საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

რელიგიის თავისუფლება ქართულ კანონდებლობაში

25 ოქტომბერი
%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0

  რელიგიის თავისუფლება ქართულ კანონდებლობაში

გამოცემა მომზადებულია კავშირი „21-ე საუკუნის” მიერ
გამოცემაზე მუშაობდა პაატა გაჩეჩილაძე
თბილისი 2013წ.

რელიგიის თავისუფლება

დღეისათვის საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არ არსებობს კანონი რელიგიის თავისუფლების ან რელიგიური გაერთიანებების შესახებ. ზოგად დებულებებს რელიგიის შესახებ გვაძლევს კონსტიტუცია. სხვა საკანონმდებლო აქტები კი არეგულირებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხი, რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური საქმიანობის მცნება, საგადასახადო საკითხები, რელიგიური მსახურება პენიტენციალურ სისტემაში, რელიგია და მედიცინა და ა.შ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 და მე-9 მუხლები უშუალოდ ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ მუხლებით დადგენილია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობის სამი პრინციპი – სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და ეკლესიის დამოუკიდებელობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

კონსტიტუციურ შეთანხმებას ნორმატიული აქტების იერარქიაში თავისი იურიდიული ძალით მეორე ადგილი უკავია. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ შეთანხმებას.

კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა. ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს ადამიანის სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

კონსტიტუციის 26-ე მუხლი არეგულირებს სხვადასხვა სახის, მათ შორის რელიგიური გაერთიანებების შექმნის უფლებას. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

კონსტიტუციის 38-ე მუხლი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

კონსტიტუციის 44-ე მუხლი აწესებს პირის ვალდებულებებს, ხოლო 45-ე მუხლი ავრცელებს ზემოაღნიშნულ უფლებებს იურიდიულ პირებზეც. შესაბამისად საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2002 წლის 17 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს პარლამენტმა იმავე წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით დაამტკიცეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება. იგი ძალაში შევიდა პარლამენტისა და წმინდა სინოდის მიერ მისი დამტკიცებისთანავე.

ხელშეკრულება მიუთითებს, რომ სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.

ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით). ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.

სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია, არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.

სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.

სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებში და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.

სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილი არიან განახორციელონ მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლება ნებაყოფლობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.

სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

ეკლესიის საკუთრება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ეკლესიის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.

ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.

სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები, მათი მოვლა პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიქვიების გარდა).

სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.

სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.

სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე.

აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და წმიდა სინოდის დამტკიცებით.

საქართველო მიერთებულია მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებს, ასევე იზიარებს რიგი საერთაშორისო დეკლარაციის მოთხოვნებს, რომლებიც შეიცავენ დებულებებს რელიგიის თავისუფლების შესახებ.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2, მე-18, 26-ე და 29-ე მუხლების მიხედვით დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, სახელდობრ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება

მოიცავს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის შეცვლის თავისუფლებას და თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში, ღვთისმსახურებასა და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ზრდისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“ პაქტის’მე-18 მუხლის თანახმად თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით. ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით, ქადაგებითა და სწავლებით. არავინ არ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას, ჰქონდეს და მიიღოს რელიგია ან მრწამსი საკუთარი არჩევანის მიხედვით. რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის, მორალისა და ცხადია, სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. წინამდებარე პაქტის ხელმომწერი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, პატივი სცენ მშობელთა და კანონიერ მეურვეთა უფლებას საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა.

პაქტის 28-ე მუხლის თანახმად შექმნილია ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელიც განიხილავს ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებულ სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

1993 წელს კომიტეტმა მიიღო ზოგადი ხასიათის შენიშვნები #22, რითაც განმარტა მე-18 მუხლის დებულებები.

კომიტეტმა მიუთითა, რომ მე-18 მუხლში მოცემული აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება გულისხმობს ნებისმიერი ტიპის აზრის, რელიგიის ან რწმენის ქონის თავისუფლებას, რათა აზრისა და სინდისის თავისუფლება თანაბრად იქნეს დაცული რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან ერთად. ეს მუხლი ასევე იცავს ადამიანის უფლებას, არ მისდიოს რომელიმე რელიგიას და საერთოდ არ იქონიოს მრწამსი. კომენტარში ფართოდ არის განმარტებული ტერმინები „რელიგია და რწმენა“ და გაცხადებულია, რომ მისი მოქმედების არე არ შემოიფარგლება ტრადიციული რელიგიებით, იმ რელიგიებით, რომლებიც სტრუქტურულად უკვე ჩამოყალიბებულია ან ტრადიციული რელიგიების მსგავსია. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის შეზღუდვა ან მოხდეს დისკრიმინაცია იმ მოტივით, რომ რომელიმე რელიგიური მიმდინარეობა უმცირესობაშია ან ახლად დაფუძნებულია, რაც უმეტესწილად რელიგიური უმრავლესობის მხრიდან მტრული დამოკიდებულების საგანია.

თუ რომელიმე რელიგია ქვეყანაში აღიარებულია სახელმწიფო ან ოფიციალურ რელიგიად, ან მისი მიმდევრები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაა, ამ ფაქტმა არ შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს იმ პირებზე,

რომლებიც წარმოადგენენ რელიგიურ უმცირესობას. პაქტის 27-ე მუხლის მიხედვით იმ ქვეყანაში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობები, პირებს, რომელნიც ასეთ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია, აგრეთვე ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე.

