სასკოლო განათლების მიზანია შესაბამისი სწავლებით ახალგაზრდების მიდრეკილებების გამოვლენა რელიგიური ღირებულებების ასათვისებლად სხვა საგნებთან ერთად. შესაბამისად, საჯარო სტატუსის მქონე სკოლებში, სადაც რელიგიური განათლება სავალდებულოა, უნდა განთავსდეს ჯვარცმა, თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა. რელიგიური სწავლების ლეგიტიმაცია ფუნდამენტური უფლების სახით უნდა გულისხმობდეს ეთიკის, როგორც სავალდებულო საგნის, შემოღებას. ეთიკას ასწავლიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რომელიმე სამართლებრივად აღიარებულ ეკლესიას ან რელიგიურ ერთობას, ან არ სურთ რელიგიის შესწავლა.

რელიგიის სწავლების ორგანიზება, განხორციელება და უშუალო კონტროლი შესაბამისი ეკლესიის ან რელიგიური ერთობის საქმეა. სახელმწიფოს უფლება აქვს, მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის სწავლებას სკოლის საორგანიზაციო და დისციპლინური სამეთვალყურეო ორგანოს მეშვეობით. აქედან გამომდინარე, რელიგიის სწავლების ორგანიზება ხდება რელიგიური ერთობების და არა სახელმწიფოს მიერ იმის მიუხედავად, რომ რელიგია, სხვა საგნების მსგავსად, სავალდებულო საგანია.

ყველა მოსწავლისთვის, რომლებიც სამართლებრივად აღიარებულ ეკლესიას ან რელიგიურ ერთობას განეკუთვნებიან, თავისი აღმსარებლობის რელიგიის სწავლება სავალდებულოა დაწყებით და საშუალო სკოლებში.

თოთხმეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები შეიძლება რელიგიის სწავლებისგან განთავისუფლდნენ მშობლების სურვილით, რის შესახებაც წერილობით უნდა აცნობონ სკოლის დირექტორს ყოველი სასწავლო წლის პირველი ათი დღის განმავლობაში. თოთხმეტ წელზე უფროსი ასაკის მოსწავლეები ამგვარ თხოვნას წერილობითი ფორმით თვითონ წარადგენენ.

რელიგიის სწავლების პროგრამებს ამტკიცებენ ეკლესიები და რელიგიური ერთობები, ხოლო განათლების სამინისტრო ინფორმირებული უნდა იყოს და გამოსცეს ისინი, თუმცა ეს მონაწილეობა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა, სახელმწიფოს თანხმობა არ არის აუცილებელი. ერთადერთი შეზღუდვა არის მოთხოვნა, რომ მხოლოდ ის წიგნები და სასწავლო მასალები შეიძლება გამოიყენონ, რომლებიც არ ეწინააღმდეგება პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის პრინციპს. რელიგიის სწავლების სახელმძღვანელოები ჩართულია სასკოლო პროგრამებში და სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული.

რელიგიის მასწავლებლები სახელმწიფო სკოლაში ინიშნებიან ფედერაციის, ფედერალური მიწის ან ეკლესიების და რელიგიური ერთობების მიერ. მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებიც მოიწონა შესაბამისმა ეკლესიამ ან რელიგიურმა ერთობამ, შეიძლება დაინიშნონ რელიგიის მასწავლებლებად.

ფინეთში რელიგიისა და ეთიკის სწავლება ბავშვთა ყოველდღიური რეჟიმის სავალდებულო ნაწილია. იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს ამ პროცესში, რელიგიურ განათლებას ფართო ქრისტიანული ხასიათი აქვს.

რელიგიური თავისუფლების კანონის და ამჟამად არსებული საგანმანათლებლო კანონის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლებში ყველა მოსწავლეს თავისი რელიგიური აღმსარებლობის შესაბამისი რელიგიური განათლების უფლება აქვს. განათლების კომუნალური სისტემა პასუხისმგებელია მის ორგანიზებასა და დაფინანსებაზე.

ფინელი მოსწავლეების უმეტესობას შეუძლია, მიიღოს განათლება ევანგელურ-ლუთერულ რწმენაში. ბავშვს რელიგიური განათლების მიღება შეუძლია საკუთარი რელიგიის თუ მიმდინარეობის მიხედვით, თუკი ზემოხსენებული რელიგია რეგისტრირებულია მას შემდეგ, რაც ფინეთში რელიგიური განათლება სავალდებულო საგნად გამოცხადდა. მოსწავლეები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არცერთ რელიგიურ ჯგუფს, შეისწავლიან რელიგიურ ეთიკას.

