საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის საეპისკოპოსო საბჭოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

28 მაისი
კატეგორია: სიახლენი,
%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1

ა.წ. 28 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) სხვადასხვა ქვეყნების ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის (ELKRAS) საეპისკოპოსო საბჭოს თავმჯდომარე, ეპისკოპოსი ალექსანდერ შაიერმანი, ამავე საბჭოს წევრები, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და მაღალი რანგის სასულიერო პირები მიიღეს.

სტუმრებმა პატივისცემა გამოხატეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ და მადლიერებით აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოღვაწეობენ და გრძნობენ გულთბილ სტუმართმოყვარეობას.

ლუთერული მსოფლიო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, არქიეპისკოპოსმა ურმას ვიილმამ აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მიბაძვით თვითონაც დაიწყო მესამე და შემდგომი შვილის მონათვლა თავის ეპარქიაში და რომ შობადობამ იქაც იმატა.

მეუფე შიომ ხაზი გაუსვა სახარებისეული იდეალების ქადაგების აუცილებლობას და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გაძლიერებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ბიძა იყო საქართველოში გერმანელთა სათვისტომოს პირველი დამაარსებელი და ამდენად, შეხვედრა მაღალი რანგის ლუთერან სასულიერო პირებთან, მისთვის ფრიად სასიამოვნოა.

მეუფე თეოდორეს განცხადებით, ისტორიულად საქართველო არის მაგალითი შემწყნარებლობისა. დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილია რელიგიათაშორისი საბჭო, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.