რელიგიის თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას, აღასრულოს თავისი მრწამსი როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, პრივატულად ან საჯაროდ. კულტის აღსრულება – ღვთისმსახურება – მოიცავს მოქმედებათა ფართო სპექტრს – რიტუალებს და ცერემონიებს, რომლებიც ადამიანთა მრწამსის გამოხატვას ემსახურება. მის სარეალიზაციოდ საჭიროა სალოცავი ადგილების აშენება და საკულტო საგნებისა და წეს-ჩვეულებების გამოყენების შესაძლებლობა. რელიგიისა და მრწამსის გამოხატვა გულისხმობს არა მხოლოდ გარკვეულ ცერემონიულ მოქმედებებს, არამედ გარკვეული ჩვეულებების დაცვასაც.

რელიგიის თავისუფლების რეალიზება მოიცავს რელიგიური სასწავლებლების დაარსების, სასულიერო პირების მომზადების, რელიგიური ლიდერების არჩევის უფლებას, ასევე რელიგიური მოძღვრების ქადაგებას და რელიგიური შინაარსის ტექსტების მომზადება-გავრცელებას. კომიტეტმა აღნიშნა, რომ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული რელიგიური მოძღვრების სწავლება ეწინააღმდეგება მე-18 მუხლს. სასწავლო პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ობიექტურობა და ნეიტრალურობა. აქ დასაშვებია რელიგიის ზოგადი ისტორიისა და ეთიკის სწავლება.

ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში რომელიმე რელიგიის აღიარებაზე ან რწმენის შეცვლაზე. ამასთან დაუშვებელია რაიმე სახის წნეხი, ფსიქიკური იძულება ან სასჯელის დაწესება ამგვარი არჩევანის დროს.

მე-18 მუხლი განასხვავებს აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას, რომელიც აბსოლუტურია და შესაბამისად, არასოდეს არ შეიძლება შეიზღუდოს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებისგან განსხვავებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აყალიბებს ისეთ პირობებს, როდესაც დასაშვებია რელიგიისა და რწმენის გამოხატვის შეზღუდვა. კერძოდ, ასეთი შეზღუდვა აუცილებლად კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდეს საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების, მორალის ან ჯანმრთელობის და სხვების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

კომიტეტმა მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი ვიწროდ განმარტა და შეზღუდვა დასაშვებად ჩაითვალა მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებიც მოცემულია მე-3 ნაწილში. იგი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ იმ მიზნებს, რომლებიც ამ პუნქტშია ჩამოთვლილი და ამასთან მისაღწევი მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

პირის უფლება – არ დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას, ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი თავისი არჩევანის მიხედვით, ასევე მშობელთა და კანონიერ მეურვეთა უფლება – საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა, არ შეიძლება შეიზღუდოს. სახელმწიფოთა ანგარიშები უნდა შეიცავდეს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განხორციელებული შეზღუდვების თაობაზე. ასევე იმ შედეგებზე, რომლებიც ამ შეზღუდვების განხორციელებამ გამოიწვია. სახელმწიფომ შეზღუდვების დებულებათა განმარტებისას უნდა გაითვალისწინოს პაქტით აღიარებული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი და შეზღუდვა განახორციელოს მხოლოდ ისე, რომ გათვალისწინებული იყოს პაქტის ზემოაღნიშნული მოთხოვნები.

პაქტის მე-20 მუხლის შესაბამისად ყოველგვარი გამოსვლა ეროვნული, რასობრივი თუ რელიგიური შუღლის სასარგებლოდ, რაც დისკრიმინაციის, მტრობისა თუ ძალადობის წაქეზებაა, უნდა აიკრძალოს კანონით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის“‘მე-2, მე-4 და მე-13 მუხლების მიხედვით ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ინდივიდუალური წესით და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის წესით, კერძოდ, ეკონომიკურ და ტექნიკურ დარგებში, არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მიიღოს ზომები, რათა თანდათან უზრუნველყოს ამ პაქტით აღიარებული უფლებების სრული განხორციელება ყველა მართებული საშუალებით, მათ შორის, საკანონმდებლო ღონისძიებათა მიღებით. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ამ პაქტით გამოცხადებული უფლებების განხორციელება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, როგორებიცაა: დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოების გამო.

პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას, ამასთანავე უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. ასევე თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას მისცეს შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას.

პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, თავიანთი ბავშვებისთვის აირჩიონ არა მარტო სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ გახსნილი სკოლები, არამედ სხვა სკოლებიც, რომლებიც შეესაბამება განათლების მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დაადგინოს ან დაამტკიცოს სახელმწიფომ, რათა უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაბამისად.

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებათა გამოყენების მხრივ, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია შემოიღოს ამ უფლებათა მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც განსაზღვრავს კანონი და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ესადაგება ამ უფლებათა ბუნებას, ამასთან მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

1981 წლის „რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციის და შეუწყნარებლობის ყველა ფორმის ლიკვიდაციის დეკლარაციის“ მიხედვით ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ნებისმიერი სახის რელიგიის ან შეხედულებების თავისუფლებას საკუთარი არჩევანის მიხედვით და თავისი რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლებას, ასევე შეხედულებების გამოხატვას როგორც ცალკე, ასევე სხვებთან ერთად საჯარო ან კერძო წესით კულტის აღსრულებაში, რელიგიური და რიტუალური წეს-ჩვეულებების და სწავლების შესრულებაში. არავინ არ უნდა განიცდიდეს ძალდატანებას, რომელიც ამცირებს მის თავისუფლებას, აირჩიოს რელიგია ან მრწამსი თავისი შეხედულებით.

რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლება ან შეხედულებების გამოხატვა ექვემდებარება მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობის და მორალის, ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.

არავინ არ უნდა განიცადოს დისკრიმინაცია რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე ნებისმიერი სახელმწიფოს ან დაწესებულების მხრიდან, ან პირთა ჯგუფებისგან და ცალკეულ პირთაგან. ამ დეკლარაციით გამოთქმა „შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამონაკლისს, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას, რომლებიც დამყარებულია რელიგიაზე ან შეხედულებებზე და მიზნად ან შედეგად ისახავს თანასწორობის საფუძველზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების აღიარების, გამოყენების ან განხორციელების მოსპობას ან შემცირებას. ადამიანთა დისკრიმინაცია რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე ადამიანის პიროვნული ღირსების შემლახველია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპების უარყოფაა. იგი დაგმობილია, როგორც დარღვევა ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, რომლებიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ადამიანის უფლებების საერთაშორისო პაქტებში, აგრეთვე დაგმობილია როგორც დაბრკოლება მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობისთვის სახელმწიფოებს შორის.

ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური ზომები რელიგიის ან შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარებით, განხორციელებითა და რეალიზაციით სამოქალაქო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. ყველა სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს კანონმდებლობის მიღებაზე ან გაუქმებაზე, როცა ეს აუცილებელია ნებისმიერი ამგვარი დისკრიმინაციის აკრძალვისთვის, აგრეთვე – ყველა შესაბამისი ზომის მიღებისთვის რელიგიის ან სხვა შეხედულებათა საფუძველზე შეუწყნარებლობის წინააღმდეგ საბრძოლველად ამ სფეროში. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევაში ბავშვის კანონიერ მეურვეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ ცხოვრების წესი ოჯახის ფარგლებში თავიანთი რელიგიის ან შეხედულებების მიხედვით, აგრეთვე ზნეობრივი აღზრდიდან გამომდინარე, რომელიც, მათი აზრით, უნდა მიიღოს ბავშვმა. ყოველ ბავშვს განათლების მიღების უფლება აქვს რელიგიის ან შეხედულებების სფეროში საკუთარი მშობლების ან შესაბამის შემთხვევაში კანონიერი მეურვეების სურვილის შესაბამისად და არ უნდა აიძულონ რელიგიის ან შეხედულებების სფეროში სწავლება საკუთარი მშობლების ან კანონიერი მეურვეების სურვილის წინააღმდეგ, ამასთან სახელმძღვანელო პრინციპი ბავშვის ინტერესებია. ბავშვი უნდა იყოს დაცული დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან. ის უნდა იზრდებოდეს გაგების, შემწყნარებლობის, ხალხებს შორის მეგობრობის, მშვიდობის და საყოველთაო ძმობის, რელიგიის ან შეხედულებების თავისუფლების მიმართ პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე სრულად აცნობიერებდეს, რომ მისი ენერგია და უნარი ეძღვნება სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის სამსახურს. თუკი ბავშვი არ არის თავისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების მზრუნველობის ქვეშ, მაშინ სათანადო წესით მხედველობაში იღებენ მათ მიერ გამოხატულ ნებას ან მათი ნების ნებისმიერ გამოვლენას რელიგიის ან შეხედულებების საკითხებში, ამასთან სახელმძღვანელო პრინციპად რჩება ბავშვის ინტერესები. რელიგიის ან შეხედულებების პრაქტიკამ, რომლითაც იზრდება ბავშვი, არ უნდა მიაყენოს ზიანი არც მის ფიზიკურ, არც გონებრივ ჯანმრთელობას და არც სრულ განვითარებას.

რელიგიის ან შეხედულებების თავისუფლების უფლება, მოიცავს შემდეგ თავისუფლებებს:

აღასრულოს კულტი ან შეიკრიბოს რელიგიასთან ან შეხედულებებთან დაკავშირებით და შექმნას და შეინახოს ამ მიზნისთვის ადგილები, შექმნას და შეინახოს შესაბამისი საქველმოქმედო ან ჰუმანიტარული დაწესებულებები, აწარმოოს, შეიძინოს და გამოიყენოს შესაბამისი მოცულობით აუცილებელი საგნები და მასალები, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ან რიტუალებთან, ან შეხედულებებთან, დაწეროს, გამოუშვას და გაავრცელოს შესაბამისი პუბლიკაციები ამ სფეროებში, ასწავლოს რელიგიის ან შეხედულებების საკითხები ადგილებში, რომლებიც ამ მიზნისთვის შესაფერისია, ითხოვოს და მიიღოს ცალკეული

პირებისა და ორგანიზაციებისგან ნებაყოფლობითი ფინანსური და სხვა შემოწირულობები, მოამზადოს, დანიშნოს, აირჩიოს ან მემკვიდრეობის უფლებით დანიშნოს შესაბამისი ხელმძღვანელები ამა თუ იმ რელიგიის ან შეხედულების მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად, დაიცვას დასვენების დღეები და აღნიშნოს დღესასწაულები, შეასრულოს წეს-ჩვეულებები რელიგიის და შეხედულებების დანაწესების მიხედვით, დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობა რელიგიის და შეხედულებების სფეროში ცალკეულ პირებთან და თემებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

„გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და გენოციდისთვის დასჯის საერთაშორისო კონვენცია“ დანაშაულად აცხადებს გენოციდს, ხოლო ამგვარ დანაშაულად აღიქვამს ქმედებას, რომელიც ჩადენილია რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსპობის მიზნით. კერძოდ:

ა) ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობა;
ბ) ასეთი ჯგუფის წევრებისთვის სხეულის სერიოზული დაზიანების ან გონებრივი ან ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა;
გ) რომელიმე ჯგუფისათვის ცხოვრების ისეთი პირობების განზრახ შექმნა, რომლებიც მიმართულია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისაკენ;
დ) ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია ასეთ ჯგუფში შობადობის მოსპობის ან შემცირებისაკენ;
ე) ბავშვების ძალდატანებით გადაცემა ადამიანთა ერთი ჯგუფიდან მეორისთვის. (მუხლი მე-2)

„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია“ რასობრივ დისკრიმინაციად მიიჩნევს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, კანის ფერის, საგვარეულო, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თანასწორობის ცნობის, გამოყენების ან განხორციელების მოსპობას, ან შელახვას. კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ აკრძალონ და აღმოფხვრან ნებისმიერი ფორმის რასობრივი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით შემდეგი უფლებების განხორციელებისათვის აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლების უფლება, მრწამსისა და მისი თავისუფლად გამოხატვის უფლება(მუხლი პირველი, მე-5)

„ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ ან ენობრივ უმცირესობების რიცხვს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვის დეკლარაციის“ მიხედვით უმცირესობების უფლებების დაცვა და რეალიზების ხელშეწყობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას იმ ქვეყნებში, რომლებშიც უმცირესობები ცხოვრობენ.

სახელწიფოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ და დაიცვან უმცირესობათა თავისთავადობა მათი ტერიტორიის ფარგლებში, რისთვისაც უნდა მიიღონ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომები. ეროვნულ,

ეთნიკურ, რელიგიურ ან ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებს უნდა მიეცეს საშუალება, განავითარონ საკუთარი კულტურა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი მრწამსი, დაიცვან და აღასრულონ რელიგიური წეს-ჩვეულებები როგორც კერძოდ, ასევე საჯაროდ. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეთ უფლება ინტეგრირებულნი იყვნენ კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

უმცირესობებს უფლება აქვთ, დააარსონ საკუთარი ორგანიზაციები, იქონიონ ურთიერთობა როგორც საკუთარ, ასევე სხვა უმცირესობას მიკუთვნებულ ჯგუფის წევრებთან. სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სრული და ეფექტური განხორციელების მიზნით გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რათა უზრუნველყონ კანონის წინაშე უმცირესობების სრული თანასწორობა(მუხლები მე-2, მე-4)

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ თანახმად, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას. მონაწილე სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ და უზრუნველყონ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლება, რომლებიც კონვენციითაა გათვალისწინებული, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა ვითარების განურჩევლად.

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას. მზრუნველობის ფორმის შეცვლის ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და კულტურული კუთვნილება, ასევე მშობლიური ენა. მონაწილე სახელმწიფოები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ბავშვის განათლება მიმართული უნდა იყოს თავისუფალ საზოგადოებაში ურთიერთგაგების, მშვიდობის, შემწყნარებლობის, ქალისა და მამაკაცის, ყველა ხალხის, ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა მიმართ თანასწორობისა და მეგობრობის სულისკვეთებით შეგნებული ცხოვრებისათვის მის მომზადებას. იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობები, ან პირები, მკვიდრ მოსახლეობას რომ ეკუთვნიან, ასევე ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობას ან მკვიდრ მოსახლეობას მიეკუთვნება, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე, რომ თავიანთი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ეზიარონ საკუთარ კულტურას, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე გამოიყენონ მშობლიური ენა(მუხლები პირველი, მე-2, მე-14, მე-20, 29-ე, 30-ე)

„პატიმართან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების“ მიხედვით იმ დაწესებულებებში, სადაც საკმარისი რაოდენობით არიან ერთი სარწმუნოების პატიმრები, უნდა დაინიშნოს ამ კულტის კვალიფიციური მსახური, ან მიეცეს მას იქ შესაბამისი რიტუალების ჩატარების უფლება. თუ ამგვარი პატიმრების რიცხვი საკმაოდ დიდია და არის შესაძლებლობა, ასეთი კულტის მსახური უნდა დაინიშნოს სრული განაკვეთით.

კულტის მსახურს, რომელსაც დანიშნავენ ან დაუშვებენ დაწესებულებაში ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაატაროს რელიგიური რიტუალები, ასევე რელიგიურ თემებზე სასაუბროდ გამოყოფილ დროს პერიოდულად განმარტოებით შეხვდეს თავიანთი სარწმუნოების წარმომადგენელ პატიმრებს. არ შეიძლება პატიმრის შეზღუდვა ნებისმიერი სარწმუნოების კვალიფიციურ წარმომადგენელთან ურთიერთობაში. მეორე მხრივ, თუ პატიმარი აპროტესტებს კულტის მსახურის ვიზიტებს, მისი პოზიცია სრული პატივისცემით უნდა იქნეს აღქმული.

შესაძლებლობის ფარგლებში ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს თავისი რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება. მას უნდა შეეძლოს დაწესებულებაში რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა და ჰქონდეს საჭირო რელიგიური ლიტერატურა. აუცილებელია ამ წესების მიუკერძოებლად გამოყენება. დაუშვებელია დისკრიმინაცია რასობრივი, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა მოსაზრებების, ეროვნული და სოციალური წარმომავლობის, ოჯახური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სოციალური სტატუსის საფუძველზე (წესი მე-6, 41-ე, 42-ე).