საფრანგეთი მკაცრი სეკულარიზაციის მოდელის ქვეყნად ითვლება. სახელმწიფო არ აღიარებს არც ერთ რელიგიას. აქ განსაკუთრებით მკაცრადაა გატარებული სკოლისა და რელიგიის გამიჯვნის პრინციპი.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აფინანსებს კერძო სასწავლო დაწესებულებებს, მათ შორის, რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, თუმცა აწესებს მკაცრ პირობებს, არ მოხდეს სტუდენტების იძულებითი ჩართვა რელიგიურ მიმართულებებში და არ განხორციელდეს მათი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.

2004 წლიდან აკრძალულია ისეთი სამოსის ან ნივთების ტარება, რომლებიც ხაზს უსვამს პირის რელიგიურ კუთვნილებას, თუმცა ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იქნეს განხილული.

სკოლაში ბავშვებს სთავაზობენ უფრო „ეთიკურ და სამოქალაქო“ განათლებას, ვიდრე „ეთიკურსა და რელიგიურს“. დაწყებით სკოლებში, 1882 წლის 28 მარტის კანონის შესაბამისად, კვირაში ერთი დღე თავისუფალი უნდა იყოს, რათა მშობლებს, რომელთაც სურთ, თავიანთ ბავშვებს რელიგიური განათლება სკოლის გარეთ მიაღებინონ, ამის საშუალება ჰქონდეთ. ეს არ უნდა ხდებოდეს სკოლის შიგნით.

ქვეყნის აღმოსავლეთის რეგიონებში, ელზასსა და ლოტარინგიაში, სახელმწიფო სკოლებში როგორც დაწყებითში, ასევე საშუალოში, რელიგიური განათლება ზოგადი სასწავლო პროგრამის ნაწილია. მასწავლებლებს ანაზღაურებას, ფაქტობრივად, უხდის სახელმწიფო, თუმცა შეწირულებები ხშირად ხდება საჭირო დაწყებით სკოლებში. მშობლებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, დაესწრონ თუ არა ამ მეცადინეობებს მათი შვილები. მოსწავლეთა შეფასებაში ნიშნებს არ ექცევა ყურადღება.

საბერძნეთში საჯარო სკოლის მოსწავლეები შეისწავლიან ბერძნული მართლმადიდებლური სარწმუნოების საფუძვლებს. დაწყებით და საშუალო სკოლებში რელიგიური განათლების კურსს ასწავლიან აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და ტრადიციების შესაბამისად. დაწყებით სკოლებში ასწავლიან მასწავლებლები, საშუალო სკოლებში _ თეოლოგიის კურსდამთავრებულები. ორივე მიეკუთვნება საჯარო მოსამსახურეების კატეგორიას. ისინი ხელფასს იღებენ სახელმწიფოსგან, ხოლო მათი დანიშვნის და სწავლების პროგრამის საკითხებს აკონტროლებს ეკლესია. რელიგიის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, არამართლმადიდებელი მოწაფეები არ არიან ვალდებულნი, დაესწრონ კურსებს. მშობლები ზრდიან თავიანთ შვილებს საკუთარი რელიგიური რწმენის შესაბამისად.

პოლონეთის სახელმწიფო სკოლებში რელიგიური განათლება ნებაყოფლობითია. მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას, დაესწრებიან მათი შვილები რელიგიის თუ ეთიკის მეცადინეობებს, თუ არა.

საყურადღებოა, რომ 2007 წლიდან რელიგიის (ან ეთიკის) მეცადინეობებზე მიღებული ქულა აისახება ქულათა საშუალო მაჩვენებელზე.

განათლების მინისტრის 1992 წლის დადგენილების შესაბამისად, თუ განსაზღვრული კონფესიის შვიდმა ან მეტმა მოსწავლემ ან მათმა მშობლებმა მოითხოვეს რელიგიის გაკვეთილების დანიშვნა, მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. თუკი განსაზღვრული კონფესიის მსურველ მოსწავლეთა რიცხვი მერყეობს სამსა და შვიდს შორის, რელიგიის სწავლება სკოლისა და რელიგიური გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება. თუკი მსურველ ბავშვთა რაოდენობა უფრო ნაკლებია, რელიგიის სწავლება შესაბამისი ეკლესიის დაწესებულებაში მოხდება.

ასევე, მათ ალტერნატივის სახით შეიძლება შესთავაზონ ეთიკის გაკვეთილები. ყველა შემთხვევაში, რელიგიის პედაგოგს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პედაგოგიური კვალიფიკაცია, რაც მითითებულია ხელშეკრულებაში, რომელიც იდება განათლების სამინისტროს, ეპისკოპოსთა კონფერენციასა და პოლონეთის ეკუმენურ საბჭოს შორის.