„განათლების სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კონვენციის“ მიხედვით დისკრიმინაცია” გულისხმობს ყოველგვარ განსხვავებას, გამონაკლისს, შეზღუდვას ან უპირატესობას… რელიგიის ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს განათლების სფეროში თანასწორობის დარღვევას.…სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეებს წარმოადგენენ, თვლიან, რომ მშობლებს, შესაბამის შემთხვევაში კი კანონიერ მეურვეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ ბავშვების რელიგიური და მორალური აღზრდა საკუთარი მრწამსის შესაბამისად. არავის ცალკე და პირთა არც ერთ ჯგუფს მთლიანად არ უნდა მოახვიონ თავს თავიანთ მრწამსთან შეუთავსებელი რელიგიური აღზრდა (მუხლები პირველი, მე-5).…

ადამიანის უფლებების დამცავი რეგიონალური სტანდარტები ხშირ შემთხვევაში ქმნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უფრო ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც პირს საშუალებას აძლევს, დარღვევისას მოითხოვოს სამართლიანი დაკმაყოფილება დამრღვევი სახელმწიფოსგან. აქ უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ევროპის საბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოს.

ევროპის საბჭოს მიზნები მოცემულია მის წესდებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ამ გაერთიანების მიზანია მიაღწიოს უფრო დიდ ერთობას თავის წევრებს შორის იმ იდეალებისა და მიზნების დაცვისა და განხორციელებისთვის, რომლებიც მათი საერთო მემკვიდრეობაა და ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. ამ მიზანს საბჭოს ორგანოებმა უნდა მიაღწიოს საერთო საკითხების განხილვით, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებზე შეთანხმებებით და საერთო ზომების მიღებით, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შენარჩუნებითა და შემდგომი განხორციელებით.

„ევროპის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-9 მუხლის მიხედვით ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას მარტო თუ სხვებთან ერთად, საჯაროდ და კერძოდ. თავისუფლებას, გამოამჟღავნოს თავისი რელიგია ან მრწამსი აღმსარებლობით, სწავლებით, რიტუალების შესრულებითა და დაცვით. ადამიანის რელიგიისა და რწმენის გამომჟღავნების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

ამასთან კონვენციაში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველასთვის ისეთი ნიშნებით დისკრიმინაციის გარეშე, როგორებიცაა: სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულება, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობა, ქონება, დაბადება ან სხვაგვარი სტატუსი (მე-14 მუხლი).

სახელმწიფო პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ ბავშვებისთვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შეეფერება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს (კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლი).

„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის“ მიხედვით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, შეუქმნან აუცილებელი პირობები იმ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, თავიანთი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, ასევე თავიანთი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს თავიანთ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირს შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.

მხარეები იღებენ ვალდებულებას, მიიღონ შესაბამისი ზომები იმ პირების დასაცავად, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ მუქარას ან დისკრიმინაციას, მტრულ დამოკიდებულებას ან ძალადობას თავიანთი ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისდა მიხედვით. მხარეები უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, აზრის და გამოხატვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების პატივისცემას, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ თითოეულ პირს, ვინც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება, გამოამჟღავნოს თავისი რელიგია ან რწმენა და შექმნას რელიგიური დაწესებულებები, ორგანიზაციები და ასოციაციები (მუხლები მე-6, მე-7, მე-8).

ეუთოს 2004 წლის რეკომენდაციები რელიგიისა და აღმსარებლობის კანონმდებლობის ანალიზისთვის იძლევა რეკომენდაციებს რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეალიზაციისათვის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება სპეციალური კანონმდებლობის საჭიროება არც იყოს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა გამოც სახელმწიფო იხილავს შესაძლებლობას ცალკეული კანონების მისაღებად. ხანდახან სახელმწიფო გვთავაზობს სპეციალური კანონმდებლობის მიღებას რელიგიის საკითხებთან დაკავშირებით იმ მოვლენების საპასუხოდ, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ვნებათაღელვას იწვევს. სინამდვილეში კი ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი ბერკეტებით. თუ, მაგალითად, რომელიმე რელიგიური გაერთიანება ჩართულია ძალადობაში, ამის საპასუხოდ რამე ახალი კანონმდებლობის მიღება სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება სულაც არ იყოს სიტუაციიდან გამოსავლის საუკეთესო საშუალება. ამგვარად, აქ საკითხი უნდა განვიხილოთ შემდეგნაირად: ძალუძს თუ არა ძირითად საკანონმდებლო აქტებს, გადაწყვიტოს საკითხი რაიმე ახალი სამართლებრივი აქტის გარეშე.

საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გულისხმობს ,,შეხედულებათა სფეროს~, რომელიც სახელმწიფოს გარკვეულწილად ნებას რთავს, მიიღოს კანონები ან გამოიყენოს პოლიტიკა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის ისტორიული ან კულტურული მემკვიდრეობიდან გამომდინარე. თუმცა ყოველივე ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმდენად ფართოდ, რომ ადამიანის უფლებათა ფასეულობანი შეილახოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა იყოს იდენტური, მათ უნდა ახასიათებდეს გარკვეული მოქნილობა, ეს მოქნილობა თავის მხრივ უნდა იცავდეს ძირითად თავისუფლებებს.

კანონმდებლობის ანალიზი იმის უზრუნველსაყოფად უნდა ტარდებოდეს, რომ ნებისმიერი განსხვავება რელიგიებს შორის იყოს განპირობებული ნამდვილად ობიექტური ფაქტორებით, ხოლო მიკერძოებული დამოკიდებულების შესაძლებლობა შემცირებული ან საერთოდ აღმოფხვრილი. კანონმდებლობა, რომელიც აღიარებს რომელიმე რელიგიის ისტორიულად განმსაზღვრელ როლს სახელმწიფოს ფორმირების ისტორიაში, დაიშვება იმ პირობით, თუ ის არ გახდება სხვათა დისკრიმინაციის საფუძველი.