იტალიაში სახელმწიფო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხთან დაკავშირებით გნსხვავებული მდგომარეობაა, როდესაც საქმე ეხება, ერთი მხრივ, კათოლიკურ ეკლესიას და, მეორე მხრივ, სხვა კონფესიებს. კათოლიკურ რელიგიურ განათლებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო კისრულობს. დადგენილია მოსამზადებელ და დაწყებით სკოლებში რელიგიის კვირაში ორსაათიანი სწავლება, ხოლო უფროსი კლასებისთვის – ერთი საათის ხანგრძლივობით.

ყოველ წელს, მოსწავლეებისას ან საშუალო სკოლის დამთავრებამდე მშობლებმა უნდა განაცხადონ, სურთ თუ არა კათოლიკური რელიგიური განათლების მიღება თავიანთი შვილებისთვის შესაბამის კლასებში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მოწაფეებს შეუძლიათ, სხვა საგნებს დაეუფლონ ან ამ პერიოდის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ სკოლის შენობაში.

რელიგიის მასწავლებლებს არჩევს ეპარქიის ეპისკოპოსი იმ პირთა სიიდან, რომელთაც ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო დისციპლინებში კვალიფიკაციის სერტიფიკატი აქვთ და წარმატებით გაიარეს ეროვნული კონკურსი.

კათოლიკური რელიგიის სასწავლო პროგრამის შეთანხმება სკოლის თითოეული ტიპისთვის სახელმწიფო განათლების მინისტრსა და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარეს შორის ხდება.

ექვს კონფესიას, რომლებმაც ხელშეკრულება გააფორმეს იტალიის სახელმწიფოსთან, უფლება აქვთ თავიანთი კონფესიიდან მასწავლებლები მიავლინონ სახელმწიფო სკოლებში, თუკი მოსწავლეები, მშობლები ან სასკოლო ორგანიზაციები ითხოვენ ამა თუ იმ რელიგიის (მაგ., იუდაიზმი) სწავლებას ან ზოგადად „რელიგიის ფენომენის და მისი მნიშვნელობის“ შესწავლას

მალტის კონსტიტუციის მე-2 მუხლის მიხედვით, მალტის რელიგია არის რომაულ-კათოლიკური სამოციქულო რელიგია. რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ხელისუფალთა მოვალეობა და უფლებაა, ასწავლონ, რომელი პრინციპებია სწორი, რომელი _ არასწორი. რომაულ-კათოლიკური რელიგიის სწავლება უზრუნელყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო სკოლებში, როგორც სავალდებულო. 1974 წლიდან სავალდებულო სწავლის ასაკი თექვსმეტ წლამდე გაიზარდა და, შესაბამისად, კათოლიკური რელიგიის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ყველა სახელმწიფო დაწყებით და საშუალო სკოლაში. ეს არ ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის სავალდებულოა ამგვარი განათლების მიღება, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს და დააფინანსოს იგი.

სახელმწიფო გამოყოფს დოტაციებს რელიგიური სკოლებისთვის მათ მიერ უფასო სწავლების გასაგრძელებლად, ასევე, კათოლიკური რელიგიის საფუძვლების სწავლებისთვის სახელმწიფო სკოლებში.

ეს მუხლი ასევეე უზრუნველყოფს პარლამენტის, სასამართლოს, სახელმწიფო სკოლებისა და საავადმყოფოების შენობებში ჯვარცმის განთავსების სამართლებრივ საფუძველს. ლოცვა, რომელსაც წარმოთქვამს პარლამენტის მდივანი ყოველი საპარლამენტო სხდომის წინ, კათოლიკური ლოცვაა, ხოლო პარლამენტის სესიები იწყება მესით სულიწმიდის სახელზე წმ. იოანეს ტაძარში, რომელის თანამფლობელიც სახელმწიფოა. თანამდებობის პირების მიერ ფიცის დადების ფორმა, ჩვეულებრივ კათოლიკურია.


გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
TOLEDO GUIDING PRINCIPLES ON TEACHING ABOUT RELIGIONS AND BELIEFS IN PUBLIC SCHOOLS (PREPARED BY THE ODIHR ADVISORY COUNCIL OF EXPERTS ON PREEDOM OF RELIGION OR BELIEF), 2007

OFFICIAL WEBSITE OF THE EUROPEAN UNION – europa.eu/European-union/index_en

EUROPEAN COUNCIL, COUNCIL OF THE EUROPEAN UNION – consilium.europa.eu/en/European-concil/