დოკუმენტი დიდ ადგილს უთმობს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხს, კერძოდ:

  • რელიგიურ ორგანიზაციათა რეგისტრაცია თავისთავად არ უნდა იყოს სავალდებულო, თუმცა ამ ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის მოთხოვნის წაყენება შესაძლებელია უფლებაუნარიანობის შეძენის ან შეღავათების მისაღებად;
  • კერძო პირებს და პირთა ჯგუფებს უნდა მიეცეთ უფლება, იწამონ თავიანთი რელიგია რეგისტრაციის გარეშე, თუ მათ ასეთი სურვილი აქვთ, ან თუ მათ ეს სურთ;
  • უფლებაუნარიანობის შეძენამ არ უნდა დააწესოს ძალიან მაღალი მინიმალური მოთხოვნები რომელიმე ორგანიზაციაში წევრობისთვის;
  • არამართებულია რეგისტრაციისთვის ორგანიზაციას მოსთხოვონ სახელმწიფოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქმიანობა;
  • ძალზე დამამძიმებელი შეზღუდვები და შეფერხებები, რომლებიც წინ უძღვის უფლებაუნარიანობის მოპოვებას, უნდა დაექვემდებაროს საფუძვლიან ანალიზს;
  • არ უნდა დაუშვან დებულებები, რომლებიც ეხება სახელმწიფოს მხრიდან ძალზე ფართო უფლებამოსილებას _ დაამტკიცოს (ან დაეთანხმოს) გადაწყვეტილებები. ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი არამკაფიო კანონმდებლობის ან სხვა მიზეზებით (შედეგად) მკაცრად უნდა იყოს შეზღუდული;
  • დაუშვებელია რელიგიათა შიდა საქმეებში ჩარევა რელიგიური ორგანიზაციის სტრუქტურების ანალიზის მეშვეობით, ბიუროკრატიული კონტროლის დაწესებით ან რელიგიური დანიშვნების შეზღუდვით და ა.შ.;
  • დებულებები გამოყენებული წარსულ ქმედებებთან ან დებულებები რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ არსებული უფლებების დაცვას (მაგ. ახალი კრიტერიუმების შესაბამისად რელიგიური ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნა) უნდა დაექვემდებაროს საფუძვლიან ანალიზს;
  • ახალი წესების შემოღებისას აუცილებელია ადეკვატური გარდამავალი დებულებების შემუშავება;
  • დამოუკიდებლობის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ერთი რომელიმე რელიგიური ჯგუფი დაექვემდებაროს რომელიმე სხვას ან რელიგიური ორგანიზაციები დაექვემდებაროს განსაზღვრულ იერარქიას (რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეს

ვეტოს უფლება სხვა რელიგიურ დაწესებულებათა რეგისტრაციაზე).

კანონები, რომლებიც არეგულირებს უფლებაუნარიანობის შეძენას, უნდა იყოს იმგვარად სტრუქტურირებული, რომ შეძლოს უზრუნველყოფა ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ უფლებაუნარიანობაზე (მაგ. საბანკო ანგარიშების გახსნა, ქონების შეძენა საკუთრებისთვის ან რელიგიური რიტუალების აღსრულებისთვის, კონტრაქტების დადება, სარჩელის შეტანა სასამართლოში ან საშუალება, იყოს მოპასუხე სასამართლოში).

ბევრ იურიდიულ სისტემაში არსებობს დამატებითი იურიდიული საკითხები, ისინი ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რელიგიური ცხოვრების იმ ასპექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია უფლებაუნარიანობის მიღებასთან. მაგალითად, მიწით სარგებლობის ან სხვა სახელმწიფო ნებართვების მიღებასთან,

საზღვარგარეთის ქვეყნების რელიგიურ მოღვაწეთა (ლიდერთა), მშრომელთა, ვოლონტიორთა ქვეყანაში მოწვევის უფლება, საავადმყოფოებში, საპატიმროებსა და სამხედრო დაწესებულებებში ვიზიტებისა და მისიების ორგანიზების უფლება; საგანმანათლებლო (როგორც ბავშვთა საგანმანათლებლო, ასევე სასულიერო პირთა მოსამზადებელი) დაწესებულებების დაარსების, შექმნის უფლება, ცალკეულ რელიგიურ საქველმოქმედო ორგანიზაციათა შექმნის უფლება და ა.შ. მრავალ ქვეყანაში ზოგი რელიგიური ორგანიზაციისთვის სახელმწიფომ შეიძლება დაუშვას შეღავათების ფართო სპექტრი: გადასახადებისგან განთავისუფლებით დაწყებული, პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული. როგორც წესი, ნებისმიერი ზემოაღნიშნული პრივილეგიის მინიჭება არ ეწინააღმდეგება რელიგიის ან აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას. თუმცა აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგეთ ამ საკითხის გადაწყვეტას, რათა არ დაირღვეს არადისკრიმინაციული ნორმები.

ქართულ კანონმდებლობაში რელიგიურ საქმიანობასა და რელიგიური გაერთიანებების ცნებას განსაზღვრავს ,,საგადასახადო კოდექსი,,. ამ ნორმატიული აქტის მე-11 და 33-ე მუხლების მიხედვით რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის, ისეთი გზით, როგორიცაა რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და ჩატარება. მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები და სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დასაკმაყოფილებლად. რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების, სემინარების ორგანიზება, ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა. მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო ორგანიზაციების (საავადმყოფოები, თავშესაფრები, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლები) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.

რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს. ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსი ასევე ადგენს შეღავათებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ამ სამათლებრივი აქტის 99-ე და 168-ე მუხლების მიხედვით მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება. ასევე ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით. ხოლო ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა. ასევე პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების შესრულება.

წლების განმავლობაში რელიგიურ გაერთიანებებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, საშუალება ჰქონდათ თავიანთი საქმიანობა განეხორციელებინათ როგორც არარეგისტრირებულ კავშირებს, ან გაევლოთ რეგისტრაცია როგორც არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ან უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირებს. არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით რეგისტრაცია გაიარეს ზოგიერთმა რელიგიურმა გაერთიანებამ, მათ შორის: იეჰოვას მოწმეებმა, ორმოცდაათიანელთა ეკლესიამ, მეშვიდე დღის ადვენტისტებმა, ხსნის არმიამ და სხვ. თუმცა საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი ტრადიციული გაერთიანებებისათვის – ამიერკავკასიაში მუსლიმთა სამმართველოსათვის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, რომის კათოლიკური ეკლესიისათვის, ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიისათვის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესისათვის ამ ფორმით დარეგისტრირება მაინც მიუღებელი აღმოჩნდა.

2011 წლის 5 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს „სამოქალაქო კოდექსში“. კოდექსს დაემატა მუხლი 15091 რომლის თანახმად რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ეს არ ზღუდავს მათ უფლებას დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი კარის მეორე თავით. დღეის მდგომარეობით უმეტესი რელიგიური უმცირესობებისა სწორედ ამ სახით არის დარეგისტრირებული.

საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ როგორც ზოგადი ასევე კერძო ნაწილი შეიცავს ნორმებს რელიგიის თავისუფლების დარღვევის თაობაზე. კოდექსის ზოგადი ნაწილის #53 მუხლის მიხედვით დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. გარდა ამისა კოდექსის კერძო ნაწილის რიგი მუხლები ასევე დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის რელიგიური მოტივით ჩადენას. მაგალითად: განზრახ მკვლელობა (მუხლი 109-ე), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117-ე), ძალადობა (მუხლი 126-ე), მიცვალებულისადმი უპატივცემულობა (მუხლი 258-ე)

კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

155-ე მუხლის თანახმად ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კოდექსის 166-ე მუხლის მიხედვით პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. ხოლო 258-ე მუხლით ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად ან რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ან ძალადობით ან ძალადობის მუქარით ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კოდექსის 252-ე მუხლით ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გაერთიანებაში მონაწილეობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ხაზს უსვამს თანასწორობას კანონისა და სასამართლოს წინაშე. კოდექსის მე-9 მუხლში აღნიშნულია, რომ ყველა თანასწორია კანონისა და სასამართლოს წინაშე – რასის, ეროვნების, ენის, სქესის, სოციალური წარმოშობის, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, რწმენის, აგრეთვე სხვა გარემოებების მიუხედავად. ამასთან ამ ნორმატიული აქტით დაცულია აღსარების საიდუმლოება. კოდექსის 95-ე მუხლის მიხედვით არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ სასულიერო პირი იმ გარემოებათა შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად.

საქართველოს „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 153-ე მუხლი ცნობს რელიგიურ ფიცს. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 371-ე’ მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე შემდეგნაირად მიმართავს მოწმეს: „დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ თქვენ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერი დაგიმალავთ“. ამაზე მოწმე უპასუხებს: „ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.

საქართველოს ,,პატიმრობის კოდექსისა,, და მის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი ტიპის პატიმრობის ანუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, პატიმარი/მსჯავრდებული სარგებლობს მისი რელიგიური მრწამსის რეალიზაციის უფლებით თავისუფლებაშეზღუდული მდგომარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ღონისძიებებში, ისევე როგორც შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს რელიგიური ლიტერატურა(მუხლი მე-14, მუხლი 20-ე)

„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ’’ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის #187 ბრძანება ცალკე აწესრიგებს ბრალდებულის|მსჯავრდებულის მიერ რელიგიური რიტუალების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები (შემდგომში დაწესებულება) ქმნიან პირობებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით.

შეხვედრაზე თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგძლივობა. ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს.

ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას.

საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ,, ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

კანონის მიხედვით არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მშვიდობიან პერიოდში გაიწვევენ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე.

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური თავისი ხასიათით უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში არსებულ სირთულეებს. მისი ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ გაწვევით სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას.

მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებით.

მოქალაქე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის შემდეგ სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:

ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში;
ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე;
გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ;
დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში;
ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში.

არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე. (მუხლები პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-14) კანონის „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ მიხედვით სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღიაროს ნებისმიერი რელიგია, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისათვის.

სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ისარგებლოს კულტურის დაწესებულებებით. სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურის პატრიოტული, ზნეობრივი და ესთეტიკური აღზრდისათვის, განუვითაროს გონივრული ინიციატივა, ჩაუნერგოს მას ეროვნული ტრადიციებისადმი, რელიგიისადმი, უფროსებისა და უმცროსებისადმი პატივისცემა. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი სამხედრო უწყებისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯზე სარგებლობს ბიბლიოთეკებითა და სამკითხველოებით, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით, კინო და ვიდეოფილმებით, აგრეთვე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და თვითშემოქმედებით ღონისძიებებში (მუხლები მე-7, მე-18)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის #583 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი’’ რომლის მე-6 მუხლის თანახმად თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით. მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საშტატო ნუსხით შესაძლებელია განისაზღვროს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობები, რომლებზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირი. შესაძლებელია შემოღებულ იქნეს სპეციალური თანამდებობები (სპორტსმენი, მწვრთნელი, კაპელანი და ა.შ.), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

რიგი კანონები მედიცინის სფეროში შეიცავენ დებულებებს რელიგიური უფლებების დაცვის შესახებ. კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 112-ე, 118-ე, 151-ე და 153-ე მუხლების მიხედვით დაუშვებელია სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მისი (მათი) ამგვარად გამოყენება შელახავს გარდაცვლილის რელიგიურ შეხედულებებს.

საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია გვამის სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენების შემდეგ უზრუნველყოს მისი დაკრძალვა დადგენილი წესით.

თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი შესაფერი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, ამასთან მას სიცოცხლეში არა აქვს გაცხადებული თანხმობა ან უარი გაცემაზე და არ არის საფუძველი იმის დასაშვებად, რომ გაცემა ეწინააღმდეგება მის რელიგიურ რწმენას, ეთიკურ პრინციპებს, ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ გარდაცვლილის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. თუ ამ უკანასკნელთა მოძიება ვერ მოხერხდა, გვამიდან ორგანოების აღება არ შეიძლება.

სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება.

პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთას ახორციელებს სათანადო სერტიფიკატის მქონე ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ფლობს სათანადო საქმიანობის ლიცენზიას. გაკვეთა აუცილებელია, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

კანონის „პაციენტის უფლებების შესახებ“ მე-6 და მე-15 მუხლების მიხედვით პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო აკრძალულია. ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით პაციენტის უფლებების შეზღუდვის პირობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.

პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი ღირსების, ტრადიციების, აღმსარებლობისა და პიროვნული ფასეულობების პატივისცემა.

კანონის „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ მე-9 მუხლის მიხედვით მხოლოდ სამსახურებრივი ან ოჯახური კონფლიქტი, შეუთავსებლობა საზოგადოებაში არსებულ მორალურ, რელიგიურ, კულტურულ ან პოლიტიკურ შეხედულებებთან არ შეიძლება გახდეს პირისათვის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის საფუძველი.

კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მიხედვით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:

ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;
გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;
დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას –თავისუფალი და დამოუკიდებელი;
ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, რომელთა დარღვევაც იწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. (მე-6 და 38-ე მუხლები)

საქართველოს „შრომის კოდექსის“ მიხედვით შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

ამ კოდექსის მიხედვით უქმე დღეებად მიჩნეულია მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაულები 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე, 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე, სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია), 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის

– წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა), 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე, 23 ნოემბერი

– გიორგობის დღე. მუხლები(მე-2 და 20-ე)

კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოში უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო სხვა ზომებთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით. ამასთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები(მუხლი მე-3)

კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ მიხედვით სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანი განათლების სფეროში მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნაა. ამისათვის სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.

დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.

დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.

ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება(მუხლები 3-13)

კანონის „მაუწყებლობის შესახებ’’ თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის. პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება.

იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

იკრძალება რელიგიური ცერემონიის ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ(მუხლები მე-16, 56-ე, 64-ე)

კანონი „რეკლამის შესახებ’’ ცნობს არაეთიკურ რეკლამას. ასეთად მიჩნეულია რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს (მუხლი მე-3)

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ აყალიბებს შემდეგ სამაუწყებლო პრინციპებს: მიუკერძოებლობა და ზუსტი ინფორმაციის უზრუნველყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტთა პროფესიული თავისუფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის უზრუნველყოფა, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ინტერესსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე;

პოლიტიკური, ნებისმიერი სახის დაპირისპირების ამსახველი ან მიმდინარე საჯარო პოლიტიკის საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს დებატები, არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა.

მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა. მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.

მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი.

მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება.

თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით(მუხლები მე-3, მე-16, 31-ე, 32-ე, 33-ე)

კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’’ მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება(მუხლი 36-ე).

კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი ნიშნავს მონაცემს, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლეობასთან, ასევე ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ზემოაღნიშნული ნიშნებით.

აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. ეს აკრძალვა არ მოქმედებს, თუ:

ა) მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის მიერ შრომითი ვალდებულების შესრულებისათვის ან მასთან დაკავშირებული უფლების განხორციელებისათვის;
დ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, განაცხადოს თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე;
ე) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის;
ვ) მონაცემთა დამუშავება ხორციელდება ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან სავაჭრო გაერთიანების, ასოციაციის ან სხვა არაკომერციული ორგანიზაციის მიერ. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ ორგანიზაციასთან.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა მესამე პირისათვის გამჟღავნება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე(მუხლები მე-2, მე-6)

კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ თანახმად, კულტურულ ფასეულობად მიჩნეულია შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება.

„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული ნაგებობის შემთხვევაში მინისტრის ბრძანება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოების შესახებ უნდა შეთანხმდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან (მუხლები მე-3, 34-ე)

კანონის „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ’’ მიხედვით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავდებული იყო სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევაში, რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფაში.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს, საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას

პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს.

ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება ამ კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ფულადი კომპენსაციის ოდენობას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ადგენს სასამართლო (მუხლები მე-4, მე-9)

კანონის „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ’’

შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელებად ან გეოგრაფიულ აღნიშვნად არ რეგისტრირდება სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციას, ზნეობრივ ნორმებს (მუხლი მე-5).

კანონის „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ მიხედვით სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს (მუხლი 4)